განცხადება სასამართლოში 15 წლის ბიჭის ადვოკატმა 10 ოქტომბერს შეიტანა. მისი ვარაუდით, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლო სხდომის თარიღი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირის ბოლომდე განისაზღვრება.
რატომ ითხოვს ოჯახი დამცავ ორდერს?
თათია მაისურაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, ბრალდებული გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული და მის მიმართ არ მოქმედებს არანაირი აკრძალვა, რომელიც მისგან მომდინარე რისკების შემაკავებელი იქნებოდა, არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დაცვის მიზნით, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით:
„ბავშვმა დროებით შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და უახლოესი ნათესავის ბინაში გადავიდა, რადგან მისთვის იმ გარემოში დარჩენა, სადაც მის მიმართ ეს სასტიკი ქმედებები განხორციელდა, უკიდურესად დამთრგუნველია“, - ეუბნება თათია მაისურაძე რადიო თავისუფლებას.
დამცავი ორდერს გამოსცემს მოსამართლე, როდესაც ის თვლის რომ დაზარალებულისთვის საჭიროა დაცვის დამატებითი, თუნდაც დროებითი გარანტიები. დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით. მისი მოქმედების ვადასაც სასამართლო განსაზღვრავს. დამცავი ორდერის მოქმედების გახანგრძლივება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში, და დამატებით – არა უმეტეს 3 თვისა.
რა ჩანს იმ კადრებში, რომლებსაც ადვოკატი ავრცელებს?
ადვოკატმა 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა სუპერმარკეტსა და საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების დაახლოებით ოთხწუთიანი უხმო ჩანაწერიც, სადაც ჩანს, როგორ ცემს მკლავჭიდელი ქალი მოზარდს ჯერ მაღაზიაში, შემდეგ კი გარეთ ელოდება და ახლა იქ აგრძელებს 15 წლის ბიჭის ცემას ხელებით და ფეხებით.
ძალადობის შემსწრეა რამდენიმე ადამიანი და მათ შორის, მკლავჭიდელი ქალის მცირეწლოვანი შვილიც, რომლის დამშვიდებასაც რიგში მდგომი ერთ-ერთ ბიჭი ცდილობს და ბავშვი ხელში აჰყავს.
კადრებში ჩანს, რომ მოზარდი, რომელსაც მკლავჭიდელი უსწორდება, არ წევს წინააღმდეგობას, მხოლოდ თავის დაცვას და გარიდებას ცდილობს.
ადვოკატი თათია მაისურაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კამერების სრული ჩანაწერი "კიდევ უფრო მძიმეა". ამ ოთხწუთიანი ჩანაწერის გამოქვეყნება კი ოჯახთან შეთანხმებით იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურს საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში.
„სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვხედავთ ბრალდებულის უკიდურესად არაგულწრფელ და მრავალგზის ცვალებად პოზიციას - ზოგ შემთხვევაში აღიარებისა და მონანიების, ზოგ შემთხვევაში კი ისრის არასრულწლოვანის მისამართით მომართვის მცდელობას.
ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი უხეშად და აგრესიულად ეკამათება მაღაზიის თანამშრომელს. არასრულწლოვანი მაღაზიის თანამშრომლის დაცვის მიზნით, მას მოუწოდებს შეწყვიტოს კამათი და დატოვოს მაღაზია, რის შემდეგაც ბრალდებულის აგრესია მყისიერად მიემართება არასრულწლოვანზე და ბრალდებული მაღაზიაშივე უსწორდება არასრულწლოვანს ფიზიკურად.
ამ კადრებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი შეგნებულად ელოდება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე აგრძელებს მასზე ფიზიკურ, სასტიკ ძალადობას“, - ამბობს ადვოკატი.
ოჯახისთვის სრულიად მიუღებელია ისიც, რომ არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
„პროკურატურას ჰქონდა შეუსაბამოდ ჰუმანური პოზიცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მათი მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულს განესაზღვრა 3 000-ლარიანი გირაო, რომელიც მათი მტკიცებით, იქნება ბრალდებულისათვის შემაკავებელი და დამაფიქრებელი.
არადა, სასამართლოს განჩინებაშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
ამ რისკებს კიდევ უფრო ამძაფრებს ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეთა საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების სიახლოვე, რაც ცხადია, მარტივად ხელმისაწვდომს ხდის კომუნიკაციის შესაძლებლობას ერთი მეორესთან, მით უფრო, როდესაც გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არაერთი თვითმხილველი მოწმე სწორედ ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას აძლევს გამოძიებას“, - ეუბნება თათია მაისურაძე რადიო თავისუფლებას.
მისთვის ისიც გაუგებარია, გირაოს გამოყენების სანაცვლოდ, რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ ბრალდებულისთვის სხვა დამატებითი ამკრძალავი მექანიზმები:
„მათ შორის, ისეთი აკრძალვები, როგორიცაა ბრალდებულისთვის მოწმეებთან, დაზარალებულთან კომუნიკაცია, სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მსგავსი შეზღუდვა მოთხოვნილი და გამოყენებული არ არის ბრალდებულის მიმართ“.
ხატია ვიბლიანს, მაგალითად, საზღვრის დატოვების აკრძალვა რომ არ აქვს დაწესებული, ეს იმითაც დასტურდება, რომ 17 სექტემბერს, სასამართლოს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ის ბულგარეთში, მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
ხატია ვიბლიანი ამბობს, რომ ემუქრებიან
31 წლის მკლავჭიდელი ქალი ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას პირად შეტყობინებებში მისდის მუქარის შემცველი გზავნილები და ის თავს დაუცველად გრძნობს.
7 ოქტომბერს ფეისბუკის გვერდზე მან დაწერა:
„მუქარა არამხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემს შვილზეც მოდის, მცირეწლოვან ბავშვზე... ვერც დავწერ რა სახით და სიტყვებით იმუქრებიან,ეს იმდენად შემზარავია,უბრალოდ გაოცებული ვარ,თურმე რამდენი ავადმყოფი და მოძალადე,და საშიში ადამიანები ყოფილა ირგვლივ,და ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით,რადგან ბრბოს კარგად გამოსდის შენიღბვა...!“
ამავე პოსტში ის წერს, რომ ამ ეტაპზე, არ აქვს უფლება საქმის დეტალებზე ისაუბროს, თუმცა, ამბობს, რომ „ისე არ იყო ყველაფერი როგორც თქვენ ლაპარაკობთ და გგონიათ“:
„აუცილებლად თავის დროს ვისაუბრებ ყველაფერზე და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ადამიანი წაიღებს თავის სიტყვებს უკან. არ ვემხრობი არანაირ ძალადობას! პირიქით...! სინანულიც დიდი გამაჩნია! და კი, ვაღიარებ დავარღვიე კანონი!.. მაგრამ მაგასაც თავისი მიზეზი ხომ აქვს როგორც არ უნდა იყოს?! რამაც აფექტში ეს გამაკეთებინა. თქვენ შეიძლება უარესი გექნათ“, - წერს ხატია ვიბლიანი სოციალურ ქსელში.
ხომ არ აპირებს მკლავჭიდელი ქალი, მიმართოს პოლიციას, თუკი მას ნამდვილად სწერენ მუქარის შემცველ შეტყობინებებს? - რადიო თავისუფლებამ ეს კითხვა დაუსვა მის ადვოკატს, არჩილ დვალიშვილს.
ადვოკატი ამბობს, რომ ხატია ვიბლიანმა მასთან ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარა, თუმცა, მისი რჩევით, ჩივილზე, ამ ეტაპზე, უარი თქვა.
„მკითხა აზრი და ვურჩიე, რომ არ ღირდა ამის გაკეთება, რადგან კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებს საზოგადოებას... წუხელ გავრცელებული კადრებიც ვნახე. აქამდე კადრების მხოლოდ მცირე მონაკვეთი მქონდა ნანახი, ვაღიარებ, არ იყო მარტივი სანახავი... ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, თანამშრომლობს გამოძიებასთან, აღიარებს დანაშაულს და ინანიებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ დვალიშვილი.
15 წლის მოზარდზე ძალადობის ამსახველი კადრების მცირე ნაწილი სოციალურ ქსელში თავდაპირველად 14 სექტემბერს გავრცელდა. თავად ძალადობის ფაქტი 11 სექტემბერს მოხდა.
გამოძიება მოზარდის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურორმა ნათია ნოზაძემ ასე ახსნა ხატია ვიბლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ არა პატიმრობის, არამედ გირაოს მოთხოვნის გადაწყვეტილება:
„მართალია, ეს მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას, მაგრამ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ ქალი არის მარტოხელა დედა. ასევე იმას, რომ არ არის წარსულში ნასამართლევი. ასევე აღიარებს, ბოდიშს იხდის, მზად არის აანაზღაუროს მორალური თუ მატერიალური ზიანი, რომელიც მან მოზარდს მიაყენა“.
მკლავჭიდელი ქალის მიერ 15 წლის ბიჭზე ძალადობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმი