სხდომა იმართება ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, რომელსაც ტიანძინი 31 აგვისტოდან მასპინძლობს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წლის ივნისში დააფუძნეს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა. 2017-2024 წლებში ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი, პაკისტანი, ირანი და ბელარუსი.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პარტნიორია 15-მდე ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
1 სექტემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა ჩინეთის მეთაურმა, სი ძინპინმა გახსნა.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, სხდომის დაწყების წინ ხანმოკლე საუბარი იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის.
სხდომის გახსნისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უნდა გაააქტიურონ უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების და ნარკოტიკების მაკონტროლებელი ცენტრები და რაც შეიძლება სწრაფად შექმნან შანხაის ორგანიზაციის განვითარების ბანკი. სი ძინპინის თანახმად, ჩინეთი ორგანიზაციის ბანკთაშორისი გაერთიანების წევრებს უახლოესი სამი წლის განმავლობაში მისცემს 1,4 მილიარდი დოლარის კრედიტებს.
უკრაინაში ომის გამო დასავლეთისგან იზოლირებული და სანქცირებული რუსეთი აქტიურად ცდილობს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას სხვა ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა, ჩინეთსა და ინდოეთთან.
განახლება: 1 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელი, ტიანძინის დეკლარაცია, რომელშიც საუბარია შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე, ძალის არგამოყენებაზე და ცალმხრივი სანქციების მიუღებლობაზე.
წევრი ქვეყნები ადასტურებენ მზადყოფნას ერთობლივი მუშაობისთვის უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამო და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარების განზრახვას.
დეკლარაციაში დაგმობილია ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმები. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი უკრაინაში ომის შესახებ.
ფორუმი