დედამ უთხრა, მთელი ოჯახი მაგ ბრძოლაში ვართ, მე არ ვიცი გადაიხდის თუ არა ჯარიმასო, როცა კითხა, რატომ არ ვიხდიდი ჯარიმას. მე არანაირი ქონება არ მაქვს, ეს არის ბაბუაჩემის სახლი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ბებიამ მიიღო მემკვიდრეობით", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია ლეთოდიანი. მან აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს სთხოვა აღწერა ორშაბათისთვის გადაედო, რადგან მანამდე დრო სჭირდებოდა ადვოკატთან კონსულტაციის გასავლელად. ოქმში, რომელიც აღსრულების ბიუროს ქვემო ქართლის განყოფილების წარმომადგენელმა ლეთოდიანის სახლში შეადგინა, მან მიუთითა, რომ არცერთი ნივთი, რაც ამ სახლშია, მის საკუთრებას არ წარმოადგენს.
"როცა მოვიდა, დედას უთხრა, მხოლოდ ტექნიკა უნდა აღვწეროო, მერე მე რომ მივედი, მითხრა, ყველაფერი უნდა აღვწერო, ავეჯიც, რადგან ესენიც მოძრავ ქონებას წარმოადგენს და თუ არ გადაიხდი ამ ჯარიმას, მერე აღსრულების პოლიციას გადავცემ საქმესო. თავიდან მაწვებოდა, რატომ არ იხდი ჯარიმას, ნაწილ-ნაწილ ხომ არ გირჩევნია გადახდაო. მე ავუხსენი, რომ პრინციპულად არ ვიხდიდი პროტესტის ნიშნად და ვკითხე, თუ ჰქონდა ნანახი, რის გამო ვიყავი დაჯარიმებული. ვკითხე კიდეც, ადმინისტრაციული ჯარიმის გამო რამდენი შემთხვევა გაქვთ, რომ სახლში მისულხართ და ყველაფერი აღგიწერიათ? პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა ეტყობოდა, რომ თვითონაც უხერხულად გრძნობდა თავს", - ჰყვება ნათია.
31 იანვარს ბათუმში პროტესტის ნიშნად "ზებრაზე" სიარულის გამო 23 ადამიანი ჯამში 115 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის სასამართლომ. დემონსტრანტების საქმეებს განიხილავდნენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ალექსანდრე გოგუაძე, ჯუმბერ ბეჟანიძე და მარიანა ფომაევა.
ნათია ლეთოდიანი აფხაზეთიდან არის დევნილი. ის პარტია "დროას" წევრია.
ნათია ლეთოდიანის მამა, კობა ლეთოდიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია. მან ერთი თვალი ომში დაკარგა, მეორე 2019 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას.
ლეთოდიანების ოჯახს, როგორც დევნილებს, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ამ დრომდე არ აქვთ მიღებული.
ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ბიუროს გამოჩენას რუსთავის ქალთა ციხიდან წერილით გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.
"როდის მიხვდებით, რუსებო, რომ ვერ შეგვაშინებთ? ნათია ლეთოდიანის იქით გეშინოდეთ. თავისი პრინციპულობით და უკვე რამდენწლიანი ბრძოლით, ყველა ხელისუფლების პირობებში, ვეღარც ვითვლი.
ნათიას მამამ ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა (ხვალ 27 სექტემბერია, სოხუმის დროებით ოკუპაციის დღე, უჯიშოებო!) და მეორე 20 ივნისს რუსული რეჟიმის ტყვიებით. აი, ეს ხართ თქვენ და კიდევ ბედავთ სახლში მისვლას ნათიასთან.
მაინც ვიბრძოლებთ, მაინც მოვიგებთ!" - წერს ის 26 სექტემბერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ფორუმი