ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში უკვე მერამდენედ გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები ქართველი კინემატოგრაფისტების მიმართ, ფანტასტიკური ისტორიები ქართული კინოს კლასიკოსებზე, რომელთაგანაც 1991 წლის დეკემბერში ზოგი „ავტომატებით შეიარაღებული“, ზოგიც „კიტოვანის ტანკზე ამძვრალი“ ნახეს თურმე... ლეგენდები „წითელ ინტელიგენციაზე“, რომელმაც „ომონი მიუსია კანონიერი ხელისუფლების დამცველებს და ჩააცხრილვინა“.
საქართველოში ადამიანის დისკრედიტაციის მიზნით შეთხზული ისტორიები ყოველთვის სწრაფად ვრცელდებოდა, მაგრამ სოციალურმა ქსელებმა ასეთი გამოგონილი ამბების ტირაჟირება იმდენად დააჩქარეს, რომ დღეს უკვე შესაძლებელი გახდა, რამდენიმე წამში შეიცვალოს ჩვენი ისტორია, მათ შორის კულტურის, კინოს ისტორია და ბოლოს არაფერი დაგვრჩეს... აღმოჩნდეს, მაგალითად, რომ ქართულ ფილმებს, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს, კინოს, რომლითაც ვამაყობთ, ქმნიდნენ კრიმინალები, მოღალატეები, „კრემლის აგენტები“... და ეს იმიტომ, რომ ამ ხალხმა მხარი არ დაუჭირა ეროვნულ ხელისუფლებას, უფრო სწორად ჯერ გაემიჯნა, შემდეგ კი იმათ გვერდით აღმოჩნდა, ვინც კანონიერი ხელისუფლება იარაღით დაამხო.
1991 წლის იანვარში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჩატარებული კრება, რომლის შესახებ ამ სტატიაში გიამბობთ, ამ გამიჯვნის პირველ ეტაპს ასახავს და ნაწილობრივ ხსნის კიდეც კინემატოგრაფისტთა კონფლიქტის მიზეზს ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ბლოკთან „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა და მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.
კრების ოქმი სრული სახით დაიბეჭდა რუსულ ენაზე ჟურნალ „ისკუსტვო კინოში“, რომლის რედაქცია „პერესტროიკის“ ეპოქაში მთლიანად შეიცვალა ლიბერალი კინემატოგრაფისტებით, ანუ სწორედ იმ ხალხით, რომელსაც „კრემლის აგენტებად“ შერაცხილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან უფრო მეტი ჰქონდა საერთო, ვიდრე თავად მათ ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერთან - საერთო წარსული, მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გატარებული ახალგაზრდობა, ერთ სისტემაში, საბჭოთა კინოინდუსტრიაში მუშაობა. სხვათა შორის, სწორედ ამ კავშირების დახმარებით შეძლო 1989 წლის აპრილში ელდარ შენგელაიამ მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა 9 აპრილის მსხვერპლთა ამბავი.
სტენოგრამას, რომელიც „ისკუსტვო კინოში“ დაიბეჭდა, „პერესტროიკა-2“ უწოდეს. კამათის დროს ვიღაცამ აქ მართლა გამოიყენა ეს სიტყვა, „პერესტროიკა“, რომლის მიმართ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, როგორც წესი, ირონიას ვერ მალავდნენ, რადგანაც საბჭოთა კავშირის რეანიმაციად მიიჩნევდნენ და თავიდანვე ემიჯნებოდნენ.
საბჭოთა კულტურის ნაწილად მიაჩნდათ ქართული კინოც. ჩემი უფროსი კოლეგები ხშირად იხსენებდნენ შეხვედრას კინემატოგრაფიის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბესარიონ გუგუშვილთან, რომელმაც კინომცოდნეებს მოუწოდა, ახლიდან დაეწერათ მთელი ქართული კინოს ისტორია, ახლიდან შეეფასებინათ პოპულარული ფილმები... მაგალითად, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომლის გმირი აგული ერისთავი „ბედნიერია... მიუხედავად იმისა რომ რუსი ცოლი ჰყავს“.
სწორედ ბესარიონ გუგუშვილმა მოამზადა მაშინ კინოსტუდია "ქართული ფილმის“ რეფორმირების გეგმა, რომელიც არსებითად სტუდიის დირექტორის, რეზო ჩხეიძის მოხსნას ითვალისწინებდა. მის განცხადებაში პირდაპირაა აღნიშნული, რომ დირექტორის თანამდებობა უქმდება „ერთპიროვნული მმართველობის დაძლევის მიზნით“.
„მრგვალი მაგიდის“ ლიდერებს არ მოსწონდათ, რომ ქართულ კინოს სათავეში ედგა „რაიკომის მდივნის“ ავტორი და ლენინური პრემიის ლაურეატი (ამ პრემიაზე ჩხეიძემ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უარი თქვა), რომელიც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობდა - სტუდიაში ამბობდნენ, რომ ვერცერთი რეჟისორი ვერ ჩაეშვებოდა წარმოებაში ახალი ფილმის გადასაღებად უშუალოდ რეზო ჩხეიძის ნებართვის გარეშე. თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან კონფრონტაციის მიზეზი რეზო ჩხეიძის ქალიშვილი თამარ ჩხეიძეც უნდა ყოფილიყო, ლიდერი "ჭავჭავაძის საზოგადოებისა", რომლის წევრებს ახალი ხელისუფლება „კრემლის აგენტებს“ შორის ასახელებდა ხოლმე.
ახალი ხელისუფლების ფინანსთა სამინისტრომ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საფინანსო რევიზიაც ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ცალკეული ავტორებისთვის გამოუყვიათ სოლიდური თანხები, რომლებიც სტუდიის საერთო ხარჯებში შეიტანეს. შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები მაშინვე გადასცეს პროკურატურას.
მაგრამ თითქმის მთელი ქართული კინემატოგრაფიული ელიტა ახალ ხელისუფლებას კინოსტუდიაში სწორედ ბესარიონ გუგუშვილის, კულტურის მინისტრის, ნოდარ წულეისკირისა და მინისტრის მოადგილის, გიორგი მარჯანიშვილის ვიზიტის შემდეგ დაუპირისპირდა.
კრება გახსნა ნოდარ წულეისკირმა, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად ყველასთვის ცნობილი კონფლიქტისა რეზო ჩხეიძესა და უზენაეს საბჭოს შორის, გამოინახა სტუდიის განვითარების კონცეფცია, რომელიც ბესარიონ გუგუშვილმა შეიმუშავა.
ბესარიონ გუგუშვილი: “ომის შემდეგ საქართველოში კინოზე დახარჯულ იქნა დაახლოებით ნახევარი მილიარდი. ამ ნახევარი მილიარდით ჩვენ შეგვეძლო ჯანდაცვა ფეხზე დაგვეყენებინა. მაგრამ ხალხმა ეს თანხები დახარჯა იმიტომ, რომ სჭირდებოდა სულიერი საზრდო…”
სტუდიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სიტყვები, “სულიერი საზრდო”, ირონია იყო და რამდენჯერმე გააწყვეტინეს კინოკომიტეტის ახალ შეფს.
- იქნებ ჩვენმა აზრმაც დაგაინტერესოთ? - გაისმა დარბაზიდან.
- დიახ, რა თქმა უნდა... მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბრძანებაა.
ჩვენ ერთი წელია ვცხოვრობთ ახალ სტრუქტურებში, ხოლო თქვენ უბრუნდებით საბჭოთა სისტემას… ჩვენ ამას ვერ მივიღებთ...ელდარ შენგელაია
ახალი კონცეფციის თანახმად, კინოსტუდიას უხელმძღვანელებდა კინოკორპორაცია - არა ერთი ადამიანი, დირექტორი, არამედ დირექტორთა საბჭოს მსგავსი ორგანო, რომელიც “ყოფილი დირექტორის, რეზო ჩხეიძის გარდა” (სიტყვებს “ყოფილი დირექტორი” დარბაზის ხმაური მოჰყვა), გააერთიანებდა კინემატოგრაფისტებს, კულტურის მინისტრს, კინოკომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს (“მრგვალი მაგიდიდან”), “ხალხის მასების წარმომადგენლებს”…
ბესარიონ გუგუშვილი: “მართალია, თქვენ ხარჯავთ ამ ფულს, თქვენ ქმნით ამ ფულით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ფულს ჰყავს პატრონი.”
“პერესტორიკის” დაწყებამდე, კინემატოგრაფიულ წრეებში ყველამ იცოდა, რომ არსებობდა დაპირისპირება კინემატოგრაფისტთა კავშირს, რომელსაც ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” ხელმძღვანელობას შორის. თუმცა ეროვნული მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად (განსაკუთრებით 9 აპრილის შემდეგ) ეს კონფლიქტი თითქმის ყველამ მიივიწყა - როგორც ერთი, ისე მეორე მხარე “სახალხო ფრონტის” გარშემო გაერთიანდა. კინოსტუდიის გაზეთ “ქართულ ფილმს” ხშირად “სახალხო ფრონტის” არაოფიციალურ ორგანოსაც უწოდებდნენ ხოლმე. ამიტომაც, სტუდიაში არავის გაუკვირდა ამ კრებაზე ელდარ შენგელაიას პოზიცია - შესაძლებელია ყველაზე მკაცრი და პირდაპირი.
ელდარ შენგელაია: “თქვენ, ბატონო ნოდარ, როგორც კულტურის მინისტრი პირველად მობრძანდით სტუდიაში და მობრძანდით მზა ბრძანებით. ეს დიდი შეცდომაა მზა ბრძანებებით აქ მოსვლა… ეს კინოკორპორაცია არის სრულიად საბჭოთა, სახელმწიფოს დაქვემდებარებული ორგანიზაცია. საბჭოთა სტრუქტურებმა უკვე უარი თქვეს ამ ფორმებზე. ჩვენ ერთი წელია ვცხოვრობთ ახალ სტრუქტურებში, ხოლო თქვენ უბრუნდებით საბჭოთა სისტემას… ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. მე ვერ გავიზიარებ ფრაზას -„სახელმწიფო ფულს გაძლევს“. ანუ მე უნდა ვიღებდე იმას, რასაც სახელმწიფო მომთხოვს? პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ შორის დიდი კონფრონტაცია იქნება.”
ეს კონფრონტაცია უკვე დაწყებული იყო. გაზეთებში დაიბეჭდა წერილები, რომლებშიც კულტურისა და მეცნიერების ცნობილი სახეები “იდეოლოგიურ დივერსიაში” დაადანაშაულეს. საპასუხოდ ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა, “ასე იწყებოდა 37 წელიო”.
ელდარ შენგელაია: საბჭოში უნდა იყვნენ ისინი, ვინც ქმნის კინოხელოვნებას. „ფართო მასების“ წარმომადგენლები აქ არ გვჭირდება. რას ნიშნავს „ფართო მასების წარმომადგენელი?“ ეს ბოლშევიკური, კომუნისტური იდეაა.
ლანა ღოღობერიძე: „თხუთმეტი წლის განმავლობაში მოსკოვიდან, „გოსკინოდან“ ჩვენთან არცერთი ბრძანება არ მოსულა. იცით ეს? არც ერთხელ. როცა თქვით, რომ ეს ბრძანებაა, მე გამიკვირდა. და ამას გვეუბნებით ჩემი ყოფილი თანამებრძოლები?
თქვენ ამბობთ, თუ სახელმწიფო ფულს იძლევა, ის, ასე ვთქვათ, „მუსიკასაც უკვეთავს“. მაგრამ ეს მხოლოდ სოციალისტურ სისტემაშია ასე. საფრანგეთში კინემატოგრაფისტები იბრძვიან, რომ სახელმწიფოსგან რაც შეიძლება დიდი სუბსიდია მიიღონ, მაგრამ არავინ ეკითხება მათ, როგორ ხარჯავენ მიღებულ თანხას — რადგან იქ თავისუფლებაა. ჩვენ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და გვეგონა, რომ მივაღწიეთ… სახელმწიფომ მოგვცა თორმეტი მილიონი და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიღებთ ისეთ კინოს, რასაც შეგვიკვეთავენ.”
ლანა ღოღობერიძის გამოსვლას დარბაზიდან რეპლიკები მოჰყვა.
“ჩვენი ეროვნული, ხალხური ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს დიქტატურის გზით.”
“დანგრევა და აშენება სხვადასხვა რამაა. დისიდენტური აზროვნება ახლის შექმნისას აღარ გამოგვადგება. დანგრევისთვის ერთი ფსიქოლოგიაა საჭირო, შენებისთვის კი უფრო დაბალანსებული, მშვიდი ფსიქიკის ტიპი.”
დარბაზში გამოთქმული ეს მოსაზრება პოპულარული იყო სახელოვნებო წრეებში. შემოქმედებითი ელიტა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად “წითელ ინტელიგენციას” ეძახდა, მიიჩნევდა, რომ რადიკალიზმი და კომპრომისზე უარის თქმა ხელს შეუშლის რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებას. ხელისუფლების ერთი ნაწილი ასეთ მიდგომას “პოლიტიკურ კონფორმიზმს” უწოდებდა, მეორე ნაწილი კი, უბრალოდ, ნათლავდა, როგორც "კრემლის აგენტის” პოზიციას.
თუმცა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გამართულ ისტორიულ კრებაზე პოზიციების ომი ჯერ არ ყოფილა. აქ უფრო რეზო ჩხეიძის, როგორც კინოს პატრიარქის, დასაცავად გაერთიანდნენ. ამიტომ უფრო მეტად ასეთი სტილის რეპლიკები ისმოდა:
“ბესო, მე და შენ ერთ მერხზე ვისხედით. მე ვიცი როგორი ჭკვიანი კაცი ხარ, ვიცნობ შენს პოტენციალს. არ მინდა, რომ ჩემმა მეგობარმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას”, - ქეთი დოლიძე.
“ბატონო თენგიზ (მიმართავს თენგიზ აბულაძეს), თქვენ და ბატონი რეზო ქართული კინოს პატრიარქები ხართ. თუკი თქვენ ადგებით და იტყვით, რომ ბატონი რეზო უნდა წავიდეს, მაშინ ის უნდა წავიდეს. მაგრამ თუ არ იტყვით, რომ უნდა წავიდეს და ვინმე მაინც გაბედავს რეზოს განთავისუფლებას, ამას ისეთი წინააღმდეგობა მოჰყვება, რომ საქართველო არ აპატიებს” , - უცნობი კომენტატორი დარბაზიდან.
“მამაჩემმა მითხრა, სამწუხაროდ, მამის სახელის გარდა, პასპორტში სხვას ვერაფერს გიტოვებ. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს… შვილო, არასდროს ჩაერიო პოლიტიკაში და არაფერი მოიპარო… შევასრულე. არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და არ მომიპარია… მაგრამ ახლა იმის თქმა მინდა, რომ როგორ შეიძლება ერთი ქართველი უკეთესი გახდეს მეორე ქართველის გინებით? ჩვენ ხომ ქართველები ვართ. სიყვარულის, სითბოს და გაგების გარდა, სხვა ვერაფერი გვიშველის”, - თემურ ბაბლუანი.
“ასეთი ცინიკური პარტიული მუშაკები, როგორიც თქვენა ხართ, არასდროს მინახავს. არცერთ პარტიულ მუშაკს არ ულაპარაკია ქართულ კინოზე ასეთი ცინიზმით, როგორც თქვენ… ეს ბრძანება ვიღაცამ დაგიწერათ? ჩვენ რა, მარიონეტები ვართ? რატომ შეგვკრიბეთ ამდენი ხალხი?” - ნანა ჯორჯაძე.
აქ სტენოგრამაში ასეთი ჩანაწერია: ხმები დარბაზიდან… “ყოჩაღ ნანა!" “რა მოუვიდა ნანას?” “ცუდადაა?”.. ნანა ჯორჯაძე გონებას კარგავს.
ბესო გუგუშვილი: “აქ გამოთქმული მოსაზრებების 90 პროცენტი ჩვენ არ გვაწყობს. საერთაშორისო ეკრანებზე ქართული ფილმის წარმატება კი, რომლითაც ასე ამაყობთ, აიხსნება იმით, რომ თქვენ ზოგადსაკაცობრიო თემატიკაზე მუშაობდით.“
ამ კრების ჩატარებიდან 8 თვის შემდეგ ბესარიონ გუგუშვილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გახდება.
მრავალი წლის შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ კინოჩინოვნიკები იტყვიან, რომ საქართველოში ფილმებს კინოფესტივალებისთვის იღებენ, გამოგონილი და ქართველი ხალხისთვის არააქტუალური პრობლემებით.
ფორუმი