სანქტ-პეტერბურგის სასამართლოში გამართულ პროცესზე, ბოლო სიტყვაში კოზირევამ კვლავ შევჩენკოს პოეზია გამოიყენა, თუმცა ის მალევე შეაჩერა მოსამართლემ და სიტყვის სამართალწარმოების ენაზე წარმოთქმა მოითხოვა.
„Чия правда, чия кривда / І чиї ми діти. / ჩვენი ფიქრები/, ჩვენი სიმღერა/ არ მოკვდება / არ დაიკარგება. / აი, ჩვენი ხალხი და მისი დიდება, / დიდება უკრაინის!" - თქვა განსასჯელმა და ბოლო სიტყვის დასკვნით ნაწილშიც უკრაინული მწერლობის კლასიკოსი ახსენა:
„ტარას გრიგორის ძე [შევჩენკო] შემთხვევით რომ მოხვედრილიყო ჩვენს დროში... ალბათ ფიქრობთ, რომ ვიტყვი, საშინლად გაოცდებოდაო. არა. არც კი გაუკვირდებოდა. საკმაოდ ჩვეულ სურათს იხილავდა. მოსკოვია კვლავ მიძვრება. რა თქმა უნდა, ომი დაიწყო არა 2022 წელს. ვიწრო წრეშიც კი ამოსავალ წერტილად მიიჩნევა 2014 წელი. და ამ 2014 წელშიც იმავე რუსებმა დაიწყეს. დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთის გამო დამნაშავეები ისინი არიან. ფართო გაგებით კი ომი მიმდინარეობს არათუ 2014 წლიდან, არამედ ასეულობით წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ვოცნებობ, რომ უკრაინამ დაიბრუნოს თავისი მიწის ყოველი გოჯი, მათ შორის დონბასიც და ყირიმიც. მჯერა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნება ახდება. ოდესღაც ისტორია ყველაფერს სამართლიანად განსჯის. მაგრამ უკრაინამ ისედაც გაიმარჯა. უკვე გაიმარჯვა. მორჩა“.
ტარას შევჩენკოსაც დაიჭერდნენ?!
19 წლის დარია კოზირევას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის პროკურატურა ტარას შევჩენკოს ლექსის ციტირების გამო ედავებოდა. კოზირევამ 2024 წლის 24 თებერვალს ტარას შევჩენკოს ძეგლის კვარცხლბეკზე უკრაინულ ენაზე დაწერილი ლექსის, „ანდერძის“ ფრაგმენტი გააკრა:
„Поховайте та вставайте.
Кайдани порвіте
І вражою злою кров'ю
Волю окропіте“.
[“მაშ დამმარხეთ, წამოდექით,
ბორკილები დაამსხვრიეთ.
მტარვალების სისხლის ჩქეფი
თავისუფალთ მოაფრქვიეთ”.]
ტარას შევჩენკო (1814 – 1861 წწ.) — უკრაინელი პოეტი, მხატვარი, მსახიობი, ჰუმანისტია. 1840 წელს შევჩენკომ უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა პოემა „კობზარი“, რომელიც გახდა ახალი ხანის დასაწყისი უკრაინულ ლიტერატურაში. თავის შემოქმედებაში შევჩენკო უკრაინის გმირულ წარსულს უპირისპირებს უღიმღამო აწმყოს და ცდილობს თანამედროვეებში გააღვიძოს სამშობლოს სიყვარული. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით არის გამსჭვალული შევჩენკოს პოემები „კავკასია“, „დიდი აკლდამა“ და მრავალრიცხოვანი ლექსები.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს ტექსტი შეიცავს როგორც არმიის დისკრედიტაციის ნიშნებს, ასევე მოწოდებას წინააღმდეგობისკენ:
„ნაწყვეტი შევჩენკოს ლექსიდან „ანდერძი“, რომელიც იქნა ციტირებული კოზირევას მიერ პლაკატზე, ერთმნიშვნელოვნად შემთხვევით არ შეურჩევია. სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასევე არის ექსპერტის ცნობა, რომელიც ცალსახა დასკვნას იძლევა, რომ ქაღალდის ფურცელზე დაწერილი ტექსტი, რომელიც მიმაგრებული იყო შევჩენკოს ძეგლზე, შეიცავს ლინგვისტური და ფსიქოლოგიური ნიშნების ერთობლიობას, რომლებმაც უნდა დაარწმუნოს ადრესატი რუსეთის ფედერაციის არმიის გამოყენების ნეგატიურ მიზნებში ანუ მოახდინოს მისი დისკრედიტაცია“.
პროკურორის ამ განცხადებას განსასჯელმა უპასუხა, რომ მას არ შეეძლო რუსეთის არმიის დისკრედიტირება უბრალოდ იმის გამო, რომ ამის გაკეთება თავის XIX საუკუნიდან არ შეეძლო თვითონ ტარას შევჩენკოსაც:
„თუმცა მან [ტარას შევჩენკომ] ბევრი რამის დისკრედიტირება მოახდინა: იმპერიის, მოსკოვიის, მეფის, მაგრამ ნათელმხილველი ის არ ყოფილა. შეუძლებელია მას სცოდნოდა რუსეთის ფედერაციის და, მით უფრო მისი შეიარაღებული ძალების, არსებობის შესახებ. მის ციტატაში დისკრედიტაციის დანახვა აბსურდია“.
დარია კოზირევამ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია მოიშველია და თქვა, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება ეწინააღმდეგებოდა რუსეთის უმთავრეს კანონს:
„კონსტიტუციის 29-ე მუხლი ამბობს: „ყველასთვის გარანტირებულია აზრისა და სიტყვის თავისუფლება.“ ჩემთვის წაყენებული რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280.3 და 207.3 მუხლები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. როგორც ცნობილია, შეუძლებელია ძირითად კანონს ეწინააღმდეგებოდეს რომელიმე კანონი, რომელიმე კანონპროექტი. შესაბამისად, ეს მუხლები უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ. მათი არსებობა შეუძლებელია. ახლაც დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვიყავი 2024 წელსაც, რომ რუსეთის არმიის დისკრედიტირება შეუძლებელია. ჩემი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან ამ არმიის თვითდისკრედიტირებამ მიაღწია თავის უკიდურეს მნიშვნელობას. და შესაბამისად, ნებისმიერი გამონათქვამი, რომელიც მიმართულია მის წინააღმდეგ, ვერაფრის დისკრედიტირებას ვეღარ შეძლებს“.
პროკურორმა 19 წლის გოგოსთვის 6-წლიანი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა მანამდე მოსამართლეს შეახსენა, რომ დარია კოზირევა წარსულში ორჯერ იყო მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლით. პროკურორის თქმით, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას, მე-11 კლასში, 2022 წლის დეკემბერში განსასჯელმა დააზიანა „სასახლის მოედანზე“ დადგმული ინსტალაცია მიძღვნილი სანქტ-პეტერბურგისა და მარიუპოლის დაძმობილებისადმი. შავი საღებავით წააწერა: „მკვლელებო, თქვენ დაბომბეთ იგი. იუდებო“.
განსასჯელის კიდევ ერთ დანაშაულად პროკურორმა დაასახელა რადიო თავისუფლების Sibir.realii-თვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც დარია კოზირევა ამბობდა:
„რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სისხლისმღვრელი ჟლეტა, ხალხისთვის აბსოლუტურად უაზრო და სასარგებლო მხოლოდ მათთვის, ვისაც ხეირის ნახვა შეუძლია სამხედრო მრეწველობაზე, სხვის ქარხნებზე, სხვის მიწებზე, რომლებიც ოკუპაციის გზითაა წართმეული უკრაინისათვის, მხოლოდ მათ უნდათ ომი“.
დანაშაულის ტოლფასი ინტერვიუ და სხვა საქმეები
დარია კოზირევა პირველად 16 წლის ასაკში დააკავეს: 2022 წლის 2 აგვისტოს პარკ „პატრიოტში“ მან და მისმა მეგობარმა სამხედრო ტექნიკაზე განთავსებული Z და V სიმბოლოები ჩამოგლიჯეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ორივე არასრულწლოვანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „არმიის დისკრედიტაციის“ მუხლით შეუდგინეს, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა, რადგან არ შეიკრიბა ე.წ. არასრულწლოვანთა საქმეების კომისია.
2022 წლის დეკემბერში პეტერბურგში, "სასახლის მოედანზე"გაიხსნა ინსტალაცია - ორი გულიდან ერთ-ერთზე ეწერა „მარიუპოლი“. 18 დეკემბერს დილით დარია კოზირევამ შავი საღებავით დაწერა: „მკვლელებო, თქვენ დააბომბეთ ის. იუდებო“. კოზირევა დააკავეს და წარუდგინეს „არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდება, მაგრამ არასრულწლოვანთა კომისია კვლავ არ შეიკრიბა. 2023 წლის იანვარში დარია კოზირევას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ვანდალიზმისთვის“, თუმცა შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა „განზრახ ქონების დაზიანებად“.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ მონაცემებით, თავდაპირველად დარია კოზირევა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, მაგრამ შემდეგ მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე რუსეთის არმიის განმეორებითი „დისკრედიტაციისთვის“. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეს დაემატა კიდევ ერთი ეპიზოდი –გამოცემა Sever.Realii-თვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც დარია კოზირევამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მიზანმიმართულად და წინასწარი განზრახვით მოქმედებდა:
„დამაპატიმრეს პირდაპირ "სასახლის მოედანზე". დღისით მივედი ინსტალაციასთან ყველას დასანახად. დამაპატიმრეს პოლიციელებმა. რა თქმა უნდა, ისინი ომის მომხრეები იყვნენ, მე კი წყევლა-კრულვას ვუთვლიდი მათ. ვუთხარი სიმართლე, რომ ინსტალაციები აქ არ უნდა იდგეს, რადგან ეს არის საშინელი თვალთმაქცობა და სიყალბე. მიმიყვანეს პოლიციის 78-ე განყოფილებაში და შეადგინეს ოქმი „არმიის დისკრედიტაციის“ შესახებ. შემდეგ არაერთხელ დამიბარეს ჩვენების მისაცემად. ახსნა-განმარტებებში არასოდეს დამიმალავს ჩემი სიძულვილი იმპერიალისტური ხოცვა-ჟლეტის მიმართ“.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებაში ნათქვამია, რომ დარია კოზირევას წარწერამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა ინსტალაციის მფლობელს, შპს "იარკი გოროდს". ლაპარაკია 250 ათას რუსულ რუბლზე (დაახლოებით 3 ათასი დოლარი).
მიუხედავად იმისა, რომ დარია კოზირევა სისხლის სამართლებრივი დევნისა და უნივერსიტეტიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე იდგა, რადიო თავისუფლების პროექტ Sever.Realii-ს უთხრა, რომ აპირებდა რუსეთში დარჩენას და სისხლიანი იმპერიის დამხობაში მონაწილეობას:
„ისინი ვერ გამაჩუმებენ. ღირსების საკითხია. არ გავჩუმდები მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. შესაძლოა, ჩემმა სიტყვებმა ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ, სულ ცოტა, სინდისი მექნება სუფთა. მეცოდინება, რომ 2022, 2023, 2024 წლებში ჩუმად არ ვყოფილვარ, – ამბობს ის. – შეიძლება წავიდე. პრინციპულად აღარ ვარ წინააღმდეგი. მაგრამ ჯერჯერობით უბრალოდ გაქცევა არ მიმაჩნია მთლად სწორად. სხვა საქმეა ის, რომ დავიღალე ქუჩაში სიარულით და ბანერების, „კონტრაქტით სამსახური“, „ნამდვილი სამუშაო“, ყურებით. თუ წავალ, ფსიქოლოგიურად უფრო იოლი იქნება, მაგრამ მე პატრიოტი ვარ — პატრიოტი სწორი გაგებით. არა იმ მნიშვნელობით, რასაც პროპაგანდისტები დებენ ამ სიტყვაში. იმედი მაქვს, ყველაფერი შეიცვლება. ხალხის მოთმინებას საზღვარი აქვს და ერთ დღეს, მჯერა, ხალხი აყრის ქვაფენილებს და ხელში აიღებს ქვას - პროლეტარიატის იარაღს - და გამოვა ამ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ, რომლებმაც თავი მეფეებად წარმოიდგინეს. არავის შერჩება, ვინც დამნაშავეა ამ სისხლისღვრაში, ვინც პასუხისმგებელია იმ ბოროტებაზე, რომელიც ახლა ხდება. არ არსებობს მარადიული ბოროტება, ისევე როგორც ყოველი ღამე ოდესღაც სრულდება. ეს ღამეც დასრულდება.“
დარია კოზირევას 2023 წლის დეკემბერში დაეკისრა ჯარიმა (კვლავ რუსეთის არმიის დისკრედიტაცია) 2022 წლის 4 მარტს სოციალურ ქსელ „ВКонтакте-ში" გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც ის აკრიტიკებდა სახელმწიფო დუმის მიერ მიღებულ კანონებს „დისკრედიტაციისა“ და „ფეიკების“ შესახებ.
„დავწერე ყველაფერი, რასაც ვფიქრობ ამ საშინელ კანონებსა და ომზე უკრაინაში. ჩემი პოსტი სწორი და სამართლიანია. მის წაშლას არც ახლა არ ვგეგმავ“, – ასეთ კომენტარი გაუკეთა მან სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროცესის დასრულების შემდეგ დარია კოზირევა გარიცხეს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსიდან.
„ჩვენი ჟანა დარკი!“
19 წლის დარია კოზირევამ ბოლო სიტყვაში ილაპარაკა როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე:
„გულწრფელად ვუსურვებ რუსებს, დაიხსომონ ეს ანბანური ჭეშმარიტება: უკრაინა თავისუფალი ერია, თვითონ გადაწყვეტს, რა გზით იაროს, თვითონ გადაწყვეტს, ვინ არის მისი ძმა და მეგობარი და ვინ - ულმობელი მტერი. თვითონ გადაწყვეტს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი ისტორიისადმი და, მით უმეტეს, თვითონ გადაწყვეტს, რომელ ენაზე ილაპარაკოს. თითქოს ცხად რაღაცებს ვამბობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ცხადი სულაც არ არის. აშკარაა, რომ პუტინს არ უნდა დაიჯეროს, რომ უკრაინა სუვერენული ერია. საერთოდაც, ბევრი ისეთი რამეა, რისი დაჯერებაც პუტინს არ უნდა. მაგალითად, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული პრინციპები. მაგრამ იმათაც კი, ვინც თითქოს პუტინის წინააღმდეგაა, ყოველთვის არ ესმით ეს. არ ესმით, რომ უკრაინა, რომელმაც თავისი სუვერენიტეტის საფასური სისხლით გადაიხადა, თვითონ გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს. რა თქმა უნდა, მინდა მჯეროდეს, რომ დემოკრატიის დამყარებით, ადრე თუ გვიან, დამოკიდებულება შეიცვლება. მინდა მჯეროდეს ისეთი შესანიშნავი მომავლის, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის ყოველგვარ იმპერიულობაზე - როგორც მტაცებლურსა და სისხლიანზე, ასევე ადამიანების აზროვნებაში ჩაბუდებულზეც. ღმერთმა ინებოს.“
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დარია კოზირევას მიესაჯა პატიმრობა - 2 წელი და 8 თვე საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. განსასჯელს პატიმრობაში ჩაეთვალა საგამოძიებო იზოლატორში გატარებული ერთი წელი. სასამართლოს ეზოში ბადრაგის თანხლებით გამოსულ პატიმარს ადამიანების მცირე ჯგუფი დახვდა შეძახილებით:
„მოგვეცით დამშვიდობების საშუალება!“
„დაშა, ეს შენი ქვეყანა იქნება!“
„ჩვენი ჟანა დარკი!“
„დაშა! დაშა! დაშა!“
ფორუმი