Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კრემლის გზაზეა? - რუსული პროპაგანდა „ოცნების“ არჩევანს აქებს


არმენ გასპარიანი და სხვა პროპაგანდისტები ულოცავენ "ოცნებას" PACE-ში მუშაობის შეჩერებას.
არმენ გასპარიანი და სხვა პროპაგანდისტები ულოცავენ "ოცნებას" PACE-ში მუშაობის შეჩერებას.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ „ქართულ ოცნებას” PACE-ში მუშაობის შეწყვეტისთვის. „ოცნების“ ხელისუფლებამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დაკნინება კრემლმა დაიწყო.

“საქართველოს პარლამენტმა გაიწვია ეროვნული დელეგაცია PACE-დან. ეს გადაწყვეტილება გაგებასა და პატივისცემას იმსახურებს”, - დაწერა ტელეგრამში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა.

3 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში კოსაჩოვმა ასევე შეაქო “ქართული ოცნება” იმისთვის, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მან “განვითარების სუვერენული გზა აირჩია”.

“ქართული ოცნების” საქებარი პოსტები რუსულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა.

სანამ ამას გამოაცხადებდა, PACE-მ ნაწილობრივ შეუჩერა უფლებამოსილება “ქართული ოცნების” დელეგაციას და მოსთხოვა მას “პოლიტპატიმრების” გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ამ წლის აპრილამდე.

საქართველომ “სრულიად სამართლიანად მიიჩნია PACE-ს მოთხოვნები შეურაცხმყოფლად”, - გამოესარჩლა კოსაჩოვი “ოცნებას” კიდევ ერთ პოსტში.

ევროპის საბჭო 1949 წელს შეიქმნა. ის მუშაობს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის საკითხებზე.

მისი 46-ვე წევრი ქვეყანა ვალდებულია დაიცვას ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით (ECHR) განსაზღვრული ადამიანის უფლებები.

ევროპის საბჭოს მთავარ ინსტიტუტებს შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საპარლამენტო ასამბლეა.

კრემლის წარმომადგენელს არც პროპაგანდისტები ჩამორჩებიან.

“საქართველო ყველანაირად ცდილობს გამოჯანმრთელდეს” დასავლეთთან დაახლოებისგან, - თქვა სახელმწიფო გამოცემის, “სპუტნიკის” ბლოგერმა არმენ გასპარიანმა.

“ქართული ოცნების” ანტიდასავლურ განცხადებებსა და ნაბიჯებს ბოლო ერთი წელია ხშირად აქებს რუსული პროპაგანდა.

“სრული დამოკიდებულების მდგომარეობიდან, საქართველო ახლა უფრო დიდი სუვერენიტეტისკენ ისწრაფვის”, - წერს ე.წ. სამხედრო ბლოგერი, ბორის როჟინი.

“საქართველომ გადაწყვიტა, საბოლოოდ გაწყვიტოს ევროპასთან ურთიერთობა”, - ასე შეაფასა “ოცნების” ნაბიჯი პოპულარულმა პროკრემლისტურმა არხმა, “რუსეთის ამბებმა”.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველომ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანება. პოლიციამ დააკავა და სცემა ათეულობით ადამიანს, რომელთაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლეთისგან მართულ რადიკალებს უწოდებს.

ამასთან, ირაკლი კობახიძე და სხვები გამუდმებით იმეორებენ, რომ დასავლეთმა სცადა, ჩაეთრია საქართველო რუსეთთან ომში. თუმცა ამის არცერთი მტკიცებულება აქამდე არ მოუყვანიათ.

“ქართველებმა ევროპის საბჭო შორს გაისტუმრეს”, მათ კარგად ახსოვთ 2008 წელი და ისწავლეს, თუ “რა შედეგები მოაქვს დასავლეთთან არშიყს”, - წერს კიდევ ერთი სამხედრო ბლოგერი, ალექსანდრ კოცი.

PACE-ს აკნინებენ თბილისსა და მოსკოვში

PACE-ს რეზოლუციაც და მასზე “ოცნების” პასუხიც ირაკლი კობახიძემ იმით ახსნა, რომ “ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია”.

“ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს”, - თქვა მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კობახიძის სულისკვეთება მოიწონა რუსმა დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ. მან PACE “ორმაგ სტანდარტებსა” და საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

სლუცკიმ ტელეგრამში დაწერა, რომ საქართველო ახლა გადის იმ გზას, რომელიც თავის დროზე რუსეთმა გაიარა.

მოსკოვს PACE გულზე დიდი ხანია არ ეხატება.

ჯერ კიდევ 2009 წელს, აგვისტოს ომის წლის თავზე, ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა რუსეთს დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, PACE-მ 5 წლით შეუჩერა უფლებამოსილება რუსულ დელეგაციას.

2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაზე თავდასხმიდან მომდევნო დღეს, მისი უფლებამოსილება კვლავ შეჩერდა. უკვე მარტში კი რუსეთი საბოლოოდ გარიცხეს. თუმცა მოსკოვში თქვეს, რომ თავად ტოვებენ PACE-ს.

“რუსეთმა დროულად დატოვა ევროპის საბჭო და არაფერი დაუკარგავს… საქართველო მესამე ქვეყანაა, რომელმაც PACE-ში თავისი დელეგაციის მუშაობა შეაჩერა”, - თქვა რუსმა სენატორმა ვლადიმირ ჯაბაროვმა, რომელიც დიდი ხანია უწოდებს ასამბლეას “რუსოფობიულ ორგანიზაციას”.

კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა აზერბაიჯანია. 2024 წლის იანვარში, მის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერეს, სხვა პრობლემებთან ერთად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების არარსებობის გამო.

საპასუხოდ აზერბაიჯანმაც განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა PACE-ში მუშაობა.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG