„ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად - მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა“, - აცხადებენ სუსში.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, MERCEDES-BENZ-ის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უკრაინული სანომრე ნიშნები ჰქონდა, საქართველოს ტერიტორიაზე 10 სექტემბერს შემოვიდა თურქეთიდან - უკრაინიდან საქართველოში მოსახვედრად გაიარა რუმინეთი და ბულგარეთი.
„თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2,4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“, - აცხადებენ სუსში და დასძენენ, რომ ასევე ამოღებულია 8 მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
- 236-ე - ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა;
- 260-ე - ნარკოტიკული საშუალების ფლობა.
სუსის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, საქართველო იყო დანიშნულების საბოლოო ადგილი, თუ ასაფეთქებლის შემცველი ნივთიერება რომელიმე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ, 18 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) გაავრცელა ცნობა, რომ აღკვეთეს „უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი მცდელობა, ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბი აეფეთქებინათ“.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის იმდროინდელმა ლიდერმა და ახლა უკვე სუსის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „არაფერს გამორიცხავს“, „რუსეთს აქვს თავისი ინტერესები“ და „შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს - ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას [გააკეთებენ]“.
საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვში გააკეთეს 2022 წლის ოქტომბერშიც, ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგ. მაშინ რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდება წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს - 2024 წელს რუსეთმა ის სახელმწიფოთაშორის ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა.
ფორუმი