„არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.
რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით“, - წერს დიმიტრი ცქიტიშვილი „ფეისბუკში“.
უფრო ადრე, 5 სექტემბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამაც: „გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს“.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო პარტია დატოვა „გახარია საქართველოსთვის“ პარტნიორი პარტიის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემაც.
„დღეს უკვე მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე „ლელო“...
ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, „ლელოში“ ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“, - დაწერა საბა ბუაძემ „ფეისბუკში“.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ - ასეთი [თბილისის მერობის] კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ფორუმი