ჩეჩნეთის ხელისუფლება რეგულარულად უცვლის სახელებს ქუჩებს. ძნელია რუსეთის მასშტაბითაც კი ისეთი რეგიონის პოვნა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რუკაზე ამდენი ცვლილება შეიტანა. რესპუბლიკის მასშტაბით ასობით ქუჩას ეწოდა ჩეჩნეთის დღევანდელი მმართველის, რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელი, ორ ათეულზე მეტს კი თვითონ რამზან კადიროვისა. ჩეჩნეთის რუკებზე რამზან კაიდოროვის დის, ზარგანას, ქუჩაც კი არის მითითებული.
2019 წელს ჩეჩნეთის ხელისუფლებამ „ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით“ გადაწყვიტა სოფელ ცენტოროისთვისაც შეეცვალა სახელი და, ახმატ კადიროვის პატივსაცემად, ეწოდებინათ მისთვის ახმატ-იურტი. ამასთან, როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის თანამშრომლები განმარტავენ, გავრცელებული მცდარი წარმოდგენის მიუხედავად, ცენტეროი არ არის კადიროვების „საგვარეულო სოფელი“. კადიროვების გვარი სათავეს იღებს ნოჟაი-იურტის რაიონის სოფელ ბენოიდან. ეს სოფელი ცენტოროის ტეიპას წინაპართა სამკვიდროა. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, სოფელი „ცოონტარა“ დააარსა სუნტარმა (სინტარმა) და, შესაბამისად, სოფელიც მის სახელს ატარებს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ და რატომ უნდა მოეთხოვათ ადგილობრივებს თავიანთი ტეიპის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპრის სახელობის სოფლისათვის სახელის შეცვლა..
ტეიპი - ჩეჩნები მჭიდროდ შეკრული საზოგადოებაა, დაფუძნებული ფართოდ განშტოებულ ოჯახებზე ანუ კლანებზე, რომელთაც უხუცესთა საბჭო ხელმძღვანელობს. ასეთ კლანს, რომელიც ტრადიციულად ერთ სოფელში ცხოვრობს, ტეიპს ეძახიან.
თუმცა, ყველაზე ინტენსიური პროცესი რესპუბლიკის მთავარ ქალაქში - გროზნოში მიმდინარეობს. 2005 წელს ჩეჩენმა დეპუტატებმა სცადეს რესპუბლიკის მთავარი ქალაქისთვის ახმატ-კალა დაერქმიათ, ისევ და ისევ ახმატ კადიროვის პატივსაცემად, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად უარყო ეს ინიციატივა ვითომდა რამზან კადიროვის აზრის გათვალისწინებით.
მიუხედავად ამისა, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გროზნოს როგორც ქუჩებმა, ასევე მთელმა რაიონებმა შეიცვალეს სახელები რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი პრეფერენციების შესაბამისად: 2010 წელს გროზნოში ექვს ქუჩას მიენიჭა შეიხ ალი მიტაევის შთამომავლების სახელები. გარდა ამისა, გროზნოს ცენტრში, კადიროვის რეზიდენციის ტერიტორიაზე, 13 ქუჩას დაერქვა შეიხ კუნტა-ჰაჯი კიშიევის ოჯახის წევრების სახელი.
ქუჩების ხელახლა სახელდების პროცესი დიდწილად საბჭოთა ტოპონიმების ჩანაცვლებით მიმდინარეობს. 2015 წლის შემოდგომაზე გროზნოს საქალაქო სათათბირომ 28 ქუჩას შეუცვალა ბოლშევიკებისა და საბჭოთა ეპოქის მოღვაწეების სახელები. ამის შემდეგ, რესპუბლიკის დედაქალაქში გაჩნდა ქუჩა, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის ნათესავის, „ბოევიკებთან“ ბრძოლაში დაღუპული უმარ კადიროვის სახელი ეწოდა. ჩეჩნეთის დედაქალაქის ქუჩებში ვეღარ შეხვდებით რუსი მწერლის, ალექსანდრ გერცენის, საბჭოთა დიპლომატის, გიორგი ჩიჩერენის, მარშალ მიხაილ ტუხაჩევსკისა და სხვა სახელობის ქუჩების.
2020 წელს კადიროვი გამოვიდა ინიციატივით რაიონების საბჭოთა სახელწოდებები შეცვლილიყო ჩეჩენი გმირების სახელებით. როგორც მოსალოდნელი იყო, „გმირთა“ შორის აღმოჩნდა რამზან კადიროვის მამა, ახმატ კადიროვი. მალევე გროზნოს საქალაქო სათათბირომ ქალაქის ცენტრში მდებარე ლენინის რაიონს სახელი შეუცვალა და ახმატ კადიროვის სახელი დაერქვა. კადიროვის ინიციატივა შეეხო გროზნოს საქარხნო და ოქტომბრის რაიონებს, რომლებსაც ჩეჩნეთის ეროვნული გმირების (კავკასიის ომების პერიოდი) შეიხ მანსურისა და ბაისანგურ ბენოელის სახელები ეწოდათ.
ახალი ტენდენცია გააჩინა უკრაინაში მიმდინარე ომმა: ჩეჩნეთში არაერთ სკოლასა და ქუჩას მიენიჭა უკრაინაში დაღუპული კადიროველის სახელი. მაგალითად, სოფელ ალხაზუროვოში როსგვარდიის მებრძოლის ხეზირ ჩუპალაევის ქუჩა ან სოფელ დიშნე-ვედენოში უკრაინაში დაღუპული კაზბეკ დებიშევის სახელობის სკოლა.
გროზნოს მაცხოვრებლები ვერ ასწრებენ მრავალრიცხოვანი ცვლილებების სათანადოდ აღქმასა და დამახსოვრებას, რის გამოც ყოველდღიურ ურთიერთობაში ადგილობრივები ქუჩებისა და რაიონების კვლავ ძველ სახელებს იყენებენ.
ადვილია შეცვლა - ადვილია დავიწყება
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩეჩნეთში ქუჩების, რაიონების, დასახლებებისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებების გადარქმევაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ამას „უგონო მდგომარეობაში“ აკეთებენ, - ამბობს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან საუბარში ჩეჩნეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, რომლის ვინაობასაც რედაქცია უსაფრთხოების მიზნით არ ამხელს.
„უდავოდ მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ზოგჯერ აბსურდული საბჭოთა სახელები, რომლებსაც რესპუბლიკასთან არაფერი აკავშირებდათ, ადგილობრივი, ეროვნული სახელებით შეიცვალოს. თუმცა, აბსოლუტურად გაუგებარია ტოპონიმიკის, ისტორიის, კულტურის, არქიტექტურის რა კრიტერიუმებით ირჩევა ახალი დასახელებები. მაგალითად, არავინ იცის, რატომ ატარებს მხოლოდ გროზნოში ხუთი ქუჩა კიშიევების სახელებს. ქუნტა-ჰაჯი კიშიევი (რელიგიური მოღვაწე XIX ს) გასაგებია, არავის უჩენს კითხვას, მაგრამ რით გამოირჩეოდნენ მისი სხვა ნათესავები - ვიშხა, მატა, კიში, ასეთი? ნათესაური კავშირებით?“ - კითხულობს ჩეჩენი პოლიტოლოგი.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები ნათესაობის პრინციპს იყენებენ მთავარ ფაქტორად. ამ პრინციპის შესაბამისად, ჩეჩნეთის მეთაურის ყველაზე ახლო ნათესავმა, ოცი წლის წინ მოკლულმა მამამ ჩაანაცვლა ლენინი რესპუბლიკის ყველა ქუჩასა და გამზირზე. კადიროვის ცოცხალ და ჯანმრთელ დას, ზარგან კადიროვასაც კი ხვდა წილად პატივი მისი სახელი მინიჭებოდა გროზნოსა და რამდენიმე სოფელში ქუჩებს მისი სახელი.
„გარდა ამისა, ახალი სახელწოდებების უმეტესობა მრავალ სიტყვიანია, წარმოუდგენლად ძნელი წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელია, ამიტომ რესპუბლიკის მაცხოვრებლები, როგორც წესი, ურთიერთობებში ძველ სახელებს იყენებენ“, - ამბობს პოლიტოლოგი.
ვაინახელი ბლოგერის, ისლამ ბელოკიევის თქმით, რამზან კადიროვი ცდილობს ისტორიაში დარჩენას არა როგორც უბრალოდ პოლიტიკოსი, არამედ როგორც ჩეჩნური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრალური ფიგურა.
„ამ მიზნით, ის ცდილობს მის შესახებ ხსოვნის ინსტიტუციონალიზაციას ქუჩების, ძეგლების, მუზეუმების სახელწოდებების მეშვეობით, - ამბობს ისლამ ბელოკიევი, - მაგრამ ამ პროცესში დიდი პრობლემაა. ხალხი ამას აღიქვამს რეპრესიებთან, კორუფციასთან და ღალატთან დაკავშირებული სახელების თავზე მოხვევის მცდელობად, საკუთარი ისტორიისა და ღირსების შეურაცხყოფად. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეჟიმი მონოლითურად მოჩანს, ისტორია აჩვენებს, რომ ასეთი „ბანქოს სახლები“ დიდხანს იშვიათად დგას. როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, სახელებიც იცვლება, რადგან ისინი ხალხის მეხსიერებაში ვერ იდგამს ფესვებს, მხოლოდ ზემოდან არიან ნაკარნახევი“.
რაც შეეხება რელიგიური მოღვაწეების სახელებს, განსაკუთრებით სუფიურ ტრადიციასთან დაკავშირებულების, აქ ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანია, - ამბობს ისლამ ბელოკიევი, რომლის თქმითაც, ერთი მხრივ, ეს ჩეჩნეთის ისტორიის ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ხალხის ორგანული მეხსიერების ნაცვლად შეთავაზებულია „ისლამის ერთადერთი სწორი მოდელი“, ესეც თავსმოხვევის ერთგვარი ფორმაა.
„დღეს ეს „გადარქმევები“ ასახავს ხელისუფლების და არა ხალხის ნებას. მაგრამ მეხსიერება ჯიუტი რამ არის. ადრე თუ გვიან მისი რეალური ხმა მაინც გაარღვევს იდეოლოგიურ გარსს, ამის შემდეგ შეიცვლება სიმბოლოების სივრცეც. შეიცვლება იმის შესაბამისად, რასაც საზოგადოება ავთენტურად მიიჩნევს“, - აჯამებს ბელოკიევი.
ახმატ კადიროვის სახელს ატარებს სოფელი ცენტოროი (ახმატ-იურტი), თითქმის 350 ქუჩა ჩეჩნეთსა და რუსეთის სხვა რეგიონებში; ხიდი სანქტ-პეტერბურგში; სატრანსპორტო ორთქლმავალი „დონრეჩფლოტში“; მეჩეთები და მედრესეები, ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ორდენი - ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო; ორბიტაზე გაშვებულია მისი სახელობის მინი-თანამგზავრი; ასევე მის სახელს ატარებს ჩეჩნეთში დისლოცირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ეროვნული გვარდიის 16 დანაყოფი, რომლებიც ჩეჩნეთშია განლაგებული.
ადრე ექსპერტები მიუთითებდნენ რეგიონში უფროსი კადიროვის პიროვნების კულტის ფორმირებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში „რელიგიურ ნიშნებს“ იძენს. „მმართველისა და მისი ოჯახის „ღვთისგან რჩეულობის“ იდეა ჩეჩნეთის მოქმედ მეთაურს სჭირდება თავისი ძალაუფლების მაქსიმალურად ლეგიტიმაციისა და განმტკიცებისათვის“, - ამბობენ ოპოზიციური ჩეჩნური Telegram არხის NIYSO-ს წარმომადგენლებმა.
ფორუმი