როგორც წესი, ბრალდებულსა და მსჯავრდებულ პატიმარს უფლება აქვს ციხიდან გაგზავნოს წერილები, დაურეკოს ახლობლებს და ჰქონდეს პაემანიც. ამას „პენიტენციური კოდექსი“ არეგულირებს.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება“, - წერია დადგენილებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მსგავს საქმეებზე ბრალდებულებს მსგავს შეზღუდვებს უწესებს:
„მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე მსგავსი პრაქტიკა არსებობს და ხაბეიშვილი გამონაკლისი ვერ იქნება. გარდა ამისა, რა საფუძვლებითაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, პრაქტიკულად იგივე არგუმენტებია შეზღუდვების შემთხვევაშიც“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სატელევიზიო ერთებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც. ამ ორივე ბრალით მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, რომელმაც თავდაპირველად გასცა ხაბეიშვილის დაკავების განჩინებაც, პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამით მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ადვოკატების მოთხოვნა კი ნაწილობრივაც კი არ დააკმაყოფილა - დაცვის მხარე ითხოვდა ხაბეიშვილს პატიმრობის ნაცვლად დასწესებოდა სხვა ყველა შეზღუდვა: გირაო, სახლიდან გაუსვლელობა, სამაჯური და აეკრძალათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაც კი.
ფიქრია სიქტურაშვილი მოსამართლედ 2025 წლის ივლისში დაინიშნა. მანვე მიიღო პატიმრობაში მყოფი ქალი მასწავლებლის, ნინო დათაშვილისთვის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება. სიქტურაშვილის ქმარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
ფორუმი