ეს მაშინ ხდება, როცა კონგრესში ვერ თანხმდებიან მომდევნო წლის ბიუჯეტზე. შეერთებულ შტატებში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით გაგრძელებას, ზედა პალატაში, სენატში კი გადაწყვეტილების მიღება დღემდე ვერ მოხერხდა ათზე მეტი კენჭისყრის მიუხედავად.
შესაბამისად, დაახლოებით 1,4 მილიონი ფედერალური მოხელე იძულებით შვებულებაშია ან უხელფასოდ მუშაობენ, მილიონობით ამერიკელს კი შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.
მათ შორის, ვინც უხელფასოდ მუშაობს, დაახლოებით 13 ათასი ავიადისპეტჩერიცაა. შეერთებული შტატების ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ ერთ კვირაში „შათდაუნი“ არ დასრულდება, დაიწყება ავიარეისების მასობრივად გადადებითა და გაუქმებით გამოწვეული ქაოსი და ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, საჰაერო სივრცეც დახურონ.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარი საგანია ჯანდაცვის ხარჯები, რომელთა შემცირებაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა.
დემოკრატები აცხადებენ, რომ „შათდაუნის“ შეწყვეტას და ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით აღდგენას მხარს დაუჭერენ, თუ შეთანხმდებიან დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირების გაგრძელებაზე. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ ჯანდაცვის საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტამდე დემოკრატებმა მხარი დაუჭირონ „შათდაუნის“ შეწყვეტას.
წლევანდელი „შათდაუნი“ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
მანამდე სარეკორდოდ ითვლებოდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს გამოცხადებული „შათდაუნი“, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა. მაშინ დავის საგანი იყო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ტრამპის გეგმისთვის, რომელიც მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებდა.
კონგრესი ორჯერ შეთანხმდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებაზე, რამაც 22 დეკემბრამდე გასტანა, 2018 წლის 22 დეკემბრიდან გამოცხადებული „შათდაუნი“ კი 2019 წლის 25 იანვარს დასრულდა.
ფორუმი