Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური პასპორტის ფერფლი


ემა ბჟალავა (ფოტოკოლაჟი)
ემა ბჟალავა (ფოტოკოლაჟი)

მოკლედ

  • ოკუპირებულ აფხაზეთში 17 წლის ტრანსგენდერი ქალის, ემა ბჟალავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აფხაზეთის ე.წ. პასპორტის დაწვის გამო.
  • ემა აცხადებს, რომ მისი ქმედება იმ ტკივილის გამოხატულება იყო, რაც მასზე ძალადობისა და საზოგადოების მხრიდან უარყოფის შედეგად დაგროვდა.
  • ამჟამად ემა საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას ფსიქოლოგიური დახმარებას უწევენ და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „აფხაზეთის პასპორტისა და გერბის შეურაცხყოფისთვის“. მიზეზი გახდა TikTok-ზე გამოქვეყნებული მოკლე ვიდეო - ახალგაზრდა ქალი თავის მწვანე ფერის პასპორტს წვავს და შემდეგ აფურთხებს მას. აღმოჩნდა, რომ ეს ემა ბჟალავაა, 17 წლის ტრანსგენდერი ქალი აფხაზეთიდან, ადრე ის ახრა ხასაია იყო. „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ემა ხსნის თავის საქციელს და ჰყვება, რატომ არ ნანობს ამას.

„ბიჭივით, მაგრამ ძალიან ნაზი“

- ხომ არ ნანობ? - ვიდეოზარით ვეკითხები ემას.

- არა, სულაც არა - მპასუხობს დაუფიქრებლად. - უფრო მეტიც, დედამ რო ბოდიში მოიხადა, ეგეც თავის ბრალია.

სოხუმში საქმე აღიძრა საფრანგეთში აფხაზური პასპორტის დაწვის გამო. TikTok-ზე ვიდეოჩართვიდან მეორე დღეს, ემას დედა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს „პრევენციული საუბრისთვის“. მან ბოდიში მოუხადა „თავის ხალხს“ იმისათვის, რომ შვილი სათანადოდ ვერ აღზარდა.

„ბავშვობიდან პრობლემური იყო; მთელი ცხოვრება ვმკურნალობდი, მაგრამ მოზარდობის ასაკში სხვანაირად დაიწყო მოქცევა და პრობლემებიც დაგვეწყო. ასაკის მატებასთან ერთად მდგომარეობა დაუმძიმდა, ვერ გავუმკლავდი. გადავწყვიტე საქართველოში გადამეყვანა“, - ამბობს ის ე.წ. სუსის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ემა ბჟალავას ბრალი ედება ოფიციალური დოკუმენტის განადგურებასა და სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფაში. ეს დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 334-ე მუხლებია.

ემა ადასტურებს დედის სიტყვებს: ის სუსტი ჯანმრთელობით დაიბადა, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა ჯანმრთელობა კი არა, ის საზოგადოება იყო, რომელშიც იზრდებოდა.

ემა ოჩამჩირეში დაიბადა, ბიჭად, მას ახრა დაარქვეს. როცა აფხაზეთიდან წავიდა, სახელი და გვარი შეიცვალა. ახლა ის ემა ბჟალავაა. ამ ზაფხულს 17 წლის გახდა. ბავშვობიდან სხვანაირი იყო და ეს მის მეზობლებს არ მოსწონდათ. არც მის კლასელებს:

„განსხვავებული სხეული მქონდა, ცოტა სხვანაირი მქონდა გარეგნობაც და საქციელიც. მხოლოდ გოგოებთან ერთად ვიყავი. ბიჭს კი ვგავდი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნაზი ვიყავი. და ეს ჩემს თანაკლასელებს არ მოსწონდათ. ბევრი [მტკივნეული] მომენტი ჩამრჩა მეხსიერებაში“.

ემა იხსენებს ერთს, განსაკუთრებულს, რომელიც არასდროს დაავიწყდება.

„ბლინის აღება მინდოდა…და შემთხვევით ორ ცალს მოვკიდე ხელი. გოგოებმა მითხრეს, „ორივე წაიღე, შენს ნათითურს ვერ შევჭამთო“. ისე ძალიან მეწყინა, რომ აბაზანაში გავიქეცი და ტირილი დავიწყე. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მოვწონდი, რატომ ვეზიზღებოდი - დაბანილიც ვიყავი და კარგი სუნიც ამდიოდა“, - ამბობს ის.

15 წლისა ემა სოხუმში, უფროს დასთან გადავიდა საცხოვრებლად. ის არ ერიდებოდა კონსერვატიულ საზოგადოებას: თმა გაიზარდა და, როგორც თავად ამბობს, ჰორმონალური მედიკამენტების მიღება დაიწყო, იმის, რაც აფთიაქებში იყიდებოდა. მალევე მიხვდა, რომ სოხუმიდანაც უნდა წასულიყო.

ემა ჰყვება, რომ აფხაზეთში ხშირად გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ აფხაზურ Telegram-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უცნობები ღამით ემას ეკითხებიან: „ბიჭი ხარ თუ გოგო?“ ისიც პასუხობს: „ბიჭი“.

ძალიან კარგად იცოდნენ, ვინც ვიყავი, „გენიტალიები ნანახი ჰქონდათ“, - ამბობს ემა.

„ეს კითხვები მხოლოდ ვიდეოს გადასაღებად დამისვეს, ვითომ, აი, აფხაზეთში გეი კაცი, ტრანსგენდერი ადამიანი დავიჭირეთო. მათ ვიდეოზე არ გადაუღიათ ის, რაც მანამდე ხდებოდა. იმიტომ რომ ხდებოდა დედის*****. და ეს რომ გადაეღოთ, საკუთარ თავს კომპრომატს შეუქმნიდნენ“.

- გცემეს? - ვეკითხები.

- ტყეში შემათრიეს, ასე, ქურთუკზე წამავლეს ხელი. ვყვიროდი. ფეხებს მირტყამენ, მთელი სხეული მტკიოდა. მკერდში მირტყამდნენ, ვერ ვსუნთქავდი. შემდეგ კი ის გააკეთეს, რაც უნდოდათ. ხმამაღლა არ ვიტყვი, ისედაც გასაგებია რა ქნეს. მერე თმა შემაჭრეს. ხელისგულზე მათი წყალობით იარა დამრჩა, იმიტომ რომ შემთხვევით ხელი სახესთან მივიტანე“, - ემა ხელს მაჩვენებს.

სოხუმის ბულვარი. ნოემბერი, 2024.
სოხუმის ბულვარი. ნოემბერი, 2024.

ემა ამბობს, რომ აფხაზეთის ე.წ. სუსმა საქმე არ გამოიძია. მხოლოდ იმისთვის დამიბარეს, რომ გავეფრთხილებინეთ, „საქართველოში ჟურნალისტებისთვის აფხაზეთზე ცუდი არაფერი მეთქვა“.

„მემუქრებოდნენ, ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ მოგცემთო. სულ არ ადარდებდათ, ვინ გააკეთა ეს“, - ამატებს ემა.

ტელეგრამზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მასზე ნადირობა დაიწყეს. 2025 წლის 10 იანვარს მას ისევ დაესხნენ თავს. გაძევებით დაემუქრნენ და უთხრეს: „დაიბრუნე ბიჭობა“. როცა მიხვდა, რომ ძველებურ ცხოვრებასთან დაბრუნება აღარ შეეძლო, გაქცევაზე დაიწყო ფიქრი.

„იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გადამერჩინა თავი. ვიფიქრე, დასაწყისისთვის საქართველოში მაინც გადავალ-მეთქი. არ მიფიქრია, რო, აი, პირდაპირ ევროპაში წავიდოდი საცხოვრებლად“.

თავად ემამ დაიწყო ისეთი ადამიანების ძებნა თბილისში, რომლებიც წასვლაში დაეხმარებოდნენ. მან ასეთი ადამიანები იპოვა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, მათ ვინაობას არ ვამხელთ. „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ემას მართლაც დაეხმარნენ თბილისში ჩასვლაში.

ემა ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სანამ საქართველოს პასპორტს იღებდა. მეუბნება საქართველოში დავბრუნდებიო.

„თბილისზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ დროს მოვხვდი - მიჭირდა, ძლივს დავდიოდი. ყველაფერი მაშინებდა“.

თავს ქართველად ვთვლიო, მეუბნება.

„მე 100%-ით ქართველი ვარ, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ჩემმა ოჯახმა, რომ აფხაზები არიან. სულ მცირე, მე ქართული ცხვირი მაქვს. თავს ნამდვილ, სუფთა სისხლის ქართველად ვთვლი. დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი. ძალიან კარგად ვლაპარაკობ აფხაზურად, როგორც მშობლიურ ენაზე. ქართული არ ვიცი, მაგრამ მეგრული ვიცი. ერთმანეთს ხშირად ველაპარაკებოდით აფხაზურად, ასევე რუსულად და მეგრულად.“

თბილისში ემას ევროპაში ქვეყნის არჩევაში დაეხმარნენ; მოხალისეებმა ის უფრო შორს გადაიყვანეს. ამბობს, რომ ახლა საფრანგეთში ეხმარება ორგანიზაცია, რომელიც მშობლების გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანებზე ზრუნავს.

„მხეცურად მომექცნენ“

„საფრთხობელებო! თქვენ არავინ და არაფერი ხართ ამ ცხოვრებაში! ეს პასპორტი არაფერს წარმოადგენს. შემიძლია ავიღო და დავხიო. თქვენ არარაობები ხართ. თქვენი ქვეყანა ფერფლია“, - ამბობს ემა რუსულად, იღებს მწვანე პასპორტს და პირდაპირ ეთერში ცეცხლს უკიდებს.

ემას ანგარიში სოციალურ ქსელ TikTok-ში
ემას ანგარიში სოციალურ ქსელ TikTok-ში

ემა ამას არა პოლიტიკურ პროტესტად, არამედ დაგროვილი ტკივილის აფეთქებად მიიჩნევს. იმ ტკივილის, რომელიც „მხეცურმა მოპყრობამ“ მიაყენა, იმან, თუ როგორ უჭერდა მხარს საზოგადოება მასზე მოძალადეებს. თანაც „დამამშვიდებელი ნივთიერებების“ ზემოქმედების ქვეშ ვიყავიო.

„[დამამშვიდებელ ნივთიერებებს] იმიტომ არ ვხმარობ, რომ დალხენილად ვცხოვრობ. უბრალოდ, ყოველდღე ისტერიული შეტევები მაქვს და ვცდილობ, როგორმე შინაგანი ტკივილი გავიყუჩო. გული მტკივა არა იმის გამო, რომ ქვეყნიდან გამომაგდეს, არამედ იმის გამო, როგორ მხეცურად მომექცნენ და როგორ დაიჭირა ხალხმა ამ არაადამიანების მხარე. როგორ მოექცნენ დაუცველ ბავშვს... მე ბავშვი ვარ და არა ზრდასრული.

მეუბნებიან, რატომ დაწვი პასპორტიო? იმიტომ, რომ ასეთი სისასტიკით მომექცნენ. აღარ შემეძლო ამის ატანა, ჩავრთე სტრიმი და ხალხმა დაიწყო იმის წერა, რომ მოსაკლავი ვიყავი, რომ ჩემი ძველი სახელით უნდა მოემართათ. ამან წყობიდან გამომიყვანა იმ მომენტში და მეც შესაბამისად ვუპასუხე. ვთქვი, რომ ისინიც უნდა განადგურებულიყვნენ, რადგან სიკვდილს უსურვებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი დაუშავებიათ. ავდექი და ცეცხლი წავუკიდე იმ პასპორტს. დავაფურთხე. და გადავაგდე.“

რამდენიმე დღის შემდეგ, ემას Telegram არხზე გამოჩნდა პოსტი: „ვფიქრობ, ბოდიში მოვუხადო ქვეყანას, რომ დედაჩემს დაველაპარაკო“.

შემდეგ მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ დედამისის ნაცვლად, მისთვის უნდა მოეთხოვათ ბოდიშის მოხდა, რადგან დედამისი აღარ იყო მასზე პასუხისმგებელი. თუმცა იმავე ვიდეოში ემა ამბობს, რომ მას „არაფერი აქვს საბოდიშო“.

ბოდიშის მოხდაზე სისუსტის მომენტებში ვფიქრობ ხოლმეო, - ამბობს, - როდესაც დედა მენატრებაო.

ოკუპირებული სოხუმი. სექტემბერი, 2024.
ოკუპირებული სოხუმი. სექტემბერი, 2024.

ცხოვრების თავიდან დაწყება

ემა ამბობს, რომ საფრანგეთში სულ სხვანაირად შეხვდნენ - „მიიღეს“, რასაც არ მოელოდა.

„აქ ძალიან კარგად გექცევიან. არ არსებობს კარგი და ცუდი ადამიანი, არ მიაჩნიათ, რომ განსხვავებული ცუდს ნიშნავს“.

ემა მომავლის გეგმებზე მარტივად, ბავშვურად მსჯელობს: მოქალაქეობის მიღება, ფულის შოვნა, ბინის ყიდვა, ბიზნესის დაწყება „სიბერის ჟამს“.

- არაფერი გენატრება აფხაზეთში? - ვეკითხები ემას.

- არაფერი. არ მენატრება აფხაზეთი. ერთადერთი რამე მენატრება - აბისტა (სიმინდის ფქვილის ღომი). მარა მალე სახლშიც გავაკეთებ. სულ ესაა, არაფერი მენატრება. საშუალებასაც კი არ მაძლევენ. იმდენ სიველურეს მწერენ, კიდევ კარგი, რომ დავახვიე იქიდან“.

როცა საფრანგეთში ემას ეკითხებიან საიდან ხარო, ის პასუხობს: „თბილისიდან“. მინდა რომ ჩემი წარმომავლობა დავივიწყოო, და იქვე ამატებს, მეეჭვება რომ შევძლოო.

„ეს ჩემი ცხოვრების, ჩემი ისტორიის ნაწილია. იმდენად გახრწნილი ხალხი ცხოვრობს იქ, რომ უბრალოდ არც კი მინდა იმაზე ფიქრი, რომ იქიდან ვარ.“

ახლა მასთან ფსიქოლოგი მუშაობს. არის ხოლმე მომენტები, როდესაც მოულოდნელად ტირილი უტყდება. ასეთ დროს, როცა რაღაც ახსენდება, მეგობარს ურეკავს. უნდა ვიმკურნალო და ამ „დამამშვიდებელ ნივთიერებებს“ თავი უნდა დავანებოო.

„რამენაირად უნდა შევძლო ცხოვრების გაგრძელება. ჯერ ახალგაზრდა ვარ, მთელი ცხოვრება წინ მაქვს“.

აფხაზეთში ლგბტქ+ უფლებები უხილავი და შეუსწავლელია. ითვლება, რომ კონსერვატიულ და მკაცრად „ტრადიციულ“ აფხაზურ საზოგადოებაში ქვიარ თემის წევრები „არ არსებობენ“.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა ან კვლევები, რომლებიც ასახავდა ლგბტქ+ თემის პრობლემებსა და დისკრიმინაციის მასშტაბს.

ანგარიშები ფოკუსირებულია ადამიანის ზოგად უფლებებზე და არა კონკრეტულად ლგბტქ+ საკითხებზე. Freedom House-ის (2022) თანახმად, რეგიონს არ გააჩნია სანდო სამართლებრივი მექანიზმები ლგბტქ+ პირების დისკრიმინაციისგან დასაცავად.

2023 წელს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" (DRI) გამოაქვეყნა ფაქტების ფურცელი აფხაზეთში ლგბტქ+ პირების მდგომარეობის შესახებ. მასში შევიდა ანონიმური ინტერვიუები სამ ადამიანთან, რომლებიც ჰყვებიან ძალადობის, მუქარისა და ოჯახის გაძევების მუქარაზე, ქამინგ-აუთის შემდეგ.

XS
SM
MD
LG