Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ნატოს შორის დადებული გარიგება შეიარაღების შესახებ უკრაინას გაურკვევლობაში ტოვებს - ჯერჯერობით


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს (მარცხნივ) შეხვდა. ვაშინგტონი, თეთრი სახლი, 14 ივლისი, 2025.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს (მარცხნივ) შეხვდა. ვაშინგტონი, თეთრი სახლი, 14 ივლისი, 2025.

ივლისის დასაწყისში ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის, მათ შორის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების შეძენის შესახებ. გერმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კიევს მალე ორი „პატრიოტი“ გადაეცემოდა, მაგრამ მაინც რჩება შეკითხვები, ნამდვილად მისცემს თუ არა ეს შეთანხმება მომდევნო თვეებში უკრაინას იმას, რაც მას ასე ძალიან სჭირდება.

შეთანხმება, რომლის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ვაშინგტონში 14 ივლისს გამოაცხადეს, არსებითად იმის გაგრძელებაა, რასაც დასავლელი მოკავშირეები უკვე სამ წელზე მეტია, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აკეთებენ: ევროპელები კიევში უკვე არსებულ სამხედრო აღჭურვილობას აგზავნიან და შემდეგ თავიანთ მარაგს ახალი იარაღით - ძირითადად ამერიკულით - ავსებენ.

თუმცა ახლა დიდი განსხვავება ისაა, რომ ევროპელებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არანაირი ახალი ვალდებულება არ აუღია, (თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაპირებული იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება).

ამასობაში ევროპელებმა წარმოება გაზარდეს, რათა დანაკლისი შეევსოთ. გერმანიაში დაფუძნებული კილის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველად, ევროპამ გადაასწრო აშშ-ს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით. ევროპა ახლა 72 მილიარდ ევროს ხარჯავს, ვაშინგტონი კი - 65 მილიარდ ევროს.

უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის ახლა საკითხავი ის არის, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება შემოთავაზებული მექანიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპელებს მოუწევთ მეტი იარაღის შეძენა მას შემდეგ, რაც ივნისში ჰააგის ნატოს სამიტზე პირობა დადეს, რომ 2034 წლისთვის თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტს დახარჯავდნენ. უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ამ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა, რომელიც ანონიმურად ელაპარაკა რადიო თავისუფლებას, თქვა, რომ ივლისის შეთანხმება საუკეთესო გზაა „ამერიკელების უკრაინაში და ზოგადად ევროპაში ჩართულობის შესანარჩუნებლად“, რადგან ევროპის მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდით შეერთებული შტატებიც იხეირებს.

ევროპა მზადაა ინვესტიციები ჩადოს საკუთარ თავდაცვის სექტორში, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ამერიკული იარაღის ყიდვა ურჩევნიათ.

„ან ასე მოხდება, ან უკრაინა იარაღის გარეშე დარჩება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნატოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია. „ვფიქრობ, ევროპულმა მხარემ მკაფიოდ გააცნობიერა, რომ ეს რაღაც ფორმით უნდა მომხდარიყო“.

21 ივლისს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარმა ალიანსმა, რომელშიც შედის ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო და რამდენიმე არაწევრი პარტნიორი, ონლაინ შეხვედრა ჩაატარა ვაშინგტონის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ პირველად. ეს ჯგუფი კიევისათვის დასავლური იარაღის მიწოდების მთავარი ორგანიზატორია. შეხვედრაზე შვიდმა ქვეყანამ გამოთქვა ინტერესი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის შესახებ. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ კანადა, ბელგია, გერმანია, ნიდერლანდი და რამდენიმე სკანდინავიური ქვეყანა.

„პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები ევროპაში 6 ქვეყანას აქვს.
„პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები ევროპაში 6 ქვეყანას აქვს.

„რამშტაინის ჯგუფის“ სახელით ცნობილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგია ის, რომ უკრაინა წარადგენს საჭიროებების დეტალურ სიას, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ფოკუსირებული საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალებზე. შემდეგ ნატო, თავის მხრივ, წარმოადგენს შეფასებას, თუ რა დაჯდება ამ სამხედრო ტექნიკის შეძენა. უფრო მეტი დეტალი შემოდგომაზე გვეცოდინება, როდესაც "რამშტაინის ჯგუფი" კვლავ შეიკრიბება, შესაძლოა - პირველად უკრაინაში.

ახლა მთავარი კითხვაა, თუ რამდენად სწრაფადაა შესაძლებელი სამხედრო ტექნიკის მიწოდება უკრაინისათვის. ევროპული ქვეყნები კიევს წელს 2 მილიონ 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვს მიაწვდიან და რადგან უკრაინა დასავლური დაფინანსებით შიდა წარმოებას იწყებს, ამერიკული ექსპორტის არარსებობით გამოწვეული დანაკლისი შეიძლება შეივსოს.

თუმცა სხვა ვითარებაა საჰაერო თავდაცვის მხრივ. უკრაინას სწორედ აქ სჭირდება ამერიკული იარაღი, კერძოდ, „პატრიოტის“ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები.

„პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპული ალტერნატივა, ფრანგულ-იტალიური SAMP-T, კიევს უკვე მიაწოდეს. რომმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შემოდგომაზე უკრაინაში მესამე ბატარეა გაიგზავნება. თუმცა, ნატოს დიპლომატების თქმით, ამ სისტემის წარმოებასაც და მონტაჟსაც „პატრიოტთან“ შედარებით მეტი დრო სჭირდება. გარდა ამისა, კიევმა ევროპული სისტემის ეფექტურობაც ეჭვქვეშ დააყენა.

14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ახსენა, რომ შესაძლოა „პატრიოტის“ 17 სისტემა იყოს მზად მათი უკრაინისათვის შესაძენად.

გასულ კვირას გერმანიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში ორ ბატარეას გააგზავნის, თუმცა უცნობია, საიდან შემოვა სხვა სისტემები. ამჟამად ექვსი ევროპული ქვეყანა - გერმანია, საბერძნეთი, ნიდერლანდი, პოლონეთი, რუმინეთი და ესპანეთი - იყენებს „პატრიოტის“ სისტემებს, თუმცა ამ ქვეყნებში არსებობს შიში, რომ უკრაინისათვის ბატარეების გადაცემა მათ ცას დატოვებს დაუცველს.

„პატრიოტის“ ორი ძირითადი მწარმოებელი, „ლოკჰიდ მარტინი“ და „რეითეონი“, ევროპული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წარმოებას ზრდიან, თუმცა მუდმივი რუსული თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინა სარგებელს, სავარაუდოდ, მალე ვერ ნახავს.

XS
SM
MD
LG