პალესტინური წყაროების თანახმად, 15 სექტემბერს ღამით ისრაელის არმიის ავიაციამ ქალაქ ღაზაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა, რის შემდეგაც ქალაქში ისრაელის არმიის ტანკები შევიდნენ.
გასული კვირის ბოლოს, 13 და 14 სექტემბერს ისრაელმა გაზარდა ქალაქ ღაზაზე ავიადარტყმების ინტენსივობა და დაბომბა ათეულობით შენობა, რომლებსაც ისრაელის არმიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი სამხედრო მიზნებით იყენებდა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ ღაზის მცხოვრებთ მოუწოდა, ქალაქი დატოვონ და სამხრეთში, „უსაფრთხოების ზონაში“ გადავიდნენ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქი დატოვა იქ მყოფი დაახლოებით მილიონიდან 300 000-მდე ადამიანმა.
ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ წერს ისრაელის ინგლისურენოვანი გამოცემა Jerusalem Post-იც. ის და არაბული ტელეარხი Al Jazeera პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის ცენტრში შევიდნენ.
ისრაელის არმიამ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის მაღალჩინოსნების შეხვედრიდან რამდენიმე საათში.
გამოცემა Axios-ის ისრაელელი წყაროების თანახმად, 15 სექტემბერს იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე რუბიომ ნეთანიაჰუს გადასცა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ქალაქ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციას, მაგრამ სურს, რომ ეს ოპერაცია სწრაფი იყოს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ამასთან, ამერიკულმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ეს არა ტრამპის, არამედ ნეთანიაჰუს ომია და მან გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
განახლება: 16 სექტემბერს, დილის რვა საათისთვის ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ღაზა იწვის”, თუმცა პირდაპირ არ უთქვამს , რომ სახმელეთო ჯარები ქალაქში შევიდნენ. კაცის თანახმად, ისრაელის თავდაცვის არმია „რკინის მუშტით ურტყამს ტერორისტების ინფრასტრუქტურას” და ჯარისკაცები „გმირულად იბრძვიან, რათა შექმნან პირობები მძევლების გათავისუფლებისა და ჰამასის განადგურებისთვის". ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისიის დასრულებამდე უკან არ დაიხევენ.
გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელის სპეცსამსახურები ნეთანიაჰუს ურჩევდნენ, უარი ეთქვა ქალაქ ღაზის დაპყრობის გეგმაზე, რადგან ამ ოპერაციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მძევლებს და ისრაელის არმიაში დიდი დანაკარგი გამოიწვიოს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ პირველი ცნობების გავრცელების შემდეგ, იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს ჰამასის მძევლობაში მყოფთა ოჯახების წევრებმა.
ჰამასი ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
2025 წლის აგვისტოში ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ღაზის დაპყრობას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუ ღაზას ჰამასის ბოლო საყრდენს უწოდებს.
ფორუმი