არცერთ ამ შემთხვევაზე არ იძებნება სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ ინფორმაცია, და ხშირად, არც გამოვლენილი სამართალდამრღვევი.
მეგი დიასამიძეს კახა კალაძის "საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის", შსს-ს მიერ მისი დაკავების დღეს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ თუკი დიასამიძეს სხვისი ნივთის დაზიანებაში ცნობენ დამნაშავედ, შესაძლოა მას 5 წლამდე პატიმრობაც კი მიუსაჯონ.
10 სექტემბერს, წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის მერის საარჩევნო შტაბის კედლებზე მისი ბანერი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თეთრი საღებავით დაფარეს და ზედ შავი საღებავით წააწერეს "რუსული ოცნება". წარწერა თბილისის დასუფთავების სამსახურმა სამ წუთში წაშალა.
სანამ პროკურატურა ოფიციალურად წაუყენებს ბრალს ახალგაზრდა ქალს და სანამ მეგი დიასამიძის საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს, ვიხსენებთ წინა წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრების შენობებსა და საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმის გახმაურებულ ფაქტებს.
"აქ ცხოვრობს აგენტი" - 2024 წლის გაზაფხული
2024 წლის მაისში, ექვსი პარტიის, ორი მედიის და ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისების ფასადებზე საქართველოს მასშტაბით გამოჩნდა ფერადი საღებავებით დაწერილი უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ესაა დრო, როცა საქართველოს პარლამენტში მეორედ განიხილება სახალხო მღელვარების გამო ერთხელ უკვე გაწვეული “აგენტების კანონი”, თბილისის ქუჩებში კი ამ კანონის წინააღმდეგ კვლავ გამოსვლები იმართება.
მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები და პროსახელისუფლებო მედია ამტკიცებდნენ, რომ ოფისებისა თუ საცხოვრებელი სახლების შენობებზე და სადარბაზოებში გაკეთებული წარწერები: აგენტი, მონა, ქვეყნის გამყიდველი, ღორი და ა.შ. იყო აღშფოთებული მოქალაქეების პასუხი სამშობლოს მოღალატეებისთვის. ის პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტები კი, რომლებიც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ თარგზე მოჭრილი კანონის წინააღმდეგობის გამო, ამ "აღშფოთების" კამპანიის სამიზნეები გახდნენ, სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ მართული პროცესი - ოპონენტების და აქტიური მოქალაქეების დაშინებისა და დისკრედიტაციის არც თუ ისე წარმატებული მცდელობა.
ამ ამბავში მათთვის საგულისხმო იყო პოლიციის უმოქმედობაც - ოფისების დაზიანების ფაქტებით გამოძიება ხშირად ფორმალურადაც კი არ დაინტერესდა, საპატრულო პოლიცია ზოგჯერ გამოძახებაზეც კი არ მივიდა.
თავდასხმები ენმ-ის ოფისებზე
პარტიის ოფისების დარბევიდან ერთ-ერთი ყველაზე "შთამბეჭდავი" 2024 წლის 1 ივნისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ოფისზე თავდასხმაა:
“50 ნიღბიანი, შუბებით შეიარაღებული მომივარდნენ ოფისში, სადაც 15 წლის შვილთან ერთად ვიყავი და თავი რომ არ დაგვეცვა, ალბათ გადაგვწვავდნენ!!! ერთი ადამიანი არაა დაკავებული!!!” - იხსენებს პარტიის იმდროინდელი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ამ დღეს დაზიანდა შენობის ფასადი, შუშები და პარტიის ინვენტარი. გამოძიება შემთხვევაზე იმავე მუხლით დაიწყო, რომლითაც ახლა შსს კალაძის შტაბის ბანერის დაზიანებას იძიებს. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულ ხალხს, როცა ის ენმ-ის ოფისის ტერიტორიას ტოვებდა, ხედავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ენმ-ის ოფისებზე თავდასხმას ზოგადად ხანგრძლივი და ვრცელი ისტორია აქვს. აქ მხოლოდ რამდენიმეს ვიხსენებთ:
- 2020 წლის ნოემბერში რამდენიმე ადამიანმა ენმ-ის მაშინდელი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისი დაწვა გლდანში - ამ შემთხვევის შემდეგ ჩალეწილი იყო ოფისის შუშები, დამწვარი იყო ავეჯი. ხანძარი, სავარაუდოდ, შენობაში შეგდებულმა “მოლოტოვის კოქტეილებმა” გამოიწვია.
- 2020 წლის ნოემბერშივე ბათუმის ოფისს ესროლეს ქვები. ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ქვები 2021 წელსაც ესროლეს.
- 2021 წლის 17 მარტს თბილისში ენმ-ის ცენტრალური ოფისის ფასადზე გამოკიდებულ მელიას ბანერს კახეთის გზატკეცილზე იარაღიდან ესროლეს; ეს შემთხვევა საყურადღებოა იმის გამო, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავა. ამ საქმესაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ჰქონდა და ბრალდებული სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
- 2021 წლის 3 მარტს გორში ოთხი ადამიანი დააკავეს ენმ-ის ოფისზე თავდასხმის გამო - პროკურატურა მათ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
- 2022 წელს ენმ-ის თელავის ოფისის ფასადზე წარწერა "русскии карабль иди ** ***" 4 მარტს, დილით დატოვეს.
- 2024 წლის ივნისში დაარბიეს ენმ-ის ფოთის ოფისი - ამ დროს პარტიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა, სავარაუდოდ, ქვებით ჩალეწილი ფანჯრები.
- 2024 წლის ოქტომბერში დაარბიეს ენმ-ის ვარკეთილის ოფისიც - აქედან გავრცელებულ კადრებში ჩანდა წითელი საღებავები შენობის ფასადზე და ინტერიერში.
- 2024 წლის დეკემბერს, ღამით გორში ენმ-ის ოფისთან მიდის ადამიანი ნიღბით, რომელიც ცეცხლს უკიდებს ასაფეთქებელ ნივთიერებას, აფეთქებას კი მობილური ტელეფონით იღებს. ეს გორის ოფისზე თავდასხმის მე-13 შემთხვევა იყო. გორში ენმ-ის ოფისს პირველად 2016 წლის 12 აგვისტოს დაესხა თავს ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელმაც ოფისის ყველა შუშა ჩაამტვრია.
ოფისზე თავდასხმა - სისხლის სამართლის დანაშაული თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი. ოფისის შუშაზე გაკრულ ჩემ ბანერს ღამით ვიღაცამ აგური ესროლა (!) და დააზიანა. პოლიციამ დაიწყო არა სისხლის, არამედ ადმინისტრაციული წარმოება. სამართალდამრღვევს არ შეეფარდა არც ჯარიმა და არც ადმ. პატიმრობა, მას უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. დღეს მოქალაქე საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის დაუკავებიათ და სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ. სამართალი არ შეიძლება იყოს შერჩევითი”, - ასე გამოეხმაურა ახლა უკვე პარტია "ფედერალისტების" წევრი, ყოფილი დეპუტატი ოთო კახიძე მეგი დიასამიძის დაკავებას 10 სექტემბერს. პოლიციამ 2020 წელს "ევროპული საქართველოს" ოფისზე თავდამსხმელი შენობაზე დამაგრებული კამერის ჩანაწერებით იპოვა.
ადმინისტრაციული წესით დააკავეს ქუთაისში 2015 წელსაც ენმ-ის რეგიონულ ოფისზე თავდამსხმელი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძეც - მაშინ ოფისისთვის კვერცხებისა და ცოცხების დაშენის ფაქტს იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ოფისში შეჭრას ლამობდა და ენმ-ის ლიკვიდაციას ითხოვდა, შსს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებად მიიჩნევდა. ლორთქიფანიძე მალევე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გახდა "ქართული ოცნების" სახელით.
ქუთაისში 2019 წელსაც აგრძელებდნენ ენმ-ის ოფისებისთვის კვერცხებისა და ცოცხების სროლას და კედლებზე უცენზურო წარწერების დატოვებას. შემდეგ წლებში ამგვარი ქმედებებისთვის ამ ქალაქში აღარავინ დაუკავებიათ.
ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს არა სისხლის სამართლის, არამედ საარჩევნო კოდექსი და ამ კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალის დაზიანება, პლაკატის, დროშის ან ნებისმიერი სხვა რაიმესი, რომელზეც საარჩევნო სუბიექტია გამოსახული, 1000 ლარით ისჯება.
წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ პარტიების ოფისებზე თავდასხმა ზოგჯერ გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სააგიტაციო მასალის ან შენობის და სხვისი ნივთის დაზიანება. ზოგიერთ თავდასხმას ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც მოჰყოლია.
ასე მოხდა, მაგალითად, 2025 წლის 7 დეკემბერს თბილისში, როცა ბესიკის ქუჩაზე პოლიტიკური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისში ათობით შავებში ჩაცმული თავდამსხმელი შეიჭრა - მათ სცემეს კობა ხაბაზს და ოფისში მყოფ რამდენიმე სხვა ადამიანსაც. გამოძიებას ამ დრომდე არცერთი თავდამსხმელი არ ჰყავს ნაპოვნი.
პოსტერზე წარწერის გაკეთება - დანაშაული თუ გამოხატვის თავისუფლება?
მეგი დიასამიძე, სავარაუდოდ, კახა კალაძის ბანერზე “რუსული ოცნების” წარწერისთვის დააკავეს. ეს წარწერა იმავე დღეს სამ წუთში წაშალეს. "ქართულ ოცნებას" "რუსულ ოცნებად" და სხვა, მსგავსი, ეპითეტებით თბილისის ქუჩებში არაერთ ადგილას დატოვებულ წარწერებში იხსენიებენ. ქუჩის ეს ტექსტები ანონიმ ავტორებს ეკუთვნით.
ფორუმი