Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური „სიცრუის კამპანიას“ უწოდებს მედიით გავრცელებულ ცნობებს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე


გლდანის მერვე დაწესებულება
გლდანის მერვე დაწესებულება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბოლო 16 საათის განმავლობაში, უკვე მეორედ ავრცელებს განცხადებას და ეხმაურება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას საპატიმროებში არსებული რთული პირობების შესახებ.

15 ნოემბერს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში, უწყება ირწმუნება, რომ რომ ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ცნობები, რომლებიც პატიმრებისა და მათი ადვოკატებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების მტკიცებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს, ხოლო სამედიცინო მომსახურებას პატიმრებს უწევენ „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად“.

„დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში“, - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება საკვების ხარისხს, 16 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ „საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენიცური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება“.

მათი განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება:

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები".

15 ნოემბერს, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის თანახმად, რომელიც პროევროპული აქციებისას დაკავებული სტუდენტის, რეზო კიკნაძის გამოგზავნილ წერილს ეყრდნობა, ციხეში გათბობა ჯერ არ ჩაურთავთ. რეზო კიკნაძის ამავე წერილის თანახმად, პატიმრებს არ აქვთ საშუალება დროულად მიიღონ მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება.

ამავე გადაცემაში საუბარი იყო იმაზეც, რომ პატიმრების თქმით, ციხეებში კერძები მზადდება უხარისხო, გაფუჭებული და გაურეცხავი პროდუქტისგან.

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული რთული პირობების შესახებ ბოლო თვეებია აქტიურად საუბრობენ პროევროპული აქციებისას დაკავებულები და მათი ადვოკატები. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ციხიდან წერილი გაავრცელა და იქ არსებულ მძიმე ჰიგიენურ პირობებზე ილაპარაკა, ანასტასია ზინოვკინაა.

მოგვიანებით, ქალის მეგობარმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სადაც მან აღწერა, რა გარემოში უწევს პატიმარს გართულებული ჯანმრთელობის გამო წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG