Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: კაბალში „კრიმინალური ავტორიტეტის“ დაკვეთით მკვლელობა იგეგმებოდა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იგეგმებოდა მკვლელობა, რომლის დამკვეთიც საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“ ელმურაზ მამედოვი იყო. პოლიციამ დააკავა 18 წლის პირი, რომელსაც დაკვეთა უნდა შეესრულებინა.

„[დაკავებულს] ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის - გადახდაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

დაკავებულს პოლიცია ედავება შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ელმურაზ მამედოვს, რომელსაც შსს „კრიმინალურ ავტორიტეტად“ მოიხსენიებს, რამდენიმე ბრალი აქვს დაუსწრებლად წაყენებული - „მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის.“

მამედოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ე.წ. წითელი ცირკულარით ეძებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG