"ოცნება" ახალი წესების საცდელ ველზე
ბრიუსელში, რადიო თავისუფლებასთან საუბრებისას, ევროპელი დიპლომატები აღიარებენ, რომ განახლებული წესები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც, საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით შეიქმნა - როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება-გაუქმების საფუძვლებს დემოკრატიასთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული კრიტერიუმები დაემატა.
სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი მექანიზმის პირველი სამიზნე - ერთგვარი საცდელი ველი - დიდი ალბათობით, თბილისი გახდება.
ასე თუ მოხდა, უვიზო მიმოსვლის სიკეთით, გარდამავალ ეტაპებზე, ვეღარ ისარგებლებენ "ქართული ოცნების" ის თანამდებობის პირები, რომლებმაც, ევროპელების შეფასებით, ქვეყნის განვითარების დემოკრატიის გზიდან გადახვევასა და მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებაში შეიტანეს წვლილი.
სავიზო ლიბერალიზაციის გარდამავალი ეტაპები 3 წლამდე გახანგრძლივდება და თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა, ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ გაუქმდება - ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
დეკემბრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შეზღუდვის ახალი საფუძვლები, ვადები და წესები ამ სიკეთით მოსარგებლე 61 ქვეყნისთვის ამოქმედდება, "მესამე ქვეყნებისთვის" - რომელთა მოქალაქეებსაც ყოველი 180 დღის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, ვიზის გარეშე, 90 დღით დარჩენა შეუძლიათ. საქართველო ამ სიკეთით 2017 წლიდან სარგებლობს.
რა იცვლება ახალი წესებით?
დღემდე მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციას საფრთხე ექმნება, თუკი, მათ შორის - კონკრეტული მესამე ქვეყნიდან:
- ევროკავშირში ყოფნის ვადების დამრღვევთა და თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა;
- მკვეთრად მოიმატა ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებმა;
- ვერ ხერხდება დროული და ეფექტიანი რეადმისია - ანუ ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველყოფა.
ახალი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების/გაუქმების საფუძველი ასევე გახდება, მაგალითად - ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან. საგარეო ურთიერთობის გაუარესება კი შეიძლება გამოიწვიოს:
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპების მნიშვნელოვანმა დარღვევამ;
- ფუნდამენტური თავისუფლებებისა და იმ ვალდებულებების უხეშმა ხელყოფამ, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით;
- საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფამ;
- მტრულმა აქტებმა ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების მიმართ, საზოგადოების ან ინსტიტუტების დესტაბილიზაციისა თუ ძირის გამოთხრის მიზნით.
ამ მიზეზებით სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყება განსაზღვრულია ევროკომისიის ექსკლუზიურ პრეროგატივად, წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების გზით. მითითებულია ასევე, რომ ამ კონკრეტული საფუძვლით პროცედურების დაწყებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებები და შესაძლო ზეგავლენა კონკრეტული მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე. შესაბამისად, ახალი რეგულაციების თანახმად, დროებითი შეჩერების მექანიზმი კონკრეტულ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს უნდა შეეხოთ - „რაც მინიმუმამდე ამცირებს ნეგატიურ ზეგავლენას მესამე ქვეყნის მოსახლეობაზე“.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების სამიზნე ხელისუფლების წარმომადგენლები ხდებიან
ჩამონათვალში არიან:
- ოფიციალური დელეგაციების წევრები;
- ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
- პარლამენტის წევრები;
- მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და საჯარო მოხელეები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ევროკომისია პროცესების დინამიკას დააკვირდება და ანგარიშებს წარუდგენს როგორც ევროპარლამენტს, ასევე ევროპულ საბჭოს. შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას დადებითი დინამიკის შემთხვევაში, კონკრეტული ეტაპის ვადის ამოწურვამდე.
თუ უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების შემდეგ, მაღალჩინოსნები შეცვლიან იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ევროკავშირთან ურთიერთობები გააუარესა, შემდეგ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ხალხი გადაურჩება.
რა ეტაპებია უვიზოს გაუქმებამდე?
ვიდრე სავიზო ლიბერალიზაციის მექანიზმი მთელი ქვეყნისთვის საბოლოოდ შეჩერდება, ანუ გაუქმდება, მას წინ უსწრებს დროებითი შეჩერების ორი ეტაპი, ჯამში - სამი წლით. სიახლე ის არის, რომ, მოქმედ რეგულაციებთან შედარებით, ვადები გახანგრძლივებულია.
- დროებითი შეჩერების პირველი ეტაპი გაგრძელდება 12 თვემდე;
- მეორე ეტაპი - 24 თვემდე [თუკი პირველ ეტაპზე მესამე ქვეყანასთან მუშაობამ შედეგი არ მოიტანა];
- ამის შემდეგ, დღის წესრიგში დგება სავიზო ლიბერალიზაციის საბოლოო შეჩერების საკითხი - ყველასთვის.
ზოგადი წესით, დროებითი შეჩერების მექანიზმის პირველი ეტაპი შეეხება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს; ხოლო მეორე ეტაპი - მთელი ქვეყნის მოსახლეობას.
თუმცა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძვლით დაწყებული პროცედურების შემთხვევაში, ევროკომისია იტოვებს უფლებას, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე არც დროებითი შეჩერების მეორე ეტაპი არ გაავრცელოს.
შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ სავიზო აკრძალვებმა საქართველოს მოქალაქეების ძირითად ნაწილს, ჯამში, 3 წლის მანძილზე აუაროს გვერდი; თუმცა გარანტირებული არაფერია.
გარკვეულ შემთხვევებში, თუკი ჩაითვალა, რომ მიმდინარე პროცესები, მაგალითად, მესამე ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების რიცხვის მკვეთრი ზრდა, სარისკოა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, გადაწყვეტილებების მიღების ვადები, რეგლამენტის თანახმად, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს.
კიდევ რა ახალი საფუძვლებია?
სავიზო ლიბერალიზაციის ახალ რეგულაციებში მკაფიოდ არის გაწერილი კიდევ რამდენიმე ახალი საფუძველი - საკითხები, რომელთა დამაზიანებელ შედეგებზე დისკუსიები ევროკავშირში უკვე წლებია მიმდინარეობს.
- ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუთავსებლობა - თუკი უვიზო რეჟიმის მქონე ამა თუ იმ ქვეყანას ასევე უვიზო მიმოსვლა აქვს ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირი უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლებას არ აძლევს. მაგალითად, ასეთია რუსეთი. ევროკავშირისთვის პრობლემურია, რომ ტრანზიტის შესაძლებლობა აჩენს საფრთხეს, რუსეთის მეტი მოქალაქე მოხვდეს შენგენის ზონაში.
- „ოქროს პასპორტი” - როდესაც უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა ინვესტორებს მოქალაქეობას ანიჭებს [ინვესტირების სანაცვლოდ] და შემდეგ ამ პასპორტით, ინვესტორისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა ხდება შესაძლებელი; მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში ესა თუ ის ინვესტორი [თავისი წარმომავლობის მიხედვით] ვერ ისარგებლებდა უვიზო მიმოსვლის უფლებით - ევროკავშირისთვის ეს უსაფრთხოების გამოწვევას ქმნის.
- „ჰიბრიდული საფრთხეები“ - სხვაგვარად ამას „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციას“ უწოდებენ - ევროკავშირი ხედავს საზოგადოებისა და საკვანძო ინსტიტუტების დესტაბილიზაციისა თუ ძირის გამოთხრის მიზანს [მაგალითად, ბელარუსის ხელისუფლებას აზიელ და აფრიკელ მიგრანტებს ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებამდე უკვალავს გზას.][ბელარუსი არ სარგებლობს სავიზო ლიბერალიზაციით].
შანტაჟი?
სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წამოწევას “ქართული ოცნება”, უკვე თვეებია, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ შანტაჟად მოიხსენიებს და საკუთარ მომხრეებს შეთქმულების თეორიებით უხსნის, რომ ეს საკითხიც საქართველოს ომში ჩართვის მიზანს ემსახურება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსგავსად.
“კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ ცდილობენ, გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ სწორედ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია”, - თქვა 20 ოქტომბერს “ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ “შანტაჟი უსაფუძვლოა”, რადგან “ამ იდეას ["მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას"] არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერები, რაც სჭირდება ამის განხორციელებას”.
- გადაწყვეტილების მიღებას წევრების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება - სულ ცოტა, 15 წევრის [27 წევრი სახელმწიფოს 55%, რაც მოიცავს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს].
- რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში იუწყებოდა, რომ დროებითი შეჩერებისთვის თანხმობას გამოხატავდა ბლოკის, სულ ცოტა, 19 წევრი.
20 ოქტომბერს, ლუქსემბურგის შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კაია კალასმა მედიას უთხრა, რომ საქართველოში “ზოგიერთი ჯგუფისთვის” უვიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ახალი რეგულაციების დამტკიცებისა და წლის ბოლოსკენ ევროკომისიის ახალი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. იმ დროისთვის, ევროკავშირის ახალი რეგულაციები დამტკიცებული უკვე იყო ევროპარლამენტის მიერ.
მანამდე, სავიზო ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას 8 რეკომენდაციით მიმართა და ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე დაუწესა. რეკომენდაციები მოიცავდა ადამიანის უფლებების დაცვას, დისკრიმინაციის აკრძალვას, ევროპულ პრინციპებთან შეუსაბამო კანონების გაუქმებასა და ინსტიტუციების [მათ შორის - ანტიკორუფციული ბიუროს] დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.
თბილისმა ამ რეკომენდაციების ნაწილის შესრულებაზე ღია და კატეგორიული უარი სწრაფადვე განაცხადა; განსაკუთრებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებაზე. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ბრიუსელი ითხოვდა იმ ქართული კანონის გაუქმებას, რომელშიც "წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად“; კანონთა პაკეტი ასევე კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, შვილის აყვანას. შეზღუდულია გამოხატვისა და შეკრების უფლებაც.
“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნების წინ, 2024 წელს დაამტკიცა. უფლებადამცველების შეფასებით, ეს კანონი დისკრიმინაციული, უმცირესობების უფლებების შემზღუდველი და მეტწილად არარელევანტურია.
ხალხის სახელით ლაპარაკისას, “ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება და ამ სიკეთის დაკარგვა არავის აღელვებს - რადგან ამის საპირწონედ საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენა და სუვერენიტეტი დგას, ხოლო ვიზის აღება არავის გაუჭირდება. ხალხი კი ამ დროს იხსენებს არცთუ შორეულ წარსულს - გრძელ რიგებს საელჩოებთან, ზედმეტ ხარჯსა და არცთუ იშვიათად მიღებულ უარს ვიზაზე.
ბოლო თვეებში, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბება, “ქართული ოცნების” რიტორიკა უფრო კონფრონტაციული ხდება. ევროკავშირის დედაქალაქებიდან და ბრიუსელიდან “ქართული ოცნების” პოლიტიკას ძირითადად დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების დარღვევის, დემონსტრანტების მიმართ მოპყრობის, “რეპრესიული კანონების” მიღებისა და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამო აკრიტიკებენ.
ამ ეტაპზე, ევროინტეგრაცია შეჩერებულია, მაღალი დონის ვიზიტები შეწყვეტილია და თანამშრომლობის არაერთი სფერო გაყინულია.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესება ევროკავშირმა, კონსენსუსის არარსებობის გამო, ამ დრომდე ვერ მოახერხა - ძირითადად მემარჯვენე პოპულისტი ლიდერების მიერ მართული უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო. ამ ეტაპამდე:
- უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც, მათ შორის, მოიცავს “ქართული ოცნების” ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს;
- ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, გერმანიას, დაწესებული აქვს ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები “ოცნების” ათობით წარმომადგენლისთვის.
სავიზო ლიბერალიზაციის ახალი მექანიზმი ევროპარლამენტმა 7 ოქტომბერს დაამტკიცა - 518 ხმით, 96-ის წინააღმდეგ, ხოლო კიდევ 24-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
როგორც მოელიან, ევროპული საბჭო ამ დოკუმენტს 17 ნოემბერს დაამტკიცებს და ამით დასრულდება განხილვის პროცედურები. მალევე კანონი გამოქვეყნება "ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში" და 20 დღეში შევა ძალაში. შესაბამისად, მოელიან, რომ ახალი რეგულაციების გამოყენება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
ფორუმი