გარდა ამისა, შვიდ ადამიანს, მათ შორის პატიმრობაში მყოფ ორ პირს, საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიების მიხედვით:
- „დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ“;
- „ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი მირზა ალიევის დასაკავებლად სპეცოპერაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში ჩატარდა.
„ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, - თქვა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე ცნობით, ამავე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. მიქაძე საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ორივე მათგანს ბრალს წაუყენებენ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მუხლებით.
ფორუმი