Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში შეტაკებები იყო ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებსა და მთავრობის მომხრეებს შორის


პოლიცია ბელგრადში აკავებს მასობრივი არეულობების მონაწილეს. 2025 წლის 14 აგვისტო
პოლიცია ბელგრადში აკავებს მასობრივი არეულობების მონაწილეს. 2025 წლის 14 აგვისტო

ბელგრადში, ნოვი-სადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში შეტაკებები მოხდა ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებსა და პრეზიდენტ ვუჩიჩის მომხრეებს და პოლიციას შორის. ხელისუფლების მონაცემებით, ყველა მხრიდან დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

დაპირისპირება 13 აგვისტოს საღამოდან დაიწყო და შუაღამის შემდეგაც გაგრძელდა. ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და პრეზიდენტ ვუჩიჩის „პროგრესული პარტიის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ბელგრადში, ნოვი-სადსა და სხვა ქალაქებში პარტიის ოფისებთან იყვნენ შეკრებილი.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები და მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პიროტექნიკა, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და არეულობების არაერთი მონაწილე დააკავა.

დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

სერბეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ქალაქ ნოვი-სადში ერთმანეთის წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს
სერბეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ქალაქ ნოვი-სადში ერთმანეთის წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც ღამით ბელგრადში, პარტიის ოფისთან მივიდა, განაცხადა, რომ მხოლოდ ქალაქ ნოვი-სადში დაშავდა 64 ადგილობრივი მცხოვრები და 5 პოლიციელი.

სააგენტო Tanjug-ს მოჰყავს ვუჩიჩის სიტყვები, რომ აუცილებელია „სამოქალაქო ომის“ აღკვეთა და „ხულიგნებისა და მკვლელებისგან“ ბელგრადის და ნოვი-სადის ქუჩების „გაწმენდა“.

სერბეთის პოლიციის თანახმად, მხოლოდ ქალაქ ვრბასში შეტაკებების შედეგად დაშავდა 16 პოლიციელი და 50 დემონსტრანტი.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეები და პოლიციელები ბელგრადში, სერბეთის პარლამენტის შენობასთან. 2025 წლის 13 აგვისტო
ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეები და პოლიციელები ბელგრადში, სერბეთის პარლამენტის შენობასთან. 2025 წლის 13 აგვისტო

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადის ახალგარემონტებული რკინიგზის სადგურის ბეტონის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეებმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს და ქალაქ ნოვი-სადის მერის და სერბეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათ თანამდებობები საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დატოვეს, თუმცა აქციები გაგრძელდა ახალი არჩევნების მოთხოვნით.

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არ აღელვებს და მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG