Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 დემონსტრანტს მოსამართლე კალატოზიშვილმა „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა 4 ოქტომბრის საქმეზე


არსენ კალატოზიშვილი, მოსამართლე
არსენ კალატოზიშვილი, მოსამართლე

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შვიდ დემონსტრანტს (ვლადიმერ გველესიანი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, კონსტანტინე კოკაია, კობა ეპიტაშვილი), რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობდნენ.

გადაწყვეტილება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოცხადდა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 46 დემონსტრანტიდან პატიმრობა შეუფარდეს 26-ს - უკლებლივ ყველას, ვისი საქმეც განიხილეს.

წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 15:00-ზე დაინიშნა. სხვა ბრალდებულების საქმე ამავე დღეს განიხილება.

ბრალდებულების შესახებ:

  • ბათუმელი ვლადიმერ გველესიანი თბილისში ცხოვრობს. 43 წლის კაცი დაოჯახებული არ არის. არც ნასამართლევი არ ყოფილა. ამჯერად მუშაობს სამშენებლო სექტორში;
  • 50 წლის ნიკა გვენცაძე მარკეტერია. წლების განმავლობაში იყო სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელის“ (წლების წინ კომპანია „სილქნეტმა“ შეიძინა) მარკეტინგის მენეჯერი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და თავადაც კითხულობდა ლექციებს „ჯიპაში“. არც ის არ არის დაოჯახებული;
  • 49 წლის მამუკა ლაბუჩიძე თბილისში ცხოვრობს და სამშენებლო სფეროში მუშაობს. დაოჯახებული არ არის;
  • გურიელ ქარდავა ხონის საკრებულოს დეპუტატი 2021 წელს გახდა. ის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. მისი ხმა სხდომაზე გარკვევით არ ისმოდა;
  • „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი ზურაბ ჭავჭანიძე 59 წლის არის. ის დაოჯახებულია;
  • დაკავებულების ამ ჯგუფს შორის ყველაზე ასაკოვანი 64 წლის კონსტანტინე კოკაიაა. ის დაოჯახებულია;
  • 59 კობა ეპიტაშვილი თბილისში ცხოვრობს. არც ის არ არის ნასამართლევი. ამჯერად მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე.

შვიდივე დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ყველას წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. მისი თქმით, არის ახალი დანაშაულის ჩადენის „მომეტებული საფრთხე“:

„დროის მოკლე პერიოდში და ინტერვალში ჩადენილია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“.

პროკურორის ამ სიტყვებმა გააღიზიანა „ბათუმელი მედროშე“ ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც ფეხზე წამოდგა და მას მიმართა:

„კარგით, რა! კარგით, რა!.. მთელი ცხოვრების განმავლობაში კანონმორჩილ, პატიოსან ადამიანად ვითვლები, არანაირად ჩემში არ ზის, რომ მე ვიყო მოძალადე, ამას როცა მეუბნებიან, როგორ აღვიქვა მე“.

  • ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, კონსტანტინე კოკაია, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი აქვს, ვითარების განმუხტვას ცდილობდა და ეს ჩანს ვიდეოკადრებშიც. მანვე დასძინა, რომ კოკაიაზე საპროტესტო აქციის დროს იძალადეს პოლიციელებმა.

    ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს მის მძიმე მდგომარეობას. მას მიაჩნდა, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ თუ მოსამართლე მაინც გადაწყვეტდა რაიმე შემზღუდველი ღონისძიების გატარებას, მხარე 7000 ლარის გადახდაზე იყო თანახმა.
  • ნიკა გვენცაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძეა. მისი თქმით, ბრალდების მიხედვით, გვენცაძე მონაწილეობდა ჯგუფურ დანაშაულში და ცდილობდა სტრატეგიული ობიექტის დაკავებას. თუმცა წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებაში ეს არ ჩანს;
  • გურიელ ქარდავას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გურიელ ქარდავას ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას და კავშირს ორგანიზატორებთან;
  • მამუკა ლაბუჩიძის ადვოკატი აიჰან ჰასანლი მოსამართლეს უხსნიდა, რომ პროკურატურას ერთი ქმედებისთვის წარდგენილი აქვს ორი ბრალი;
  • ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატმა ნინო ლომინაძემაც აღნიშნა, რომ წაყენებული ბრალი არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
  • 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

  • იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
  • 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
  • 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე. მათი ინიციალებია: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ. მოგვიანებით გაირკვა, რომ დააკავეს კიდევ ერთი დემონსტრანტი ნანა სანდერი;
  • 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძეა;
  • 9 ოქტომბერს პოლიციამ კიდევ ექვსი დემონსტრანტი დააკავა, ჯამში საპატიმროში 44 ადამიანი იყო;
  • 10 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში ორი ადამიანი დააკავეს.

4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG