აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ხუთ ლიდერთან სამიტსა და ვახშამზე წარმოადგინა რამდენიმე შეთანხმება ვაჭრობის, დიპლომატიისა და წიაღისეულის სფეროში, რაც რეგიონში ვაშინგტონის გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად.
თეთრ სახლში, გრძელ მაგიდასთან, სადაც ტრამპის გვერდით ისხდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯ. დ. ვენსი, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ერთგულია აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა ისე, „როგორც აქამდე არასდროს“. ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები მიესალმნენ ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას.
„სამწუხაროდ, ამერიკის წინა პრეზიდენტები სრულიად უგულებელყოფდნენ ამ რეგიონს,“ თქვა ტრამპმა. „მე მესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა“, მაგრამ „ბევრმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ“.
სამუშაო ვახშმამდე ყაზახეთმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ახალი ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულია მსხვილი შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში. ის მიზნად ისახავს მსოფლიოში ვოლფრამის ერთ-ერთი უდიდესი აუთვისებელი საბადოს განვითარებას, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყანაში მდებარეობს.
გარიგების ფარგლებში ამერიკული კომპანია Cove Kaz Capital Group აქციების 70%-ს შეიძენს ერთობლივ საწარმოში, რომელშიც მისი პარტნიორი იქნება ყაზახეთის სახელმწიფო სამთო-სამადნო კომპანია. გარიგების ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა გამოაქვეყნა დაინტერესების წერილი, რომლის თანახმადაც ის ამ გარიგებას 900 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
სამიტის სხვა შედეგებს შორისაა კიდევ ერთი გარიგება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული და რომელიც შეეხება ამერიკული კომპანია Boeing-ის 37-მდე თვითმფრინავის შეძენას ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ნაციონალური ავიაკომპანიების მიერ. ყაზახეთმა ასევე გამოაცხადა ამერიკულ კომპანიებთან ხელმოწერილი 30-ზე მეტი შეთანხმების შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება 17,2 მილიარდი დოლარია.
რაც შეეხება დიპლომატიის სფეროს, ყაზახეთმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, შეუერთდეს „აბრაამის ხელშეკრულებებს“ - აშშ-ის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის თანამშრომლობას არაბულ და მუსლიმანურ ქვეყნებთან.
როგორც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამიტის მიზანია, აჩვენოს, რომ შეერთებული შტატები უფრო აქტიურად არის მოწადინებული, ითანამშრომლოს ცენტრალურ აზიასთან.
„ჩვენ ხშირად იმდენ დროს ვხარჯავთ კრიზისებსა და პრობლემებზე, - და ისინი მართლაც იმსახურებს ყურადღებას, - რომ ზოგჯერ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ ახალ მიმზიდველ შესაძლებლობებს,“ თქვა მარკო რუბიომ 6 ნოემბერს, ცენტრალური აზიის ხუთ ლიდერთან ერთად გამართულ სამუშაო საუზმეზე. „და ახლა სწორედ ეს ხდება: იხსნება ახალი საინტერესო შესაძლებლობები, რომლებშიც ერთმანეთს ემთხვევა ჩვენ-ჩვენი ქვეყნების ერთობლივი ინტერესები“.
ახალი თავი ცენტრალური აზიის განვითარების ამერიკულ სტრატეგიაში
ცენტრალური აზია ცდილობს, შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავებით გააწონასწოროს თავისი სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროს ურთიერთობები, რომლებშიც კვლავაც დომინირებენ ჩინეთი და რუსეთი.
ვაშინგტონში გამართული სამიტი მოჰყვა წელს მსხვილი სახელმწიფოების მიერ რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების სხვა მცდელობებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში ტაჯიკეთში ცენტრალური აზიის სხვა ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა სამიტში, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ივნისში ყაზახეთში გაემგზავრა რეგიონის ქვეყნების პრეზიდენტებთან შესახვედრად.
აპრილში ევროკავშირმაც გამართა რეგიონის ლიდერებთან სამიტი უზბეკეთში, რათა ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებსა და ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე წვდომაზე გაემართა მოლაპარაკებები.
ეს წიაღისეული სიმდიდრე კვლავ აღმოჩნდა ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში. საქმე ისაა, რომ რეგიონში იშვიათი მიწების ლითონების უზარმაზარი მარაგებია და ისინი მოიცავს ქიმიური ელემენტების ტაბულის 17 ელემენტს, რომლებიც გამოიყენება ყველაფერში - ქარის ტურბინებით დაწყებული, სმარტფონებითა და ავიაგამანადგურებლების ძრავებით დამთავრებული. აქ არის ასევე ურანის, სპილენძის, ოქროსა და სხვა სტრატეგიული მინერალების უზარმაზარი საბადოები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ენერგიის უფრო ეკოლოგიურ ფორმებზე გადასვლისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.
პინი ალტჰაუსმა, Cove Kaz Capital Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც ყაზახეთში ვოლფრამის თაობაზე გარიგებას მიაღწია, შეთანხმებას უწოდა „თაობის გამარჯვება აშშ-ისა და მისი კრიტიკული მინერალების საჭიროებებისთვის“ და Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპმა და აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა ხელი შეუწყვეს შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს, რათა ჩინურ კომპანიებს სტრატეგიული საბადოს განვითარება არ შესძლებოდათ.
იშვიათი მიწების ელემენტების საბადოები ცენტრალურ აზიაში
ცენტრალურ აზიაში იშვიათი მიწების თითქმის 170 საბადოა. რეგიონის დიდწილად გამოუყენებელი საბადოები პოტენციურ ალტერნატივას წარმოადგენს იშვიათი ელემენტების მიწოდების ჯაჭვში, რომელშიც ჩინეთს თითქმის მონოპოლიური პოზიცია უკავია.
ბენ გოდვინმა, ლონდონში მოქმედი სტრატეგიული სადაზვერვო ფირმის, PRISM-ის ანალიზის ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ცენტრალური აზიის წიაღისეულ სიმდიდრეზე სამიტის ფოკუსირება რეგიონის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონის ყურადღების მიქცევის დიდი ხნის სტრატეგიის ნაწილია.
„ცენტრალური აზიის ქვეყნები აბსოლუტურად იყენებენ ამ კრიტიკული მინერალების კუთხეს როგორც ბერკეტს, რათა შეერთებული შტატებისგან მეტი ჩართულობა მიიღონ სხვა საკითხებში, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია რეგიონისა და ადგილობრივი ეკონომიკისთვის“, თქვა მან.
„2000-იან წლებში ეს იყო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, ნავთობი და გაზი. შემდეგ იყო დეკარბონიზაციის ერა, როდესაც ცენტრალურ აზიაში ბევრი ახალი პროექტი იყო ორიენტირებული განახლებად ენერგიაზე,“ განუცხადა გოდვინმა რადიო თავისუფლებას. „ახლა საქმე ეხება კრიტიკული მინერალების როლს ეროვნულ უსაფრთხოებაში“.
როგორც ჩანს, კრიტიკული მინერალების მიმართ აშშ-ის ინტერესმა უკვე დაიწყო ახალი კარების გაღება.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებს მოჰყვა სენატორების ორპარტიული ჯგუფის მიერ 5 ნოემბერს წარდგენილი კანონპროექტი ჯექსონ-ვანიკის სავაჭრო შეზღუდვების გაუქმების შესახებ, ცივი ომის ეპოქის სავაჭრო შეზღუდვებისა, რომლებიც, ზოგიერთი კანონმდებლის თქმით, ხელს უშლის აშშ-ის ინვესტიციებს ცენტრალურ აზიაში.
„დღეს ჯერ არ არის გვიან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ამ ქვეყნებმა შეძლონ, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, რადგან არასტაბილური რუსეთი და სულ უფრო აგრესიული ჩინეთი მთელს მსოფლიოში ახორციელებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მეზობლების ხარჯზე“, განაცხადა აიდაჰოს შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონმდებლობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
ცენტრალური აზია კრიტიკული მინერალების სფეროში თავის ძალას ავლენს
შეთანხმებები მოჰყვა პეკინისა და ვაშინგტონის სავაჭრო ომში ზავის დადებას და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის იშვიათი მიწების ელემენტების ექსპორტზე კონკურენციის დაჩქარებას, რაც უთანხმოების მთავარი საკითხია მათს სავაჭრო მოლაპარაკებებში.
ამას ჩინეთის მიერ იშვიათი მიწების ზოგიერთი ექსპორტის შეზღუდვის ერთწლიანი შეჩერება მოჰყვა ტრამპსა და სი ძინპინს შორის ოქტომბრის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ.
ვაშინგტონი ახლა ეძებს ახალ გზებს, რათა პეკინს გვერდი აუაროს ლითონების საკითხში. ჩინეთზე მოდის მსოფლიოში იშვიათი მიწების ლითონების მოპოვების თითქმის 70% და ის მათი გადამუშავების დაახლოებით 90%-ს აკონტროლებს.
ცენტრალური აზია შეიძლება გრძელვადიანი წყარო იყოს და რეგიონი იმედოვნებს, რომ ეს ძალიან საჭირო ახალი ინვესტიციები მას რესურსების განვითარებაში დაეხმარება.
ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ჩინური და რუსული კაპიტალი დომინირებს რეგიონის მოპოვების, გადამუშავებისა და ლოგისტიკის ქსელებში“. ცენტრის თანახმად, სტრუქტურული ბარიერები, დაწყებული დასავლეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო მარშრუტების განუვითარებლობით, და დამთავრებული ენერგიის პერიოდული დეფიციტით, კვლავაც აფერხებს დასავლურ ინვესტიციებს“.
ტრამპის ადმინისტრაციამ 6 ნოემბერს 10 მინერალი დაამატა იმ სიას, რომელსაც ის აშშ-ის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ შორისაა სპილენძი, რომელიც საკვანძო მნიშვნელობისაა ელექტრომობილებისთვის, ელექტროქსელებისთვის და მონაცემთა ცენტრებისთვის, და მეტალურგიული ქვანახშირი, რომელიც კოქსის საწვავის დასამზადებლად გამოიყენება ფოლადის წარმოებისთვის.
ყაზახეთი შეუერთდა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას „აბრაამის ხელშეკრულებების“ საკითხში
ასტანის გადაწყვეტილება, შეუერთდეს „აბრაამის ხელშეკრულებებს“, რომელიც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის გამორჩეული მიღწევაა, ყაზახეთს აყენებს თეთრი სახლის ახალი ძალისხმევის ცენტრში, რაც ამ საგარეო-პოლიტიკური ინიციატივის გააქტიურებას ისახავს მიზნად.
„აბრაამის ხელშეკრულებები“ შემუშავდა ისრაელსა და მუსლიმურ სამყაროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. მათ ფარგლებში აშშ-მა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და მაროკომ 2020 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. როგორც იტყობინებიან, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ინიციატივის გაფართოებას და ეს იქნება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის, ვაშინგტონში ვიზიტისა, რომელიც 18 ნოემბერს არის დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ტელეფონით ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მას განუცხადა, რომ ყაზახეთს განზრახული აქვს, შეუერთდეს ხელშეკრულებებს. თუმცა ასტანას ისრაელთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სრული დიპლომატიური ურთიერთობები.
მაგრამ ვაშინგტონის იორკტაუნის ინსტიტუტის „ტურანის“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ჯოზეფ ეპსტინმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ეს ნაბიჯი შესაძლოა სიმბოლურად გამოიყურებოდეს, მან მომავალში შესაძლოა დიპლომატიური წონა შეიძინოს.
„ასტანის გადაწყვეტილება, შეუერთდეს „აბრაამის ხელშეკრულებებს“ ახალი ფაზის დასაწყისს აღნიშნავს, რომელიც შეთანხმებებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ინიციატივიდან გარდაქმნის ზომიერი მუსლიმური ქვეყნების პროამერიკულ კოალიციად, რომელიც ტოლერანტობასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, განაცხადა ეპსტინმა.