ამჟამად ნატოს მხოლოდ სამი ქვეყანა ყიდულობს რუსულ ნედლ ნავთობს: უნგრეთი, სლოვაკეთი და თურქეთი. თურქეთი - ყველაზე მეტს.
"ჩვენი მონაცემებით, (თურქეთი) რუსული ნავთობის მსოფლიოში სიდიდით მესამე იმპორტიორია", - განუცხადა 15 სექტემბერს რადიო თავისუფლებას ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანალიტიკოსმა პეტრას კანიტასმა.
"თურქეთი რუსულ ნავთობს ძირითადად იმიტომ ყიდულობს, რომ ის დიდადაა ფასდაკლებული", - დასძინა მან. - "ისინი ასევე სარგებლობენ რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებით და ევროპაში საწვავის პროდუქტების გაყიდვით".
ტრამპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაპარაკობდა მეორად ტარიფებზე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ და უკვე დაუწესა ისინი ინდოეთს. 13 სექტემბერს Truth Social-ზე მან "ნატოს ყველა ქვეყანას" მოუწოდა შეწყვიტონ იმპორტი.
"ტრამპის მუქარა ჯერჯერობით ძირითადად მიმართული იყო ინდოეთის და, გარკვეულწილად, ჩინეთის წინააღმდეგ. თურქეთი არასოდეს უხსენებია. ასე რომ, ეს საინტერესო ახალი განვითარებაა", - თქვა ბენჯამინ ჰილგენსტოკმა, კიევში დაფუძნებული ანალიტიკური ინსტიტუტის KSE-ის უფროსმა ეკონომისტმა.
იდეა ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკას, მისი ერთ-ერთი მთავარი ექსპორტის შეწყვეტით, დაარტყან და ამით აიძულონ კრემლი მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად. ჰილგენსტოკმა, რომელიც ასევე გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ასოცირებული თანამშრომელიცაა, თქვა, რომ თურქული ექსპორტის დაკარგვა მოსკოვისთვის დიდი პრობლემა იქნება.
"ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ უფრო დიდი ფასდაკლების გაკეთება სხვა მყიდველებისათვის, რათა მთელი ეს მოცულობა გადაამისამართონ", - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
თურქეთი
თურქეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა ეფუძნება ძლიერ ეკონომიკურ ძალებს, რომლებსაც ანკარა ადვილად ვერ უგულებელყოფს. მისი ზოგიერთი გადამამუშავებელი ქარხანა ნედლი ნავთობის 90 პროცენტს რუსეთიდან იღებს. ამას ისინი სწრაფად ვერ შეცვლიან. თურქეთი, ინდოეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, გადამუშავებულ რუსულ ნავთობპროდუქტებსაც დიდი რაოდენობით შეისყიდის.
"რა თქმა უნდა, თურქეთისთვის [იმპორტის შეწყვეტა] გარკვეულწილად გამოწვევა იქნება, ისევე, როგორც უნგრეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკისთვის, რომლებსაც არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ მარაგების დივერსიფიკაციისთვის", - თქვა ჰილგენსტოკმა.
თურქეთს რუსული მარაგების შემცირებას ეკონომიკის გარდა პოლიტიკაც უშლის ხელს. ის ევროკავშირის წევრი არ არის და მას არ ემუქრება იგივე ზეწოლა, როგორც უნგრეთს ან სლოვაკეთს.
უნგრეთი და სლოვაკეთი
ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, რომელიც მათ „დრუჟბის“ მილსადენით მიეწოდებათ.
აგვისტოში, როდესაც უკრაინის საჰაერო დარტყმებმა მილსადენი არაერთხელ გამოიყვანა მწყობრიდან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თქვა, რომ "თუ „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი გახდება, მაშინ უნგრეთსა და სლოვაკეთისათვის ნავთობის მიწოდებაც შეუძლებელი გახდება".
მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მიზნად დასახა 2027 წლისათვის რუსული ენერგიის იმპორტისგან გათავისუფლება ევროკავშირის შიდა ბაზრის წესების გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ვეტოს ვერ დაადებს უნგრეთი ან სლოვაკეთი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია სანაცვლოდ ნავთობის იმპორტი ადრიას მილსადენით, ხორვატიის გავლით განახორციელონ.
"დივერსიფიკაცია არ არის გადაუჭრელი ტექნიკური პრობლემა, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ნების საკითხია", - განუცხადა ტამას პლეცერმა, ერსტე ბანკის ნავთობისა და გაზის ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლების უნგრეთის სამსახურს ამ თვის დასაწყისში.
"ეს საწვავს გააძვირებს, მაგრამ სანამ თავისუფალი ბაზარი არსებობს, დეფიციტი არ იქნება", - დასძინა მან.
CREA-ს ენერგეტიკის ანალიტიკოსმა კანიტასმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ჩეხეთმა მოახერხა რუსული ნავთობის მარაგისგან სრულად გათავისუფლება - ამის ვალდებულება მან 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე აიღო.
"მათ შეასრულეს თავიანთი დაპირება", - თქვა მან, მაგრამ დასძინა, რომ უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს, - "კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ტრამპთან და შეიძლება მისთვის რაიმე სახის გამონაკლისის დაშვებას მიაღწიოს.
მეორადი ტარიფები
ტრამპმა თავის პოსტში ასევე მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, განიხილონ ჩინეთზე 50-100-პროცენტიანი ტარიფების დაწესება, რათა დაისაჯონ იგი რუსეთის საომარი მანქანის მხარდაჭერისთვის.
ამ დროს ვაშინგტონი თავად არის ჩართული ჩინეთთან დაძაბულ სავაჭრო დაპირისპირებაში. ტრამპმა არაერთხელ გადადო თავისივე დაწესებული ვადა, რომ ჩინეთმა მიიღოს ახალი სავაჭრო პირობები ან დაეკისროს მასიური, ახალი ტარიფები.
ტრამპის განცხადებას მხარი დაუჭირა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელმაც მხარს უჭერს მეორადი ტარიფების შემოღებას რუსეთის სავაჭრო პარტნიორების დასასჯელად.
"ახლა დროა, რომ ევროპელები მიჰყვნენ პრეზიდენტ ტრამპს და დაუპირისპირდნენ ჩინეთს და ინდოეთს", - განუცხადა მან NBC-ს. - "ჩინეთი და ინდოეთი შეცვლიან მიდგომას პუტინის მიმართ. ეს ომი დასრულდება“.
თუმცა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ევროპას ტარიფები მკვეთრად გაუზარდა, მას კიდევ უფრო მეტად სჭირდება ჩინეთთან ვაჭრობის შენარჩუნება.
15 სექტემბერს პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა "მტკიცე კონტრზომების" შესახებ, თუ ნატოს ქვეყნები "ჩინეთს ტარიფებით შეუტევენ".
არცერთ ევროპელ ლიდერს არ უთქვამს, რომ ტარიფების ზრდას აპირებენ. არც ნავთობის იმპორტის დაუყოვნებლივ შემცირება უხსენებია ვინმეს.
ჰილგენსტოკმა თქვა, რომ ტრამპს შეიძლება დასჭირდეს პირადად დაელაპარაკოს უნგრეთის, სლოვაკეთისა და თურქეთის ლიდერებს.
"ამის შესახებ ბატონი ტრამპი ნამდვილად უნდა დაელაპარაკოს თავის მეგობრებს - ორბანს, ფიცოს და ერდოანს“.
ფორუმი