Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ან მოინანიოს, ან ამაზე პასუხი აგოს” - პროევროპელ არქიმანდრიტს ეპისკოპოსი სტეფანე უპირისპირდება


არქიმანდრიტი დოროთე პროევროპული აქციების და მისი მონაწილეების გულშემატკივარია, მიტროპოლიტი სტეფანე ეჭვის თვალით უყურებს ევროპას და არცთუ იშვიათად იმეორებს ქადაგებებში ხელისუფლების ნარატივებს.
არქიმანდრიტი დოროთე პროევროპული აქციების და მისი მონაწილეების გულშემატკივარია, მიტროპოლიტი სტეფანე ეჭვის თვალით უყურებს ევროპას და არცთუ იშვიათად იმეორებს ქადაგებებში ხელისუფლების ნარატივებს.

მოკლედ

  • 23 აგვისტოს ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის ქადაგების 27-წუთიანი ფრაგმენტი, სადაც ეპისკოპოსი აკრიტიკებს თბილისის ქვემო ბეთლემის შობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ დოროთეს.
  • მიტროპოლიტი ამბობს, რომ არქიმანდრიტს ეკლესიის სახელით ლაპარაკის უფლება უნდა ჩამოერთვას და მისი განცხადებებით სინოდის საბჭოც უნდა დაინტერესდეს, რომელმაც, არ არის გამორიცხული, არქიმანდრიტი მწვალებლად, ერეტიკოსად გამოაცხადოს.

რა განცხადებებზეა საუბარი? ვინ არის არქიმანდრიტი ყურაშვილი?

დოროთე ყურაშვილი ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტებისა და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერია. 4 აგვისტოს “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისთვის განაჩენის გამოცხადების დღეს მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ის ბათუმშიც ჩავიდა. პროსახელისუფლებო გამოცემები ბეთლემის ტაძრის წინამძღვარს “რადიკალების მხარდამჭერ მამაოდ” იხსენიებენ.

არქიმანდრიტი უშუალოდ პატრიარქს, ილია მეორეს ექვემდებარება - თუკი ის რაიმე შეცდომას უშვებს, ან საეკლესიო კანონს არღვევს, ამაზე რეაგირების პასუხისმგებლობა იმ ეპარქიის მღვდელმთავარს აქვს, სადაც ის მსახურობს, ანუ ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქს.

მიტროპოლიტი სტეფანე 2024 წლის 3 აპრილის ქადაგებით დაინტერესებას სთავაზობს სინოდის საბჭოს, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ამბობს:

"დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ოჯახი დაუპირისპირდა იმიტომ, რომ ოჯახს შეეშინდა, ოჯახები შეშინდნენ იმის გამო, რომ ახალგაზრდები მიტინგზე დგანან. შეაშინეს დედები, მამები, მშობლები, ყველა არ არის გამბედავი! და ამ ახალგაზრდების წინაშე დადგა "რა ვქნათ?" მეკითხებიან, რა ვქნათ, დავუჯეროთ მშობლებს, დავსხდეთ სახლში, თუ გავაგრძელოთ ეს გზა და მე ვეკითხები, თუ იცი, რომ სიმართლის გზაზე ხარ, მაშინ ქრისტემ ასე თქვა, რომ მე დასაყოფად მოვედი.

თუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ მამაშენი რასაც გეუბნება, ეს არის სწორი და განიხილე და თუ ის სწორია, დაჯექი სახლში, მაგრამ თუ შენ იცი, რომ შენი საქმე არამხოლოდ შენ, არამედ შენს ქვეყანას, შენი ერის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ემსახურება, მაშინ მამას კი არა, არავის უნდა დაუჯერო![...]

ქეთევან წამებულზე ჯიუტი... აი, წმინდანს ხომ ვეძახით, რა არის ეს სიწმინდე? - ჯიუტობა! რაში? სიმართლეში. ამიტომ სიმართლეში გაჯიუტება, ეგ სიწმინდეა და სიწმინდეზე მაღლა დგას! ეს არის გამბედაობა და გამბედაობაზე მაღლა დგას დათმენა ამის გამო. აი, ქეთევან წამებულმა გაბედა და თქვა უარი, ქრისტიანობაზე უარის თქმაზე თქვა უარი. გაბედა, მაგრამ ეს გაბედულობა დაიცვა რით? დათმენით! მოკვდა ამისთვის. [...]

ვინ იყო ანწუხელიძე? ვინ არის ის? ჯიუტი ხო? ჯიუტი ადამიანი, რომელმაც ფეხი არ დაადგა საკუთარი ერის ღირსებას. არ მოუგია მას, არ დაუხოცავს არავინ, თვითონ მოკვდა, მოკლეს და რატომ არის გმირი? იმიტომ, რომ ჯიუტი იყო სიმართლეზე. ამიტომ, როცა თქვენ იცით, რომ სიმართლეზე დგახართ და მართალ საქმეს აკეთებს, თქვენზე უფრო ჯიუტი ადამიანი არავინ უნდა იყოს, თვით სიკვდილამდე. ხართ ჯიუტები? [...] ღმერთი შეგეწიოთ! ყველა ქრისტიანობაში და სიმართლეში გაჯიუტებულ ადამიანს შეეწიოს ღმერთი!"

კიდევ რას ქადაგებდა დოროთე ყურაშვილი?


“ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს დღევანდელ მთავრობას ვგულისხმობ, მიიტაცა სახელმწიფო და ალბათ ფიქრობენ, ღმერთი რომ არსებობდეს, ხომ დაგვსჯიდაო. და 500-ლარიანი კაბელის გაფუჭებისთვის ახალგაზრდა კაცი გაუშვეს ციხეში ოთხი თუ 5 წლით. დააკვირდით, როგორი უსამართლობაა და ეს უსამართლო ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ჩვენს ტრადიციებს ვიცავთ დიფ სთეითისგან - დიფ სთეითი ვინ არის, ვინც მათ მოუწოდებს ასეთი უსამართლო ნუ ხართო. მეც მინდა დღეს მათ მოვუწოდო, ასეთი უსამართლოები ნუ არიან და ალბათ მეც დიფ სთეითად ჩამთვლიან. ნუ ხართ ერთან მიმართებაში, ქვეყანასთან მიმართებაში, ახალგაზრდებთან ასეთი უსამართლოები, თორემ არ გეპატიებათ”, - თქვა მან 24 აგვისტოს თავის ბოლო ქადაგებაში სახარებაში წაკითხული იგავის განმარტების შემდეგ და ქადაგება დაასრულა ერისა და ეთნოსის შესახებ მერაბ მამარდაშვილის ფრაზით - “ეთნოსი არ არის ერი. ერი შედგება თავისუფალი პიროვნებებისგან...

დღეს ეს სინდისის პატიმრები, ის პოლიტიკოსები, ვინც უსამართლოდ შევიდნენ ციხეში თავისი ფეხით, ისინი ქმნიან ერს. კარგად თქვა 500-ლარიანი კაბელისთვის დაპატიმრებულმა ვაჟკაცმა, რა იქნებოდა ჩვენი ერი ზვიადის გარეშე, მერაბის გარეშე და იმ გმირების გარეშე, ვინც გვყოლია. არაფერი არ იქნებოდა, არავინ არ ვიქნებოდით ჩვენ, რომ არ გვყოლოდა ასეთი თავგანწირული ქართველები ერისთვის, მამულისთვის.

რა იქნებოდა ჩვენი ეკლესია, რომ არ ყოფილიყო კირიონი, ამბროსი?

ყველა, ვინც ამ ბრძოლაში ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ გარეშე საქართველო არაფერი იქნება, ნუ შეშინდებით, უფალი ჩვენთან არის.”


რა არ მოეწონა ეპისკოპოსს არქიმანდრიტის ქადაგებაში?

“ამის არქიმანდრიტობა უკვე საკვირველია” - ამბობს სტეფანე კალაიჯიშვილი დოროთესთვის მიძღვნილ ქადაგებაში და ამატებს რომ “ამას ვერ გაუჩუმდება” და ცდილობს დოროთე ყურაშვილი საეკლესიო სწავლების არასწორად განმარტებაში ამხილოს, თუმცა მალევე ირკვევა, რომ მის უკმაყოფილებას პოლიტიკური ნიადაგიც აქვს; ეპისკოპოსს არ მოსწონს პროევროპული აქციები, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ღირსებას ართმევს, რუსთაველზე მდგომი ადამიანები კი ხელისუფლებაში მოსასვლელად დგანან ქუჩაში და თუკი ამ მიზანს მიაღწევენ, იმ “ახალგაზრდებს დახოცავენ”, რომელთა დახოცვა ამ ხელისუფლებასაც შეუძლია, მაგრამ თავს იკავებს და მხოლოდ მშობლების მოსმენას სთხოვს.

“სიმართლეს ის უწოდებს, რომ ვიღაც მოედანზე დადგება და იყვირებს რაღაცეებს, "არა რუსულ კანონს" და ეს არის სიმართლე და ის, რომ აქ ლაპარაკია უფალთან ერთობაზე, სულ არ არის და უფალი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია.

სახარებას რომ იყენებ იმისთვის, რომ არასწორი გაამართლო, არის პირდაპირ დანაშაული ღვთის წინაშე და ასეთები არიან ერეტიკოსები და თუ ჯიუტი იქნება ერეტიკოსობაში, ის იქნება მწვალებელი, ეკლესიიდან განიკვეთება და დარჩება მარტო, ეკლესიისა და ღმერთის გარეშე”, - ამბობს სტეფანე კალაიჯიშვილი და განაგრძობს:

“მოდი, ვთქვათ, რა სიმართლეა რასაც ეს ამართლებს: ეუბნება, წადით ქუჩაში და დადექით იმათთან. რა სიმართლეს იცავენ ისინი? იქ გვეუბნებიან, ჩვენ გინდა თუ არა, იქიდან რომ გვეუბნებიან, დასავლეთიდან ვიღაცები, იმათ ყველანაირად მივყვეთ, ყურმოჭრილ მონებად დავუდგეთ, საქართველოს ინტერესები ეს არის და ამას აცხადებენ, როგორც სიმართლეს, რომელზეც უნდა ვიყოთ ჩვენ და უნდა გავჯიუტდეთ ამ სიმართლეში, ამას გვეუბნება. ხოდა, რა ვქნათ ახლა ჩვენ, სუყველა ვართ ჩვენი ქვეყნის და უფლის წინააღმდეგი, მაგის აზრით და მარტო ისინი არიან, 5 კაცი, რომელიც იქ იმაზე დგას და ყვირის რაღაცას“.

ევროკავშირის თაობაზე ეკლესიის მაღალი იერარქის განცხადებები მმართველი პარტიის ძირითად გზავნილების მსგავსია:

“ხო, ვთქვით ევროკავშირში გვინდა, კაი, ვთქვათ გვინდა, რა პრობლემაა, მაგრამ ის ევროკავშირი რას გვეუბნება? თქვენ რომ მიიღეთ ოჯახის დაცვის კანონი, ის გააუქმეთო. ანუ ჩვენ გვეუბნებიან, იქ რა წერია იცით? რომ ტრანსგენდერი არ უნდა გახდეს ბავშვი, რომ ბავშვს არ უნდა შეუწყოს ხელი სკოლამ, რომ ის დაიბნეს, სქესთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნას, ვერ ხვდებოდეს რომელი სქესისაა, როცა ღმერთმა ყველას მისცა თავისი სქესი და ამის გარჩევა დიდი პრობლემა არ არის, უბრალოდ ეს ყველაფერი შემოიტანა იმ ბოროტის პროპაგანდამ. ახლა დოროთე მეუბნება, რადგან ჩვენ გვინდა დასავლეთში, ეს ყველაფერი უნდა შევჭამოთ, ეს გაფუჭებული საჭმელი უნდა ვჭამოთ, ეს ხომ სულიერი საკვებია, რომელიც ადამიანს ანგრევს. ადამმა და ევამ რომ შეჭამეს სამოთხეში ის ნაყოფი, რომელიც უფალმა აუკრძალა, რა დაემართათ? სიკვდილი მოვიდა ამის გამო. ეს გვეუბნება, სოდომი და გომორი, რომელიც უფალმა აღგავა პირისაგან მიწისა, ეს არის სიმართლე, ასე გამოდის, იქ, ქუჩაში ვინც დგას, ამ სიმართლეზე დგას და როგორ ვართ ახლა ჩვენ ამ ე.წ. სიმართლეში გაჯიუტებული. და მერე რა უნდა გავაკეთოთ, მთელი ქვეყანა უნდა შევითრიოთ სოდომ-გომორში და ეს არის არის დოროთეს სიმართლე?”

ეპისკოპოსი დოროთე ყურაშვილის მიერ ქეთევან დედოფლის და საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წამებით მოკლული სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის ხსენებასაც ეხმაურება:

“ქეთევან დედოფალმა უფლისათვის დაითმინა, ევროკავშირისთვის უნდა დაითმინონ ამ ხალხმა, თუ დოროთესთვის, რომელიც ამას მოუწოდებს, თუ გინდა მოკვდიო. უფრო პატიოსნად და ღირსებით იქცევა ხელისუფლება, რომ მაგის სისულელეებს რო აყვეს, გამოდის, რომ ესენი უნდა დახოცოს, ვინც იქ არიან, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ეუბნება, წადით სახლში და თქვენს მშობლებს დაუჯერეთ. დოროთე ეუბნება ნუ დაუჯერებთ მშობლებს, თავი შეაკალით. თავს შეაკვლევინებს და მათი ხელისუფლება რომ მოვიდეს, ისინი დახოცავენ ხალხს, ესენი არ ცდილობენ დახოცვას და გარკვეულწილად მოუწოდებენ "გაჩერდი" და რამდენი ხანი უთმენენ ყველანაირ სიგიჟეს და სახეში რომ გაარტყეს პოლიციელს, ის სინდისის პატიმრად გამოაცხადეს. ასეთი სიმართლეა მათში.

ანწუხელიძე და სხვა მეომრები გაწირეს საზარბაზნე ხორცად იმათმა, ვინც ამ მოედანზე ამ რაღაცეებს მართავს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ეს არის სიმართლე, დოროთე, იმათ მხარეს იმიტო ხარ, რომ იმათ ხელისუფლება ხელში ჩააგდონ და ეს ბავშვები გააუბედურო?”

მიტროპოლიტი სტეფანეს არქიმანდრიტთან პოლემიკა სურს. ამავე ქადაგებაში ის ამბობს, რომ ყველაზე მისაღები ფორმა წერილობით მიღებული პასუხი იქნებოდა.

“ან მოინანიოს, ან ამაზე პასუხი უნდა აგოს. მწვალებლის სახელი რომ ეწოდოს, ამისთვის უნდა გასამართლდეს ეკლესიური წესით და ეს აუცილებელი იქნება, თუ ამას გააგრძელებს. მე ამას ვამბობ ხმამაღლა და კომისიას, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, მე ვთხოვ, რომ ყურადღება მიექცეს ამ ადამიანის ქადაგებებს. თუ მოინანიებს ღმერთმა შეუნდოს და რაღაც პერიოდი მაინც დავაყენოთ, რომ გაჩერდეს, ზედმეტად არ ილაპარაკოს რაღაცეები და თუ გააგრძელებს ასე ლაპარაკს და ასეთი რამეების მოწოდებას, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ეკლესიის მქადაგებელი, ეს არის მწვალებელი, რომელიც სახარების სახელით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას”.


რა ძალა აქვს ეპისკოპოს კალაიჯიშვილის მოთხოვნას?

ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი სტეფანე კალაიჯიშვილი, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსია და 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა, ჭყონდიდის ეპარქიასაც მართავს.

მიტროპოლიტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა, მათ შორის ჭყონდიდში სასულიერო პირებთან ღია კონფრონტაციით, ნამახვანჰესის მცველების მხარდაჭერით და 5 ივლისის ძალადობის გამართლებით. ჭყონდიდში მისვლის შემდეგ ათამდე მღვდელმსახურს შეუცვალა მონასტერი ან ჩამოართვა მღვდელმსახურების უფლება.

რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს არქიმანდრიტ დოროთეს წინააღმდეგ სინოდში განსახილველად წინადადება ჯერ არ შეუტანია.

კითხვაზე, ბოლო წლებში სინოდის ეთიკის კომისიამ რამდენი სასულიერო პირის ქცევა ან ქმედებები განიხილა, ანდრია ჯაღმაიძე კონკრეტულ რიცხვებს არ გვისახელებს, თუმცა გვეუბნება, რომ განხილულ საკითხებს შორის ნამდვილად იყო ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის საქმე და არ იყო ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შემთხვევა, რომელიც ხუთმა ქალმა რადიო თავისუფლებასთან სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

ღია წყაროების მიხედვით, წინა წლებში ამავე კომისიამ მღვდელმსახურების უფლება დაუსწრებლად ჩამოართვა პეტრე (კოლხი) კვარაცხელიას, ხოლო ჩამორთმევიდან რამდენიმე თვეში კვლავ აღუდგინა 5 ივლისის დარბევის მონაწილე სპირიდონ ცქიფურიშვილს, რომელმაც 2021 წელს პოგრომის დაწყებამდე პარლამენტთან შეკრებილ მოძალადე ჯგუფების მონაწილეებს უთხრა: “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!”

რატომ “გააცოცხლეს” აპრილის ქადაგება?

სტეფანე კალაიჯიშვილის ქადაგება, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ახალი არ არის, 6 აპრილის ჩანაწერია. სხვადასხვა გვერდმა ეს ვიდეო რამდენჯერმე ატვირთა ბოლო თვეების განმავლობაში, თუმცა იმხელა გამოხმაურება, რაც 24 აგვისტოს მოჰყვა, არცერთ ჯერზე არ ჰქონია. მას იწონებს სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძეც. ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე ატვირთულ ეპისკოპოსის ქადაგებებს საშუალოდ 5 000 ადამიანი ნახულობს, ამ ვიდეოს ათჯერ მეტი მნახველი ჰყავს.

კომენტარებში აქტიურობენ როგორც ხელისუფლების მხარდამჭერები, ისე ცნობილი პრორუსი აქტივისტები; თავად სტეფანე ამბობს, რომ მას დოროთე ყურაშვილის ქადაგება პირადად არ მოუსმენია, “ტელეფონზე მიუვიდა” და მის განხილვას ამბიონიდან საჭიროდ თვლის, რადგან “შეიძლება ეს ძალიან ბევრი ადამიანის დამაბრკოლებელი იყოს.” ეპისკოპოსმა ისიც თქვა, რომ ფიქრობდა უნდა დაესახელებინა თუ არა მისი აზრით მწვალებელი სასულიერო პირის სახელი, მაგრამ უნდა ვთქვა, “ის თავისი სიტყვებით უამრავ ადამიანს აცდუნებსო.”

რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ დაპირისპირებას?

“მე ვარ პატრიარქის ნაკურთხი და მე ვიცი პატრიარქის განწყობები და მის წერილშიც ღიად ეწერა, ჩვენი გზა ყოველთვის ევროპაში იყოო. ეს ეპისკოპოსი ამბობს, იქ ვინც დგანან, ყველანი სოდომ-გომორისტები არიანო, მაშ პატრიარქზე რას ამბობს, ვინც ჩვენს გზას ევროპაში ხედავს?

ეს არის პატრიარქისთვის შენიშვნის მიცემა, ის ეუბნება პატრიარქს, რომ შენ ვერ მართავ შენს ეპარქიას. მეც არ შემიძლია მისთვის პასუხის გაცემა, თუკი ამაზე ჯერ პატრიარქს არ დაველაპარაკები.

ჩვენ ნორმალური სინოდი რომ გვყავდეს, ის რომ ამბობს, რომ მე მწვალებელი ვარ, ამაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს. თუ მე მწვალებელი ვარ, ამდენი ხანი რატომ არ მიმართავს სინოდს და რატომ არ გამკვეთეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დოროთე ყურაშვილი. ის ვერ ხედავს პერსპექტივას რომ ეს დაპირისპირება საეკლესიო სამართლით გადაიჭრას, რადგან დარწმუნებულია, რომ მას არც სახარების არასწორად ინტერპრეტაცია გაუკეთებია და არც რაიმე არაქრისტიანული არ ჩაუდენია, ერთადერთი, რაზეც შეიძლება მოედავონ, მისი პოლიტიკური შეხედულებებია და პოლიტიკური შეხედულებების განხილვა სინოდალური კრების საქმე არ არის. და თუკი ამას მაინც გადაწყვეტენ, მაშინ ასევე უნდა განიხილონ თავად ეპისკოპოს სტეფანეს ქადაგება 2023 წლის ზაფხულის, რომელშიც ის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს “კიკუდ” მოიხსენიებსო.

“დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ გახსოვთ „დათა თუთაშხიაში“. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ, ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც", - თქვა 2023 წლის 26 ივნისს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ეპისკოპოსმა.

“თუ თვითონ პრეზიდენტს ეძახის კიკუს, თუ მას ასეთი უზრდელობაც კი შეუძლია, მე რატომ არ შემიძლია მთავრობაზე ვთქვა, რომ ის არასწორია. პირისპირ მე ვერავინ დამიმტკიცებს, რომ მე მტყუანი ვარ და ვინც დუმს, ის მართალია”, - ამბობს დოროთე ყურაშვილი. ის მიტროპოლიტს პირადად არ იცნობს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც სონოდმა ბოლო წლებში მიიღო

2020 წლის 20 მარტს სინოდმა პანდემიის დროს ტაძარში მისვლის და მღვდელმსახურების წესების ცვლილების საკითხზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს

2018 წლის 27 დეკემბრის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდებოდა. ამავე სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებდნენ.

2018 წელის 21 ივნისს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს პატრიარქმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

2017 წლის ოქტომბერში სინოდში დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ სანამ „დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან“.

2017 წლის მარტში სინოდმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე საპარტრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორობიდან გაათავისუფლა.

2016 წლის ივნისში სინოდმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს დოკუმენტი „მარათლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“.

2015 წლის იანვარში სინოდმა „იმსჯელა ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც“. ამავე კრებაზე მოისმინეს რუსთაველი მიტროპოლიტის ანგარიში საპატრიარქოს სკოლებში სასწავლო შედეგების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ გასულ წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე 30-მა მოსწავლემ დაამთავრა, ვერცხლის მედალი კი 35-მა მიიღო.

2014 წლის იანვარში სინოდში ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მსჯელობდნენ. ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ და აღინიშნა, რომ იგი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის. ამავე სხდომაზე გამოითქვა იმედი მომავალში კანონის შეცვლის შესახებ.

2012 წლის ივლისში სინოდმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG