16 დღეა, მსოფლიო თვალყურს ადევნებს 47 წლის ალპინისტი ქალის დრამას ტიან-შანის მთებში, ზღვის დონიდან 7100 მეტრზე, ბევრი ალპინისტისთვის საბედისწერო „გამარჯვების პიკზე“. სპორტსმენმა მწვერვალიდან დაშვებისას ფეხი მოიტეხა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ძნელად მისადგომ ადგილზე, -20 გრადუსსა და ძლიერ ქარში დარჩენილი ქალის გადარჩენის სამი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ალპინისტის კარავი, რომელშიც ის მთამსვლელთა ჯგუფის წევრებმა დატოვეს, პირველად 19 აგვისტოს დაათვალიერეს დრონის საშუალებით.
დრონიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს ქარიშხლისგან დაგლეჯილი კარავი, რომლის ერთ, აწყვეტილ კალთას ქარი აფრიალებს. ალპინისტის შვილმა მიხაილ ნაგოვიცინმა სწორედ ამ ვიდეოზე დაყრდნობით მიმართა რუსეთის მთავრობას, დახმარებოდნენ სამაშველო ღონისძიებების გაგრძელებაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ დედაჩემი ახლა კიდევ ცოცხალია“, — დაწერა მან 25 აგვისტოს სოციალურ ქსელში და იქვე დაურთო დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც თითქოს მოჩანს მოძრავი ფიგურა. „ვიდეოზე მკაფიოდ ჩანს, რომ კავშირის გაწყვეტიდან შვიდი დღის შემდეგ ის ენერგიულად აქნევს ხელს, სავსეა ძალებით“, - ამტკიცებდა ალპინისტი ქალის 27 წლის შვილი, რომელმაც რუსეთის გენპროკურორს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის ელჩს ყირგიზეთში სასოწარკვეთილი თხოვნით მიმართა — ტერიტორიის აეროგადაღებით ის მაინც გაარკვიონ, ცოცხალია თუ არა დედამისი.
„სასურველი ამინდი მხოლოდ მომდევნო ორ დღეს შენარჩუნდება. ამის შემდეგ სამაშველო ოპერაცია შეუძლებელი გახდება“, - დაწერა მიხაილ ნაგოვიცინმა.
27 აგვისტოს თერმული კამერებით ავიაგადაღებისას კარავში სიცოცხლის ნიშანი აღარ ჩანდა.
რა მოხდა "გამარჯვების პიკიდან" დაშვებისას
ალპინისტი ქალი, როგორც მისი შვილი მიხაილი ამბობს, ოცნებობდა მიეღო „თოვლის ჯიქის“ ნიშანი - არაოფიციალური ტიტული ალპინისტებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე ხუთი 7000-მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისათვის. ნაგოვიცინა ხუთიდან სამ მწვერვალზე იყო ნამყოფი რუს და უცხოელ ალპინისტებთან ერთად. ამჯერად მასთან ერთად ჯგუფში იმყოფებოდნენ შემდეგი ალპინისტები: რუსი რომან მოკრინსკი, გერმანელი გიუნტერ ზიგმუნდი და იტალიელი ლუკა სინიგილია.
ჯგუფმა წარმატებით დალაშქრა მწვერვალი და 12 აგვისტოს დაიწყო უკან დაშვება. ტრაგედია სწორედ დაშვებისას მოხდა, ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე - შავ კლდეზე, - რომლის ძირშიც არაერთი ალპინისტის ცხედარი განისვენებს.
წინ გერმანელი და იტალიელი მიდიოდნენ, ნატალია სულ ბოლოში იდგა და რომან მოკრინსკის აზღვევდა. სწორედ რომანი მოწყდა და თან გაიყოლა ნატალია, თუმცა დაზღვევამ იმუშავა. რომან მოკრინსკიმ მხოლოდ სხეულის დაჟეჟილობა მიიღო, ქალმა კი ფეხი მოიტეხა და გადაადგილების უნარი დაკარგა. ნატალიას ნაცნობი ალპინისტები აღნიშნავენ, რომ მას მაისშიც ჰქონია ფეხი მოტეხილი. „ასეთი ტრავმის შემდეგ მთაში სიარული მინიმუმ ერთი წელი არ შეიძლება. ის კი სამ თვეში წავიდა. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ხელმეორედ მოტეხილობის მიზეზი“, - წერენ ალპინისტები სოციალურ ქსელებში.
საკვები, წყალი, საძილე ტომარა და კარავი ნატალიას იტალიელმა ლუკა სინიგილიამ მიუტანა. გერმანელმა და იტალიელმა ალპინისტებმა ორჯერ სცადეს ფეხმოტეხილი ქალის ჩამოყვანა, თუმცა უშედეგო მცდელობების შემდეგ გიგანტური ქვის ძირში გაშალეს კარავი, ქალი თბილად შეფუთნეს, საძილე ტომარა, გამათბობელი და გაზის ბალონი დაუტოვეს და შემდეგ ძირს დაეშვნენ. თუმცა ალპინისტები ქარიშხალში მოყვნენ და გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. ლუკა სინიგილია ორი დღის შემდეგ 6900 მეტრის სიმაღლეზე დაიღუპა (სავარაუდოდ, ჰიპოთერმიით პროვოცირებული ტვინის შეშუპებისგან), გიუნტერ ზიგმუნდი და რომან მოკრინსკი კი მაშველებმა გადაარჩინეს (ბიშკეკში გადაიყვანეს). იტალიელი ალპინისტის ცხედარი დღემდე რჩება 6900 მეტრის სიმაღლეზე, ყინულის ერთ-ერთ გამოქვაბულში.
ყირგიზეთის მთამსვლელობის ფედერაციის პრეზიდენტის, ედუარდ კუბატოვის განმარტებით, 5000 მეტრ (და მეტ) სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ საგანგებოდ გაწვრთნილ სპეციალისტებს შეუძლიათ:
„მაღალ მთაში მხოლოდ ალპინისტებს შეუძლიათ ალპინისტების გადარჩენა. რადგან მხოლოდ ისინი არიან მიჩვეული ასეთ სიმაღლეებზე ასვლას, მხოლოდ მათ იციან ეს მარშრუტები. გარდა ამისა, ეს საქმე მოითხოვს სპორტული მომზადების უმაღლეს დონეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ სიმაღლეზე ადამიანის გადარჩენა მხოლოდ პროფესიონალ მთამსვლელებს (ალპინისტებს) შეუძლიათ. არც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლიათ სამაშველო ოპერაციების ჩატარება 5000 მეტრსა და მეტ სიმაღლეზე“.
ყირგიზეთში ნატალია ნაგოვიცინა ივლისის ბოლოს გაემგზავრა. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ისარგებლა ტუროპერატორ Ak-Sai Travel-ის მომსახურებით. გამოცემა АиФ-ის მონაცემებით, ალპინისტთა ჯგუფს ჰყავდა გამყოლი. სხვა ვერსიით — გამყოლი არ ყოფილა. „Ak-Sai Travel-ს უკვე დიდი ხანია აღარ დაჰყავს ალპინისტები "გამარჯვების პიკზე“, — ამბობს ალპინისტი პაველი, ნაგოვიცინას ნაცნობი. ამასვე ადასტურებს ტუროპერატორის ვებსაიტიც.
დაწყევლილი ოჯახი?
47 წლის რუსი მთამსვლელის „გამარჯვების პიკზე“ „გაჭედვის“ ინფორმაცია 16-17 აგვისტოს გავრცელდა. ამ დროიდან მოყოლებული რუსულ და ყირგიზულ მედიაში ბევრს გაახსენდა 2021 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედია, რომლის მონაწილეებიც ნატალია ნაგოვიცინა და მისი ალპინისტი ქმარი, სერგეი ნაგოვიცინი, იყვნენ. ნატალია და სერგეი მაშინ ასევე ტიან-შანში ლაშქრავდნენ კიდევ ერთ შვიდიათასიან მწვერვალ ხან-თენგრის, თუმცა მწვერვალამდე რამდენიმე ასეულ მეტრში სერგეის ინსულტი დაემართა. საბაზო სადგურიდან რაციით დაკავშირებული მაშველები ნატალიას ურჩევდნენ, დაეტოვებინა გონებადაკარგული ქმარი და თავის გადარჩენაზე ეზრუნა, რადგან დიდი იყო ზვავითა და ჰიპოთერმიით დაღუპვის საფრთხე, თუმცა ქალმა უარი თქვა ქმრის მიტოვებაზე - თოკით მიიბა სხეულზე და ისე დაელოდა მაშველების მისვლას, შემდეგ კი მათთან ერთად დაიწყო ქმრის ევაკუაცია, თუმცა ალპინისტებმა მხოლოდ 400 მეტრის გავლა შეძლეს. საბოლოოდ იძულებული გახდნენ, სერგეი (რომელიც კვლავ უგონოდ იყო და აბოდებდა) მთაში დაეტოვებინათ. როდესაც მაშველები მის წასაყვანად დაბრუნდნენ, იმ ადგილზე არავინ დახვდათ. სავარაუდოდ, დელირიუმში მყოფმა ალპინისტმა შეიხსნა უსაფრთხოების ღვედი და გადაიჩეხა.
„კარაბინი არ შეუხსნია, ღვედი მოიხსნა. არ ვიცი რა მოხდა, შესაძლოა, რამე მოეჩვენა... ვერ ვხვდები სად წავიდა. იქნებ უკეთ გახდა და გაცოცდა? ცოცვა ჯერ კიდევ შეეძლო, მაგრამ გონზე არ იყო და ვერ ხვდებოდა, სად იმყოფებოდა“, - თქვა ნატალია ნაგოვიცინამ 2022 წლის აგვისტოში ქმრისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში.
სერგეი ნაგოვიცინის ცხედარი დღემდე არ უპოვიათ, თუმცა ორი წლის შემდეგ თვითონ ნატალია დაბრუნდა ხან-თენგრიზე და ქმრის დაღუპვის ადგილზე მემორიალური დაფა დაამაგრა.
ჭირვეული ამინდი და მაშველთა უიღბლობა
სამაშველო ოპერაცია უბედურ შემთხვევათა ჯაჭვად იქცა. 16 აგვისტოს ყირგიზეთის თავდაცვის პირველი ვერტმფრენი Ми-8, რომელიც ალპინისტი ქალის დასახმარებლად გაფრინდა, უღელტეხილ „დიკიზე“ დაშვებისას ქარმა დაატრიალა და მიწაზე ხისტად დაეშვა. ორმა მაშველმა ზურგისა და მენჯის მოტეხილობა მიიღო, დაშავდა პილოტიც. ტრავმა მიიღო ალპინისტმა ვიტალი აკიმოვმაც. მეორე ვერტმფრენმა დაშავებულები წაიყვანა. დრონის საშუალებით მაშველები დარწმუნდნენ, რომ ნატალია ცოცხალი იყო, მაგრამ მასთან ფეხით მისვლას რამდენიმე დღე სჭირდებოდა.
19 აგვისტოს სამაშველო ჯგუფი აკიმოვის ხელმძღვანელობით ვერტმფრენით დაეშვა სამხრეთ ენილჩეკის საბაზო ბანაკში, რომელიც 4050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 6500 მეტრის სიმაღლეზე ვიტალი აკიმოვს ზურგის ტკივილი გაუძლიერდა, რის შემდეგაც მაშველებმა დაბრუნება გადაწყვიტეს. საბაზო ბანაკის ხელმძღვანელმა, დიმიტრი გრეკოვმა, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციები შეჩერდა.
19 აგვისტოსვე ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო თვითმფრინავი ექვსჯერ გაფრინდა და ჟენიშისა და ხან-თენგრის მწვერვალებიდან 60-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. ალპინისტები, მაშველები და ტურისტები ევაკუირებულნი იყვნენ „სამხრეთ ენილჩეკისა“ და „პოლიანის“ ბანაკებიდან, ასევე გამოიტანეს რუსი ალპინისტის, ალექსეი ერმაკოვის ცხედარი, რომელიც ხან-თენგრიზე 16 აგვისტოს დაიღუპა.
დმიტრი გრეკოვმა თქვა, რომ მაღალმთიანეთის მკაცრ პირობებში ფეხმოტეხილი ალპინისტი ქალის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, მაგრამ ოფიციალურად მისი გარდაცვლილად გამოცხადება შეუძლებელია. „ვიცით სად წევს. მასთან მისასვლელი გზა არ არსებობს“, - თქვა მან და დასძინა, რომ 2026 წლის ზაფხულამდე ვერავინ მივიდოდა იმ ადგილამდე. მისი თქმით, „ალპინიზმის მთელი ისტორიის განმავლობაში "გამარჯვების პიკიდან" ხელით არავინ ჩამოუყვანიათ. ხელით ჩამოყვანა არარეალურია, მხოლოდ ვერტმფრენით, მაგრამ ყირგიზეთში ასეთი ვერტმფრენები არ გვყავს“.
ბოლო იმედად რჩებოდნენ იტალიელი მფრინავები და მათი ევროკოპტერი, თუმცა უამინდობის გამო მათ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. 25 აგვისტოს საბაზისო ბანაკის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ძებნას წყვეტდნენ.
„დღეს სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მეტი მცდელობა აღარ იქნება. ჩვენთან იყვნენ იტალიელი პილოტები, რომელთაც კიდევ უნდოდათ ეცადათ ევროკოპტერით ასვლა, მაგრამ გაფრენა ვერ მოახერხეს. ამინდმა არ მისცა ამის საშუალება. მათ ჰქონდათ გამოცდილება ალპებში და ჰიმალაიში ფრენის, მაგრამ არა ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, ყველაფერი დასრულდა“, — განაცხადა საბაზისო ბანაკ „სამხრეთ ინილჩეკის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი გრეკოვმა.
„მანამდე, ვიდრე ნაგოვიცინას არ იპოვიან, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩაითვლება“, — თქვა რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ პიატნიცინმა.
მაინც უგზო-უკვლოდ დაკარგული
ნატალია ნაგოვიცანას შვილის, მიხაილის მიმართვამ რუსეთის ხელისუფლებისადმი, თითქოს ახალი სიცოცხლე შთაბერა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას.
27 აგვისტოს, რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ-პოლკოვნიკ კამჩიბეკ ტაშიევის დავალებით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ჩატარდა ყოვლისმომცველი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
„შედეგად, მიუხედავად ექსტრემალური ამინდისა, მათ შორის ძლიერი ქარისა, მოხერხდა აერომონიტორინგის ჩატარება თერმული კამერით. მიღებული მონაცემების ანალიზისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ექსტრემალური კლიმატური პირობებისა (ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა -23-დან -19-მდე) და მდებარეობის სირთულისა, ალპინისტის ადგილსამყოფელთან სიცოცხლის ნიშნები ვერ იქნა აღმოჩენილი. აეროგადაღებამ ვერ გამოავლინა იმის ნიშნები, რომ რუსი ალპინისტი ნატალია ნაგოვიცინა ცოცხალია“, - ნათქვამია ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასკატ ალაგოზოვმაც განაცხადა, რომ ნატალია ნაგოვიცინას გადარჩენაში საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, საერთაშორისო მაშველები და ალპინისტები იყვნენ ჩართულნი. გარდა ამისა, მთამსვლელის მდგომარეობის მონიტორინგისთვის გამოყენებული იქნა სამხედრო დრონი.
„მაშველების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, მთამსვლელის ექსტრემალური სიმაღლიდან ევაკუაცია ვერ მოხერხდა. ნატალია ნაგოვიცინასთან მისვლა არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო რთულია“, - დაწერა ასკატ ალაგოზოვმა.
"გამარჯვების პიკი" - ჟენიშ-ჩოქუსუ
"გამარჯვების პიკი" ტიან-შანის მთათა სისტემის ყველაზე მაღალი მწვერვალია (7439 მ), რომელიც მდებარეობს ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, ქოქშაალთაუს ქედზე, ისიქ-ქოლის ტბიდან აღმოსავლეთით, ხან-თენგრიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ-ში. კალთებზე მძლავრი მყინვარებია.
ყირგიზეთის ალპინიზმის ფედერაციის პრეზიდენტის, ედუარდ კუბატოვის თქმით, "გამარჯვების პიკი" მსოფლიოს ათ ყველაზე რთულ მწვერვალს შორისაა და მისი დალაშქვრის მცდელობისას ალპინისტების 30% იღუპება. კუბატოვის თქმით, 1955 წლიდან 2017 წლამდე ამ მწვერვალზე 70 ადამიანი დაიღუპა, ცხედრების უმეტესობა მთის თოვლიან ფერდობებზე რჩება სამუდამოდ.
1961 წელს "გამარჯვების პიკზე" (ჟენიშ-ჩოქუსუზე) მოეწყო ქართული ექსპედიცია ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით. ექსპედიცია, რომელიც შვიდი წევრისაგან შედგებოდა (ოთარ გიგინეიშვილი (ხელმძღვანელი), ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი ბიძაშვილ მიხეილ ხერგიანთან ერთად, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი და კირილ კუზმინი), კლდოვან-ყინულოვანი 160-მეტრიანი ბასტიონის დაძლევის შემდეგ ავიდა "გამარჯვების პიკის" დასავლეთით განშტოებულ 6918 მეტრის სიმაღლის უსახელო პიკზე, რომელსაც ქართველმა ალპინისტებმა, როგორც პირველმა დამლაშქრავებმა, ვაჟა-ფშაველას სახელი უწოდეს. ასვლისას უმცროსი მიხეილ ხერგიანი შეუძლოდ გახდა, საბაზოსკენ დაბრუნდა და იგი დიდმა მიხეილ ხერგიანმა გააცილა, დანარჩენებმა კი გზა გააგრძელეს და სამი დღის მერე "გამარჯვების პიკის" მთავარ მწვერვალზე ავიდნენ. დაშვებისას, მწვერვალის დასავლეთის განშტოების მახლობლად 6500 მეტრის სიმაღლეზე შემოაღამდათ და ბანაკი დასცეს. როცა ინათა და გზის გასაგრძელებლად მზადება დაიწყეს, უეცრად გარდაიცვალა ილია გაბლიანი. ყინვისგან დაუძლურებულ და ხელფეხმოყინულ მეგობრებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ცხედარი კარავში შეეხვიათ და ყინულის გამოქვაბულში დაესვენებინათ (ცხედარი დღემდე იქაა). დაშვებისას ასევე დაიღუპნენ თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი.
„გამარჯვების პიკზე" ასასვლელი მარშრუტი ტექნიკურადაც ერთ-ერთი ყველაზე ურთულესია: ხშირად ქარის სიჩქარე 100 მ/წმ-ს აღემატება ხოლმე, ტემპერატურა კი -10-დან -30 გრადუსამდე ეცემა, ამიტომ ასვლისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი მხოლოდ არასრული ორი თვის განმავლობაში, ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდება“, - ამბობს ედუარდ კუბატოვი.
ყირგიზეთის შვიდიათასიანი მწვერვალები:
- ხან-თენგრი - 7010 მეტრი;
- "ლენინის (კაუფმანის) პიკი" - 7134 მეტრი;
- "გამარჯვების პიკი" (ჟენიშ ჩოქუსუ) - 7439 მეტრი.
ტაჯიკეთის შვიდიათასიანი მწვერვალები:
- ისმაილ სამანის მწვერვალი ("კომუნიზმის პიკი") - 7595 მეტრი;
- აზატიკის (თავისუფლების, ყოფილი კორჟენევსკაიას პიკი) - 7105 მეტრი.
ფორუმი