Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, მურთაზ ზოდელავას -  25 000 ლარიანი გირაო


Georgia -- Levan Khabeishvili, Murtaz Zodelava, combo photo
Georgia -- Levan Khabeishvili, Murtaz Zodelava, combo photo

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.

მურთაზ ზოდელავას ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხაბეიშვილს კი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. როგორც მოსამართლემ განმარტა, მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.

13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

სახელმწიფო ბრალდება ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, მურთაზ ზოდელავას მიმართ კი პატიმრობის უზრუნველყოფით, 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

დაცვის მხარე მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში კი სასამართლოს გირაოს გამოყენება და სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები შესთავაზეს. მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის, შინაპატიმრობის გამოყენება. ასევე, შესთავაზეს განცხადებების გაკეთების შეზღუდვაც.

ლევან ხაბეიშვილს ბრალდება ედავება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას.

ლევან ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ბრალდება იმის გამო ედავება, რომ “ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება”.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG