ისრაელის სამხედროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ცხედრები არ ეკუთვნოდა 11 გარდაცვლილი მძევლიდან არცერთს.
მძევლების ცხედრების გადაცემა ისრაელისთვის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობაა.
ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან დაბრუნებული 17 ცხედრიდან 15 ისრაელის, ერთი ტაილანდის და ერთი ნეპალის მოქალაქეს ეკუთვნის.
10 ოქტომბრის ზავის ამოქმედებიდან ჰამასმა (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია) დააბრუნა 20 გადარჩენილი მძევალი, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იყვნენ და დაიწყო გარდაცვლილი მძევლების ცხედრების დაბრუნების პროცესი.
ისრაელი ჰამასს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში, რადგან ცხედრები საკმარისად სწრაფად არ დააბრუნა, თუმცა პალესტინური დაჯგუფება აცხადებს, რომ ღაზის ნანგრევებში დამარხული გვამების პოვნას დრო დასჭირდება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმების პირველი ფაზა ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, 251 კი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი