„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება, ამის შესახებ სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი სიტყვებით, ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
პაპუაშვილის სიტყვებით, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც, მისი განმარტებით, კონსტიტუციის სრული დაცვით აირჩა 2006 წელს.
"ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება”, - თქვა პაპუაშვილმა.
“2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის ბრძანებულება იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 8 მაისს გამოსცა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამ დრომდე ფუნქციონირებდა. ამჟამად მას თამაზ ბესტაევი ხელმძღვანელობს, ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, 2007 წლის ივნისში, "კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური „ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე".
"ამ გადაწყვეტილებით, ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის - სამაჩაბლოს - ოკუპაციისთვის."
სადავო პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ჩანს, რომ ეს "გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს „შესაწირი პაიკის“ როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა".
რაც, მისი განმარტებით, ფასდება, როგორც "უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ცვლილებები საერთოდ არ ეხება ცხინვალის ოკუპაციის საკითხს, "აქ სუბიექტები არიან საქართველო და რუსეთი და ე.წ. ადმინისტრაციებს ამ საკითხზე გავლენა არ აქვს".
"იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მის თანახმად, „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
ფორუმი