Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოს ქალაქი კინოთეატრების გარეშე


კინოთეატრი "თბილისი" ბათუმში. 2008 წ.
კინოთეატრი "თბილისი" ბათუმში. 2008 წ.

10 წლის წინ კინომცოდნე ოლიკო ჟღენტმა ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ წარადგინა თავისი წიგნი „ბათუმი კინოში“. ამ გამოცემაში აისახა ცნობები იმ ფილმებზე, რომლებიც აჭარის დედაქალაქში 1918-2012 წლებში გადაიღეს.

ჯერჯერობით „ბათუმი კინოში“ ერთადერთი ქართული წიგნია, რომელიც ეძღვნება კინოფირზე აღბეჭდილ ქალაქს. დაწყებული ივანე პერესტიანის „წითელი ეშმაკუნებით“ (1923), დღემდე აჭარის დედაქალაქში თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ფილმია გადაღებული.

საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად „კინემატოგრაფიულ ქალაქში“ კინოთეატრებიც გაქრა. 2000-იანების დასაწყისში გარემონტდა, მაგრამ დანიშნულება შეიცვალა კინოთეატრ „თბილისის“ შენობამ, სადაც ერთ დროს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმებს უჩვენებდნენ. აქ ახლა „გასტრონომიული ბარია“, რომელსაც - ყოველგვარი ირონიის გარეშე - „კინო“ ჰქვია.

"აპოლო"
"აპოლო"

სწორედ მაშინ აღადგინეს „აპოლოც“ (საბჭოთა კავშირის დროს „ინტერნაციონალი“), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც პირველი კინოსეანსი 1909 წელს გაიმართა. ბათუმის კინოფესტივალმა „აპოლოში“ გადაინაცვლა, თუმცა უკვე მეორე წელია, ვერა და ვერ დასრულდა რემონტი, რაც, პირველ რიგში, საზიანოა ფესტივალისთვის - „აპოლო“ წლების მანძილზე ბათუმის კინოფორუმის სახლად ითვლებოდა, ეს პატარა დარბაზი ქალაქის ცენტრში იდეალურად ეწერებოდა კამერული კინოფესტივალის კონცეფციაში.

ბათუმის არტჰაუსის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა ზვიად ელიზიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ბიაფი“, მიუხედავად დაფინანსების პრობლემებისა, წელსაც გაიმართება, ტრადიციულად სექტემბრის ბოლოს. “სახელმწიფო დაფინანსების გარეშე გაგვიჭირდება, რადგან სპონსორი ბევრი არა გვყავს“, - ამბობს ზვიად ელიზიანი. მას ეროვნული კინოცენტრის დახმარების იმედი აქვს.

„უკვე გვაქვს ფესტივალის პროგრამის მონახაზი, რომელსაც მალე გავაცნობთ მაყურებელს“, - ამბობს „ბიაფის“ დირექტორი და სპონსორების ნაკლებობასთან ერთად სწორედ „აპოლოს“ გაჭიანურებულ რემონტს მიიჩნევს მთავარ დაბრკოლებად.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს, როგორც იტყვიან, ბედზე მიუსწრო ერთი წლის წინ ოთხ-დარბაზიანი კინოთეატრის, „კავეას“ გახსნამ. ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ „კავეა“ წელსაც აპირებს „ბიაფთან“ თანამშრომლობას.

„კარგი ისაა, რომ მაღალი ხარისხის ჩვენებაა ტექნიკური თვალსაზრისით, - ამბობს ბათუმის ფესტივალის დირექტორი, - უარყოფითი მხარე ისაა, რომ ცენტრიდან მოშორებითაა და თანაც სავაჭრო მოლშია. მაგრამ ესაა რეალობა და, სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს შევცვლით.”

„კავეა-ბათუმის“ მენეჯერი ლევან ხუჯაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს: " [კინოფესტივბალი] ჩვენი ქალაქის კულტურულ - სავიზიტო ბარათად ყალიბდება და მიგვაჩნია, რომ მისი არსებობა და განვითარება მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის. ამიტომ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის არსებობას და განვითარებას”

„კავეა-ბათუმი“ ბათუმის „გრანდ მოლში“ "თიბისი ლიზინგის" მხარდაჭერით გაიხსნა. ხმის აპარატურა, გამოსახულების სისტემა, სავარძლები „კავეას“ თანამედროვე აქვს და მაღალი ხარისხის. „კავეა“ არ არის მუნიციპალური კინოთეატრი, წმინდა კომერციული პროექტია, ამიტომ რეპერტუარიც შესაბამისი აქვს, მოგებაზე გათვლილი. თუმცა „კავეა“ არაკომერციულ კინოსაც ეხმარება - სულ ახლახან, მაგალითად, „კავეას“ დარბაზებში ტატო კოტეტიშვილის ფილმს, „წმინდა ელექტროფიკაციას", უჩვენებდნენ.

ზაფხულის სეზონში იცვლება ბათუმის კინოთეატრის რეპერტუარი.

„გახსნიდან დღემდე, მოთხოვნის შესაბამისად, ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენებების რაოდენობა გავზარდეთ. დღეს ინგლისურენოვანი ფილმები საერთო რეპერტუარის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. თითქმის ყველა საპრემიერო ფილმს ვუჩვენებთ დუბლირების გარეშე - ინგლისურად, კვირის განმავლობაში რამდენჯერმე“, - ამბობს ლევან ხუჯაძე.

ბათუმის „გრანდ მოლი“ ე.წ. „რუსული ბათუმის“ სიახლოვესაა და ბუნებრივია, რომ „კავეას“ კინოდარბაზებს ბათუმში გადმოსახლებული რუსები და რუსი ტურისტები ხშირად სტუმრობენ. 8 აგვისტოს, მაგალითად, საღამოს სეანსზე მაყურებლებს შორის მხოლოდ რუსები ვნახე. ძირითადად - ახალგაზრდები. ასაკოვანების უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში ჩანს - ხშირად ჩივიან, რომ „კავეა“ არ უჩვენებს კინოს რუსული სუბტიტრებით და არ აქვს სეანსები რუსულად დუბლირებული ფილმებით.

ბათუმი წლების მანძილზე კინოს ქალაქად ითვლებოდა საქართველოში, მაგრამ ის ბათუმი, რომელიც შეინახა კინომ, უკვე „წარმავალი ნატურაა“. დღეს აქ ძირითადად მუსიკალურ კლიპებს და სარეკლამო რგოლებს იღებენ. კინოს - იშვიათად. შესაძლებელია იმიტომაც, რომ ქალაქმა კინემატოგრაფიული სახიერება დაკარგა, ანდა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ კამერა უბრალოდ ვერ ასწრებს ამ სახიერების დაფიქსირებას.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG