შალვა პაპუაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს პლატფორმა X-ზე და ასე აღწერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს:
„რომ იცოდეთ: ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, დედაქალაქის მთავარი გამზირია. თქვენ თვალს ადევნებთ რამდენიმე ათეული რადიკალის სცენას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა. ისინი გზას კანონის დარღვევით კეტავენ".
პაპუაშვილი წერს, რომ "საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეუთოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ყველგან შეკრების უფლების გარანტიას იძლევა და გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ტროტუარზე დიდი რაოდენობის ხალხის განთავსება შეუძლებელია" და შეკრების უფლება ერთხელაც არ დარღვეულა "ბოლო 13 წლის განმავლობაში".
"ასევე ხედავთ, მინისტრის უკან, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც იმ რამდენიმე ათეულზე ათჯერ მეტი ხალხი, მათ შორის თავად ფინელი მინისტრი, ადვილად შეიძლება განთავსდეს მშვიდობიანი შეკრებისთვის, მოძრაობის გადაკეტვის გარეშე.
ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც მიიღეს იმავე ქალაქში, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული“, - წერს შალვა პაპუაშვილი პლატფორმა X-ზე.
1961 წლის 18 აპრილს ვენაში მიღებული კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ეხება დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და განმარტავს მათთვის მინიჭებულ უფლებებს, იმუნიტეტსა და პრივილეგიებს "ადგილსამყოფელ" (მასპინძელ) ქვეყანაში. 41-ე მუხლის პირველ პუნქტში კი წერია, რომ "თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, რომლებიც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ, ვალდებულია პატივი სცეს მასპინძელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში".
პაპუაშვილის აზრით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს.
რუსთაველის საპროტესტო აქციაზე ჩაწერილი ვიდეოს შემდეგ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო" გაუქმდა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა.
14 ოქტომბერს ის „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა და იქვე გადაიღო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელიც X-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ელინა ვალტონენი მიმართვაში აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები.
"ხედავთ, მინისტრის უკან, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც იმ რამდენიმე ათეულზე ათჯერ მეტი ხალხი, მათ შორის თავად ფინელი მინისტრი, ადვილად შეიძლება განთავსდეს მშვიდობიანი შეკრებისთვის, მოძრაობის გადაკეტვის გარეშე", - წერს პაპუაშვილი.
15 ოქტომბრის, გარდა ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრისა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივით გაუქმდა, ელინა ვალტონენს, საქართველოს დატოვებამდე, ვიზიტის დღის წესრიგში ოკუპაციის ხაზის მონახულება ჰქონდა.
ფორუმი