Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინის ხმა“ - ციურიხში გააპროტესტეს ოპერის სცენაზე ანა ნეტრებკოს გამოსვლა


ფოტო არქივიდან. 2014 წელს ანა ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის ოპერის თეატრს და ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე.
ფოტო არქივიდან. 2014 წელს ანა ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის ოპერის თეატრს და ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე.

უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტების ჯგუფმა შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ოპერის თეატრთან გააპროტესტა ამ თეატრის სცენაზე რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს გამოსვლა.

2 ნოემბერს ნეტრებკომ მთავარი პარტია შეასრულა ვერდის ოპერაში „ბედის ძალა“. ციურიხის ოპერის თეატრში ამ ახალ დადგმას კიდევ ცხრაჯერ უჩვენებენ და ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

შვეიცარიული გამოცემა Tages Anzeiger-ი წერს, რომ 2 ნოემბერს, საღამოს ოპერის შესასვლელთან შეიკრიბნენ დემონსტრანტები უკრაინის დროშებით. ისინი ნეტრებკოს უწოდებდნენ „პუტინის ხმას“ და ცდილობდნენ ოპერაში მისული მსმენელებისთვის დაერიგებინათ რუსი სოპრანოს საწინააღმდეგო ბროშურები. გამოცემის თანახმად, უმრავლესობა ბროშურების მიღებაზე უარს ამბობდა და თეატრში მდუმარედ შედიოდა.

ერთ-ერთმა მაყურებელმა Tages Anzeiger-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ ნეტრებკოს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი ადრე ჰქონდა, ახლა კი სრულიად აპოლიტიკურია. კიდევ ერთმა გამოცემას განუცხადა, რომ მსგავსი საპროტესტო აქციები ორგანიზატორებისთვის ერთგვარი ჰობი გახდა.

უკრაინის ელჩმა შვეიცარიაში ირინა ვენედიკტოვამ 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა ღია წერილი მოთხოვნით, გაუქმებულიყო ანა ნეტრებკოს გამოსვლა. წერილს ხელი მოაწერა უკრაინის და შვეიცარიის საზოგადოების 90-მდე წარმომადგენელმა.

ციურიხში ნეტრებკოს გამოსვლის წინააღმდეგ შეიქმნა ონლაინ-პეტიციაც, რომელსაც ხელი მოაწერა 1400-ზე მეტმა ადამიანმა.

თავის მხრივ, ციურიხის ოპერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ანა ნეტრებკო რუსეთის ხელისუფლებისგან დისტანცირებულია და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კრემლის მოქმედებების გამო, მიუღებელია. ციურიხის ოპერის ადმინისტრაციაში ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ჯერ კიდევ 2022 წელს ჩაატარეს საქველმოქმედო კონცერტი.

2012 წელს ანა ნეტრებკო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საჯაროდ უჭერდა მხარს ვლადიმირ პუტინს და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

2014 წელს ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა რუსეთისგან მართული სეპარატისტების მიერ კონტროლირებული უკრაინის ქალაქის, დონეცკის ოპერის თეატრს და ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს სოპრანოს, ანა ნეტრებკოს, ევროპის და აშშ-ის თეატრებთან პრობლემები შეექმნა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. ბევრმა თეატრმა მასთან თანამშრომლობა შეაჩერა.

2022 წლის მარტში ნეტრებკომ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ომს გმობს და რუსეთის ხელისუფლებაში არავის მოკავშირე არ არის. მოგვიანებით არაერთმა თეატრმა ანა ნეტრებკოსთან თანამშრომლობა განაახლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG