Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ჩინეთში და კიდევ ოთხი საინტერესო რამ, რასაც SCO-ს სამიტზე უნდა მიაქციოთ ყურადღება


Russian President Vladimir Putin and Chinese leader Xi Jinping meet in Astana, Kazakhstan for the 2024 SCO summit.
არქივის ფოტო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 2024 წლის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე

მოკლედ

  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩინეთში ესწრებიან SCO-ს სამიტს, რომელზეც სი ძინპინი ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის ხედვას განიხილავს.
  • სამიტი რეგიონული უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებზეა ფოკუსირებული, დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.
  • შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია გლობალური სამხრეთის ლიდერობის და რეგიონული პარტნიორობის გაძლიერების პლატფორმად იქცა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სხვა ლიდერები ჩინეთში ესწრებიან ორდღიან სამიტს, რომელზეც სი ძინპინი ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის შესახებ საკუთარი ხედვის დახვეწას ისახავს მიზნად.

31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ჩრდილოეთ პორტის ქალაქ ტიანძინში 20-ზე მეტი ლიდერია შეკრებილი. ისინი ბლოკის ყოველწლიურ სამიტზე რეგიონული უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

ეს სამიტი ასევე შესაძლებლობას აძლევს ჩინეთს, თავი გლობალური სამხრეთის ლიდერად წარმოაჩინოს და შეკრიბოს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მშპ-ს დაახლოებით ერთ მეოთხედს და მისი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ სამიტზე.

1. „პუტინისა და სი ძინპინის შოუს“ კიდევ ერთი ეპიზოდი

უკრაინის ომის გარშემო მიმდინარე დიპლომატიის ფონზე, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამიტის შემდეგ, ყველას ყურადღება პუტინზე იქნება მიპყრობილი, როდესაც ის ჩინეთის ლიდერს შეხვდება.

„CSO ერთგვარ პუტინ-სის შოუდ გადაიქცა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბერლინში მდებარე კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის მკვლევარმა თემურ უმაროვმა. „მთავარი თავად სამიტი კი არაა, არამედ უფრო კულუარებში ჩატარებული შეხვედრები“.

პეკინიც და მოსკოვიც SCO-ს - რომლის წევრებიც არიან ბელარუსი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, რუსეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი - დასავლურ ინსტიტუტებთან დაპირისპირების საშუალებად მიიჩნევენ. ისინი ამ ბლოკს აღიქვამენ ერთგვარ ლაბორატორიად, სადაც საერთო ევრაზიასთან და გლობალურ წესრიგთან დაკავშირებული მიზნების კოორდინაციას ახდენენ.

პუტინი ჩინეთში უფრო ფართო სახელმწიფო ვიზიტით ჩადის და სამიტის გარდა, 3 სექტემბერს პეკინში დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სამხედრო აღლუმს.

2. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთისკენ იყურება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ეს ვიზიტი ჩინეთში პირველია შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. პეკინი და ნიუ-დელი ცდილობენ ურთიერთობების ნორმალიზებას 2020 წლის სასიკვდილო სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი თვის დასაწყისში ნიუ-დელიში იმყოფებოდა და ცდილობდა ესარგებლა აშშ-ინდოეთის ურთიერთობების გაუარესებით, რაც მოჰყვა ინდოეთის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებულ სატარიფო ზეწოლას და ტრამპის მოთხოვნას, ინდოეთს შეემცირებინა რუსული ნავთობის შეძენა.

მოდისა და სი ძინპინის შეხვედრის დროს შესაძლოა ორი ქვეყნის დაახლოებისკენ ახალი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის სასაზღვრო ჯარების გაყვანა დაძაბულობის შესამსუბუქებლად და სავაჭრო და სავიზო შეზღუდვების მოხსნა.

რუსეთის საელჩომ ნიუ-დელიში გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მოდის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

3. ცენტრალური აზია ჩინეთ-რუსეთის ახალი ტანდემის ფონზე

SCO 2001 წელს დაარსდა. თავდაპირველად ის ძირითადად ჩინეთის ინიციატივა იყო, რომელიც ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის დასამყარებლად შეიქმნა, ოღონდ ისე, რომ არ გაეღიზიანებინა მოსკოვი პეკინის მზარდი გავლენით ამ რეგიონში.

„ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლებიც არიან და კონკურენტებიც“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გლაზგოს უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების პროფესორმა ლუკა ანჩეშიმ. „მაგრამ, როგორც ცენტრალურ აზიაში ვხედავთ, ისინი გაცილებით მეტს თანამშრომლობენ, ვიდრე კონკურენციას უწევენ ერთმანეთს“.

ამან შეიძლება ახალი გართულებები შეუქმნას ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებიც SCO-ში პეკინსა და მოსკოვს შორის ბალანსის დამყარებას ცდილობენ. ისინი ცდილობენ, არ გახდნენ მათზე ზედმეტად დამოკიდებული, მაგრამ ასევე ახალ შესაძლებლობებს ხედავენ მათი ავტორიტარული მთავრობებისთვის.

„რეგიონში ავტორიტარიზმისადმი მეგობრული საერთო ღირებულებები ჩნდება, რამაც შეიძლება ცენტრალური აზიის რეჟიმებს ცხოვრება გაუმარტივოს“, - თქვა ანჩეშიმ.

4. ჰორიზონტზე მეტი გაფართოებაა?

SCO გასულ წელს გაფართოვდა და ბელარუსი ჩართო. ამას წინ უძღოდა ირანის მიღება 2023 წელს და ინდოეთის და პაკისტანისა - 2017 წელს.

10 სრულუფლებიანი წევრის გარდა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ასევე ჰყავს ორი დამკვირვებელი სახელმწიფო და დიალოგის 14 პარტნიორი.

მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გაფართოება მოსალოდნელი არ არის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სომხეთსა და აზერბაიჯანს. რეგიონული მეტოქეები უკვე დიალოგის პარტნიორები არიან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბოლო სამიტის შემდეგ სრულუფლებიან წევრობაზეც შეიტანეს განაცხადი.

5. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია იდენტობის ძიებაშია

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ლიდერებისთვის სიმბოლური შეხვედრის ადგილია. აქ ისინი ცდილობენ გააღრმაონ თავიანთი პარტნიორობა და გავლენა მოახდინონ სოციალურ და პოლიტიკურ ნორმებზე დასავლეთის გლობალური წესრიგის მიღმა მყოფ ნაწილებში.

თუმცა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიმზიდველობის ზრდის მიუხედავად, მის სუსტ წერტილად შიდა უთანხმოებები რჩება.

მაგალითად, ივნისში, ამ ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეკრებისას, ინდოეთმა უარი განაცხადა ირანზე ისრაელის თავდასხმების დაგმობის განცხადებაში მონაწილეობაზე. ნიუ-დელი მოითხოვდა, რომ დეკლარაციაში ასევე ნახსენები ყოფილიყო 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში ტურისტებზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმები, რომლებმაც ინდოეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლება გამოიწვია.

„ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი მზარდ ზეწოლას განიცდიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს სამიტი გამოცდის, შეუძლია თუ არა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, იმოქმედოს, როგორც ერთიანმა ორგანიზაციამ, თუ ის დარჩება ფრაგმენტულ პლატფორმად, რომელიც ძირითადად ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას იუნის შარიფლიმ, ჩინეთის გლობალური სამხრეთის პროექტის არარეზიდენტმა მკვლევარმა.

XS
SM
MD
LG