Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ცნობილი უკრაინული „ფლამინგოს“ შესახებ და შეცვლის თუ არა ის ომის მსვლელობას?


ახალი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“
ახალი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“

უკრაინამ პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“, რომელსაც, უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, გააჩნია უმაღლესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და საბრძოლო თვისებები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინას უკვე გააჩნია შორი რადიუსის და ძალიან მძლავრი იარაღი, რომლის დეტალებიც საჭირო დროს გამოქვეყნდებაო.

17 აგვისტოს Associated Press-ის ფოტოჟურნალისტმა ეფრემ ლუკაცკიმ გამოაქვეყნა აქამდე უცნობი რაკეტის Flamingo-ს ფოტო. ეფრემ ლუკაცკის თქმით, ფრთოსან რაკეტას 3 ათას კმ-ზე მეტი მოქმედების რადიუსი აქვს და მას უკვე მასობრივად აწარმოებს უკრაინული კომპანია Fire Point.

უკრაინული ვებსაიტის, Мiлiтарний-ის ცნობით, სწორედ ეს კომპანია აწარმოებს FP-1 ტიპის მოიერიშე დრონებს 1600 კმ-მდე მოქმედების რადიუსით.

უკრაინულ მედიაშიც გამოქვეყნდა რამდენიმე ფოტო და მოკლე ვიდეო, რომელშიც ჩანს რაკეტის გაშვების მომენტი. ასევე ითქვა, რომ „ფლამინგო“ შეიმუშავა უკრაინულმა კომპანიამ Fire Point-მა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტრადიციული დიზაინის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებით იყო ცნობილი. როგორც უკრაინული მედია წერს, ამჟამად კომპანიამ უკვე დაასრულა ძირითადი სამუშაოები და მოახერხა ახალ კომპლექსის სერიულ წარმოებამდე მიყვანა.

პირველი რაკეტები უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. იუწყებიან, რომ რაკეტის საბრძოლო პირობებში გამოყენების პირველი მცდელობებიც უკვე შედგა. ასე მაგალითად, ერთ-ერთი გამოქვეყნებული ვიდეოში ნაჩვენებია საბრძოლო გაშვება.

უკრაინული წყაროები ამტკიცებენ, რომ „ფლამინგოს“ გააჩნია მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური და საბრძოლო მახასიათებლები. რაკეტის ფრენის სიშორე 3000 კმ-ს აღწევს, ხოლო საბრძოლო ნაწილი - 1150 კგ-ს იწონის. აღჭურვილია ავტოპილოტით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით მუშაობს. ნავიგაციისთვის გამოიყენება ინერციული და რადიო ჩარევისადმი გამძლე თანამგზავრული სისტემები.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) რუსული რედაქცია იუწყება, იერისა და ფრენის დიაპაზონის საფუძველზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საუბარი იყოს არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და დიდ ბრიტანეთში მომუშავე კომპანიის, Milanion Group-ის FP-5 რაკეტის უკრაინულ ვერსიაზე. რუსული პროპაგანდისტული მედიის მიხედვითაც, უცხოელმა პარტნიორებმა და მფარველებმა გადაწყვიტეს უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდება და თავიანთი განზრახვა ლოკალური წარმოების საფარით შენიღბეს.

FP-5 და მისი მახასიათებლები

უკრაინა იარაღისა და დრონების მწარმოებელ Milanion Group-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. კომპანია „უკრაინული ჯავშანტექნიკა“ აწარმოებს რობოტიზებული სახმელეთო რვაბორბლიანი ტრანსპორტიორებს AGEMA UGV 8×8. ასევე ცნობილია, რომ Milanion Group-ის ბრიტანული ქვედანაყოფი - Milanion NTGS - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს Alakran-ებით - 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებითა და VAMTAC თვითმავალი ჯავშანმანქანებით.

2025 წლის თებერვალში, Milanion Group-მა IDEX-2025 ფორუმზე წარადგინა ახალი - FP-5 ფრთოსანი რაკეტა. მახასიათებლები: მოქმედების დიაპაზონი - 3 ათას კმ-მდე, ფრენის სიმაღლე - 5 კმ-მდე, სიჩქარე - 850-900 კმ/სთ (მაქს. - 950 კმ/სთ), ჰაერში ყოფნის მაქსიმალური დრო - 4 საათამდე, გაშვებისთვის (მომზადების) საჭირო დრო - 20-40 წთ.

„Milanion FP-5 სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა - ეს არის უპილოტო საფრენი აპარატის სისტემა, რომელიც შექმნილია ასაფეთქებელი ტვირთის (1000 კგ) გადასატანად ფიქსირებული ტოპოგრაფიული კოორდინატების მქონე სამიზნეების (ხმელეთზე) გასანადგურებლად 3000 კმ-მდე მანძილზე, როგორც დღისით, ასევე ღამით, აქტიური რადიოჩარევის (წინააღმდეგობის) პირობებში“, - ნათქვამია აღწერაში. ბელგიური პორტალი Army Recognition დასძენს, რომ FP-5 სისტემა, რაკეტის გარდა, შეიცავს მყარი საწვავის რეაქტიულ ძრავას, მართვის სადგურს, ტრანსპორტირების კომპლექტს, გამშვები აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების კომპლექტს. სამხედრო ექსპერტების თქმით, FP-5 კონცეპტუალურად მაქსიმალურად მარტივია: ფრთა არ იკეცება. „გასროლა“ გამშვები ლიანდაგიდან ხდება და არა სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერიდან. გაშვებისთვის მომზადება შედარებით დიდხანს (20-40 წუთი) გრძელდება, რაც შეესაბამება ფასს, სიმარტივესა და წარმოების ტემპს.

გამოცემა tsn.ua-თვის მიცემულ კომენტარში უკრაინელი სამხედრო ექსპერტი და თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, იგორ რომანენკო ამბობს, რუსეთმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს უკრაინული რაკეტების („ფლამინგო“, „საფსანი“, „პალიანიცა“, „ნეპტუნი“) დარტყმები, რისთვისაც უკრაინამ უნდა გაზარდოს პოტენციალი და ააწყო ფრთოსანი რაკეტების მასშტაბური წარმოება.

„ამისთვის საჭიროა, დაპირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა საკუთარი შეიარაღების მასიური წარმოების შესაძლებლობა გვქონდეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთს თავად გაუჩნდეს კითხვა - ღირს კი ომის შემდეგი ფაზის დაწყება? ჩვენ უკვე გვაქვს ორი ტიპის ძლიერი ფრთოსანი რაკეტა - „ფლამინგო“ და FP-5. მაგრამ, ფართო მასშტაბით რომ ვთქვათ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ლოზუნგებია. მაგალითად, შეგვიძლია „ფლამინგოს“ თვეში 50 ცალის წარმოება, მაგრამ ამ მაჩვენებლამდე ჯერ უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.

იგორ რომანენკო
იგორ რომანენკო

იგორ რომანენკოს თქმით, „ფლამინგოს“ ადარებენ ამერიკულ Tomahawk-ს, რომელსაც გარკვეულ მახასიათებლებში აჭარბებს კიდეც უკრაინული რაკეტა.

„ჩვენს რაკეტას გარკვეული უპირატესობა აქვს ამერიკულ Tomahawk-თან შედარებით. მაგალითად ფრენისას შეუძლია მოერგოს რელიეფს. Tomahawk ჯერ კიდევ წინა საუკუნეში შეიქმნა, მისი ფრენის სიშორე 1600 კილომეტრია, ხოლო საბრძოლო მუხტი - 460 კგ. ჩვენს ფრთოსან რაკეტას „ფლამინგოს“ გააჩნია უპირატესობები: ფრენის რადიუსი 3000 კმ-მდე აქვს და საბრძოლო მასალის მასა 1 ტონაა,“ - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.

სააგენტო „უკრინფორმთან“ საუბარში კომპანია Fire Point-ის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ „ფლამინგო“ უკეთესია ამერიკულ „ტომაჰავკზე“ რამდენიმე მოსაზრების გამო:

პირველი - „ტომაჰავკები“ მოძველებულია. მეორე - მათი ტექნიკური მახასიათებლები ბევრად უარესია. მესამე - „ტომაჰავკები“ ხუთჯერ ძვირი ჯდება, ტრანსპორტირების და გამშვები სისტემების ხარჯების გამოკლებითაც კი.“

რამდენი რაკეტაა საჭირო, რათა ომის მსვლელობაზე მოახდინოს გავლენა?

იგორ რომანენკოს აზრით, იმისათვის, რომ ახალი ფრთოსანი რაკეტების მეშვეობით ომის მსვლელობა რეალურად შეიცვალოს, უკრაინას ათასობით ასეთი რაკეტა უნდა ჰქონდეს არსენალში.

„იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შევძლოთ გავლენის მოხდენა ერთ რუსულ ობიექტზე, მაგალითად „შაჰედების“ საწარმოზე, ათეულობით ასეთი რაკეტაა საჭირო. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი სამხედრო ობიექტია რუსეთში - მათზე რეალური ზემოქმედებისთვის ათასობით რაკეტაა საჭირო“.

თუმცა საწყის ეტაპზე საუბარია თვეში რამდენიმე ათეული „ფლამინგოს“ წარმოებაზე. სამხედრო ექსპერტების თქმით, თუნდაც 10–15 ასეთი რაკეტის გაშვება რომელიმე სამხედრო ქარხნის მიმართულებით რუსეთის სიღრმეში, შეიძლება სერიოზულ გამოწვევად იქცეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. უკრაინა დღესაც უტევს რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებს შორს მფრენი დრონებით, თუმცა „ფლამინგოს“ სიმძლავრე (1 ტ ასაფეთქებელი მასალა) მნიშვნელოვნად აღემატება უპილოტო აპარატების პოტენციალს.

3000 კმ-ის სიშორის შემთხვევაში - თუ ეს რაკეტები ნამდვილად შეძლებენ ასეთ მანძილზე ფრენას - უკრაინას საშუალება ექნება, მიაღწიოს მიზნებს არა მხოლოდ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში, არამედ მის მთელ ევროპულ ნაწილში, მათ შორის ურალსა და თათრეთშიც.

კიევიდან მოსკოვამდე მანძილია 750 კმ. ხარკოვის ოლქიდან ელაბუგამდე (თათრეთის რესპუბლიკა), სადაც „შაჰედები“ მზადდება - დაახლოებით 1400 კმ, ხოლო იმავე ხარკოვიდან ქარხანა „კუპოლამდე“ იჟევსკში (მეორე ადგილი „შაჰედების“ წარმოებისთვის) - დაახლოებით 1300 კმ.“

"ახლა უკრაინას შეიარაღებაში არა მხოლოდ დრონები, არამედ რაკეტებიც აქვს, რათა გაანადგუროს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეები. ეს რაკეტები საშუალებას მისცემს კიევს, განახორციელოს კომბინირებული შორი მანძილის დარტყმები და გადატვირთავს მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ეს მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმებისთვის. 3000 კმ - ეს უკვე ურალის მთებს მიღმაა. ამ რაკეტის მოქმედების რადიუსში ბევრი სხვადასხვა ობიექტი მოხვდება. კერძოდ, „შაჰედების“ წარმოება ელაბუგაში. სწორედ „შაჰედები“ გვაწუხებს ახლა ყველაზე მეტად. თუ კარგად ორგანიზებას შევძლებთ, მაშინ ეს წარმოება შეიძლება მთლიანად განადგურდეს“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი დენის პოპოვიჩი.

„ფლამინგო“ vs რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა

რუსული პროპაგანდისტული მედია ეჭვის ქვეშ აყენებს უკრაინული ფრთოსანი რაკეტის რეალურ პოტენციალს შემდეგი არგუმენტით: თანამედროვე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იოლად შეძლებენ დიდი და ცუდად შენიღბული „ფლამინგოების“ აღმოჩენას და განადგურებას. შესაბამისად მათი სამიზნემდე მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.“

კითხვას, რამდენად შეძლებენ უკრაინული ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გარღვევას, უკრაინელი სამხედრო ექსპერტებიც სვამენ, რადგან, მათივე თქმით, „ფლამინგოები“ საკმაოდ დიდი ზომის და შესამჩნევი სამიზნეებია: რაკეტის ფრთების კიდეებს შორის მანძილი - 6 მეტრი, მაქსიმალური მასა კი 6 ტონაა. თუმცა, მეორეს მხრივ, რუსეთის გიგანტური ტერიტორიიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი მჭიდრო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აშენება, რომელიც ყველა პოტენციურ სამიზნეს დაიცავს „ფლამინგოს“ თავდასხმებისგან.

„მით უმეტეს მაშინ, თუ უკრაინა შეძლებს თვეში რამდენიმე ათეული ასეთი რაკეტის წარმოებას“, - ამბობენ უკრაინელი სამხედრო ექსპერტები, რომელთა თქმითაც, ასევე „ფლამინგოს“ პლუსია ის, რომ სავარაუდოდ მას არ აქვს რთული ნავიგაციის სისტემები. შორი მანძილის დრონების მსგავსად ის, შესაძლოა, მოქმედებს თანამგზავრულ ნავიგაციაზე დაყრდნობით, ავტოპილოტით და შესაძლოა GSM-მოდულით, რომელშიც რუსული SIM ბარათია გამოყენებული. მას, დიდი ალბათობით, ასევე არ აქვს ძვირადღირებული და რთული დამიზნების სისტემა, თუმცა თუ რაკეტის მიზანში ქარხანაა, მაღალი სიზუსტე არც არის საჭირო. ამგვარი რაკეტა უფრო ადვილად იქნება შესამჩნევი რადარებზე. რეაქტიული ძრავით, მეტალის კონსტრუქციებითა და გარსაცმით, ის რადარის ეკრანზე თვითმფრინავივით გამოჩნდება. მისი ჩამოგდება ნებისმიერ საზენიტო სისტემით იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ რაკეტის ფრენის მანძილი მართლა 3000 კმ-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მსხვილ ობიექტთან უნდა გეყენოს საბრძოლოდ გამზადებული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები.

BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო მიმომხილველის, პაველ აქსიონოვის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ ახალი უკრაინული რაკეტის გამოცდის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინ, რაც აშკარად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია.

„ეს შეიძლება ერთ-ერთი არგუმენტი იყოს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის: უკრაინა არა მხოლოდ თავდაცვას ახერხებს, არამედ შეუძლია მტერს სერიოზული ზიანიც მიაყენოს. თუ რაკეტა მართლაც შეძლებს მსგავს დისტანციაზე ფრენას, მისი იერიშის შედეგი ძალიან სერიოზული იქნება თუნდაც იმის გამო, რომ მისი მუხტი (1 ტონა) თითქმის ორჯერ აღემატება „კალიბრისას“ ან „ტომაჰავკისას“, - ამბობს აქსიონოვი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG