ეს არის ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო თავდასხმებისთვის, ისე ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 56 წლის იყო, 1969 წელს აწყობილი.
თურქულ მედიაში ვრცელდება უწყების განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„საქართველოში ჩამოვარდა C130 სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო“.
საზღვართან მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
"სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
"თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა - შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს. ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს", - ეს განცხადება საქაერონავიგაციამ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ორი საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
სოციალურ მედიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის რამდენიმე მოკლე ვიდეო ვრცელდება. ერთ-ერთ მათგანზე ჩანს, რომ თვითმფრინავის სრული კორპუსი და მისი ფრაგმენტი ცალ-ცალკე ეშვება მიწაზე. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პილოტმა კატაპულტირება მოახერხა - ამ ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის ვერ შეძლო.
აზერბაიჯანული მედია ავრცელებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილსაც, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს გაუგზავნა.
„ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგიკული ამბით, განჯიდან აფრენილი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შედეგად.
ამ მწუხარების წუთებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს.
მათი სულები მშვიდობით განისვენებენ“, - ნათქვამია წერილში.
მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ცნობები თბილისის დროით 17:20 საათისთვის, არ არსებობს. ამ ტიპის თვითმფრინავები 60 მგზავრზეა გათვლილი.
ფორუმი