Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ოქმს უდგენდა ქალს, რომელსაც სტომატოლოგიური პრობლემის გამო პირბადე ეკეთა


ფოტოკოლაჟი: პოლიცია კონცერტიდან სახლისკენ მიმავალ ქალს დაჯარიმებას უპირებდა
ფოტოკოლაჟი: პოლიცია კონცერტიდან სახლისკენ მიმავალ ქალს დაჯარიმებას უპირებდა

პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას უპირებდა ქალს, რომელიც მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან“ ერთ-ერთი კორეელი პოპ-მუსიკოსის კონცერტის დასრულების შემდეგ მოხვდა.

პოლიციას იფიქრა, რომ ქალი პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციის მონაწილე იყო და სახეს პირბადით ამ მიზეზით იფარავდა, თუმცა მას სტომატოლოგიური პრობლემა ჰქონდა.

„პირადობა წარმომიდგინეთ“, - მიმართა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს.

„აქ რა ხდება?! კონცერტიდან მოვდივარ. ბილეთიც მაქვს“, - უთხრა მან პოლიციელებს და დემონსტრაციულად აჩვენა კორეელი პოპ-მუსიკოსის პლაკატიც.

პოლიციელი: „პირბადე უნდა ჩამოგართვათ“.

ქალი: „ვერ მოვიხსნი“.

პოლიციელი: „რატომ?“

ქალი: „ვერ ვლაპარაკობ... იმიტომ, რომ კბილები არ მაქვს...“

პოლიციელი: „რას ჰქვია, არ გაქვთ?!“

პოლიციელის ამ ნათქვამმა ქალი გააბრაზა.

„არ მაქვს. რა საქციელია, პირბადე რომ მიკეთია, ამის გამო უნდა გამაჩეროთ?“ - უთხრა გაბრაზებულმა ქალმა პოლიციელებს და სტომატოლოგიური პრობლემა ანახა.

ამის შემდეგ მას კონცერტის ბილეთის ჩვენება მოსთხოვეს.

„კარგით. თავისუფალი ბრძანდებით. ჩვენი საქმე ეს არის“, - უთხრა პოლიციელმა ქალს, რომლის დაჯარიმებასაც აპირებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს.

19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.

კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.

მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:

„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG