Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა გზის გადაკეტვისთვის, პიროტექნიკისთვის და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - „ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტი


ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამკაცრებს კანონებს დემონსტრანტებისთვის. ახლა უკვე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

სიახლეები მედიას გააცნო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში დემონსტრანტს, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული აქციაზე ნიღბის ტარების გამო. იგივე სახდელი დაეკისრებათ მათ, ვისაც ექნება ცრემლმდენი საშუალება აქციაზე ან განზრახ დააბრკოლებს ხალხის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა ირაკლი კირცხალიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:

„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.

უკვე 320 დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები იკრიბებიან გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად დემონსტრაციები არ წყდება.

რამდენიმე დღის წინ, 6 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ყოველდღიურად კეტავენ პარლამენტთან რუსთაველის გამზირს. „მიიღებდნენ პასუხს“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG