Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტყუილად იყო ციხეში?“ - რა საჭიროა პატიმრობა დანაშაულის დამტკიცებამდე


წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმაა, რომელიც სასამართლომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს.
წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმაა, რომელიც სასამართლომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს.

“8 თვე, რაც იყო, მომისაჯეს, ოღონდ “სხვა მუხლით” - ჩუმად მომისაჯეს რაა… იმიტომ, რომ 8-თვიანი მუხლი არ არსებობს. წინასწარი პატიმრობით დამაპატიმრეს, ასე ჩანს”, - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი ახობაძემ, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, 6 აგვისტოს.

იურისტები და უფლებადამცველები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ, წლების განმავლობაში, წინასწარი პატიმრობის პრაქტიკა სადავო გადაწყვეტილებად მიიჩნეოდა, თუმცა ტენდენციად იქცა პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ. პატიმრობის ამ ფორმის შერჩევა, მათი თქმით, ძირითადად დაუსაბუთებლად ხდება, რაც ქმნის ეჭვს პოლიტიკური ინტერესის არსებობის შესახებ.

წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმაა, რომელიც სასამართლომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, რადგან ბრალდებულს შესაძლოა დანაშაული ვერ დაუმტკიცონ და გამოვა, რომ ის ტყუილად ჰყავდათ დაპატიმრებული.

წინასწარი პატიმრობა - ყველაზე მკაცრი ზომა

“ვხედავთ, რომ სასამართლო უმრავლეს შეთხვევაში უაპელაციოდ აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას… და როცა, ყველა შემთხვევაში თუ არა, 96% შემთხვევაში პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და სასამართლო ამას აკმაყოფილებს იმ მოცემულობაში, როცა არ არის შუამდგომლობები დასაბუთებული, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის დასჯის გარკვეული ფორმა - რომ ეს ადამიანები არ იყვნენ თავისუფალი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] წარმომადგენელი, იურისტი ფატი ჩაფიჩაძე.

საიას სასამართლო სხდომებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვს და პირველივე დღიდან სწავლობს პროტესტის მონაწილე დაკავებულთა პროცესებსაც.

ჩაფიჩაძე გვეუბნება, რომ გიორგი ახობაძის შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა საქმეში, თავიდანვე ჩანდა, რომ პატიმრობა დაუსაბუთებელი იყო.

მაგრამ ექიმმა ანესთეზიოლოგმა საპატიმროში 242 დღე გაატარა.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ის, 6 აგვისტოს, ყველასთვის მოულოდნელად გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ახობაძე 7 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, აქციიდან სახლისკენ გზაზე. ამ თვეების განმავლობაში ის სასამართლოს უმტკიცებდა, რომ პოლიციელებმა მას ნარკოტიკები „ჩაუდეს“.

10 დეკემბერს დაკავებული გიორგი ახობაძე სასამართლოს სხდომაზე ჰყვებოდა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი თავად იყო. დედა მას მალევე გარდაეცვალა.

“გამოდის, რომ 8 თვე ტყუილად იყოო საპატიმროში?! - დედამისიც როგორ შეიწირეს?!” “ვინც ნარკოტიკი ჩაუდო, არ უნდა დაისაჯოს?!” “თვეები როგორ ვერ ხვდებიან, ადამიანი რომ უდანაშაულოა?!” - სვამდნენ შეკითხვებს ახობაძის გულშემატკივრები.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად:

  • პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ბრალდებული არ მიიმალოს, არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულებას, არ გაანადგუროს მტკიცებულებები, არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული;
  • ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს;
  • ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე 60 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ვადა დაკავების დღიდან აითვლება.


პატიმრობის გარდა, აღკვეთის ღონისძიების ფორმებია:

  • გირაო;
  • შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
  • პირადი თავდებობა;
  • სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში - სარდლობის მეთვალყურეობა.


უფლებადამცველი, იურისტი გოგა ხატიაშვილი გვეუბნება, რომ კანონის თანახმად, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა [ორ თვეში ერთხელ] იმის გამო ხდება, რომ ადამიანმა, თუნდაც ორი დღე ზედმეტად არ გაატაროს საპატიმროში. თუმცა იურისტების დაკვირვებით - საქართველოში გადასინჯვის მექანიზმიც ხშირად ფორმალურია.

“თუკი სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ბრალდებული საზღვარგარეთ არის ნამყოფი, პროკურატურა ამას ხშირად მიმალვის საფრთხეს უკავშირებს. არადა, ეს არგუმენტი არ არის.

ასევე, მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტით, მხოლოდ დანაშაულის სიმძიმე არ შეიძლება იქცეს პატიმრობის საფუძვლად. ძალიან კონკრეტული არგუმენტებია წარმოსადგენი და კარგად არის გამოსაკვლევი, როცა ადამიანს საპატიმროში ტოვებ.

საერთაშორისო სტანდარტი პროცესს იმ გადმოსახედიდანაც უყურებს, რომ განგრძობად პატიმრობაში მყოფი საბოლოოდ სასამართლომ შეიძლება გაამართლოს”, - გოგა ხატიაშვილის თქმით, ხშირად აბსურდულია პროკურატურის მიერ არგუმენტები - მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მაშინ, როცა მოწმეებად ძირითადად პოლიციელები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან და “მათზე ზემოქმედების საფრთხე დამაჯერებელი არ არის”.

საპატიმროში დატოვებულები

ახობაძის მსგავსი ბრალდებით არის დაკავებული კიდევ რამდენიმე ადამიანი და მათ შორის - ჟურნალისტი ნიკა კაცია.

არც მის საქმეში არსებობს ჩხრეკის დამსწრე ნეიტრალური ადამიანი და არც ჩხრეკის პროცესია გადაღებული. დაუსაბუთებელია ნარკოტიკების შეძენის ბრალდებაც.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. წინასწარი პატიმრობა მის შემთხვევაშიც არაერთხელ გადაისინჯა, მათ შორის 11 ივლისსაც, მაგრამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ლაპარაკი იყო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეზე.

ნიკა კაცია სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ის 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს
ნიკა კაცია სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ის 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს

წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობაზე სასამართლო 7 აგვისტოსაც მსჯელობდა, როდესაც პედაგოგის, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმეს განიხილავდა.

დათაშვილიც საპატიმროში დატოვეს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ თითქმის სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.

“პროკურატურამ დაასახელა მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე და ხელახალი დანაშაულის საფრთხე. მიმალვის საფრთხეზე პროკურატურა აღნიშნავდა - საზღვარგარეთ კონტაქტები აქვსო. ნინო ნამყოფია საზღვარგარეთ, კონფერენციებზე - მეტირება და მეცინება ამ არგუმენტზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო დათაშვილის ადვოკატი, ქალთა უფლებადამცველი ელისო რუხაძე. მისი შეფასებით, მოსამართლემ დაუსაბუთებელი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

“[წინასწარი] დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, აქტივისტების მიმართ - და ამ შემთხვევაში - ნინოს [დათაშვილი] მიმართ - ახალი არ არის. ეს საქართველოში დიდი ხნის დაუძლეველი პრობლემაა.

...ნინოს შვილი ჰყავს, ძალიან დარდობს მასზე და პროკურატურა ცდილობს ამით ზემოქმედება მოახდინოს ნინოზე, როგორც პატიმარ ქალზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ელისო რუხაძე. მისი დაკვირვებითაც, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას ძირითადად მაშინ ცვლის ხოლმე, როდესაც მიზანს მიაღწევს - “საპროცესო შეთანხმების, თანამშრომლობის ან გაჩუმების ნაწილში”.

ნინო ბრალს არ აღიარებს და ერთადერთი რასაც ითხოვს - სამართლიანი მართლმსაჯულებაა.

გულშემატკივრები სიფრთხილით უყურებენ გიორგი ახობაძის გათავისუფლებას, თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლება კი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს მაღალი სტანდარტებით ხსნის.

“ ...როცა [სასამართლომ] იცის მაშინაც კი, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკს და ასე შემდეგ… თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება [გათავისუფლება]… ვიდეო უნდა გადაეღოთ, რომ არ იყო გადაღებული ვიდეო, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან”, - უთხრა ჟურნალისტებს, 6 აგვისტოს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მას “მაღალი სამართლებრივი სტანდარტის” მაგალითად მოჰყავს ისიც, რომ “ათასი მოძალადიდან არის მხოლოდ 20 დაკავებული”.

ჟურნალისტებისთვის ცნობილია 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული, სულ ცოტა - 45 ადამიანის შესახებ. ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული დაახლოებით 400 დემონსტრანტი.

პროევროპული პროტესტის მონაწილეთა სასტიკი, ხშირად - ჯგუფური, ცემისა და დასისხლიანების გამო არცერთი ძალოვანი არ დაუკავებიათ და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა. არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს, მათ შორის, თავში, სახეში. დაკავებულები ჰყვებიან, რომ მათ გამეტებით სცემდნენ დაკავების შემდეგაც - ავტომანქანებში.

თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯეს ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს - მზია ამაღლობელს, აქტივისტებს - საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძეს. “პოლიციელი ხელშეუხებელია” - აცხადებდნენ “ქართულ ოცნებაში”. ძალოვნებს “რეჟიმის მთავარ საყრდენად”განიხილავს ოპოზიცია.

დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ბრალს არავინ აღიარებს.

იურისტები და უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია მოსამართლის გამბედაობა, თუმცა პროტესტის აქტივისტების საქმეებზე ისინი ძირითადად ცუდ ტენდენციას ხედავენ.

“საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პოლიტიზებით რეჟიმი ცდილობს, რომ დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამისთვის ხდება რეპრესიული კანონების მიღებაც და დანერგვაც. [სისტემა] ცდილობს რეპრესიებით, შიშით, ზეწოლით მოახდინოს ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე აქტივისტებზე უფლებადამცველებზე, მედიაზე - რომ არ გაგრძელდეს პროტესტი და მეორე მხრივ, შეწყდეს იმ არნახული მასშტაბების სოლიდარობა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ გამოავლინა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.

შედარება - განსხვავებები სხვა საქმეებში

ადვოკატი ელისო რუხაძე გვეუბნება, რომ წინასწარი პატიმრობის ნაწილში პროკურატურა ლმობიერებას იჩენს ქალებზე მოძალადეების მიმართ.

“პროკურატურა ძალადობის საქმეებზეც ასეთი მონდომებული რომ იყოს, ამდენი ფემიციდი არ გვექნებოდა. თუკი 2023 წლამდე პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად უფრო ხშირად პატიმრობას იყენებდა, ახლა ეს პირიქით არის. თუკი საქმე ძალიან გახმაურებული არ არის, პრაქტიკულად ვერ ვიპოვით დაპატიმრებულ მოძალადეს”, - ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში გამოცდილი ადვოკატი ელისო რუხაძე გვეუბნება, რომ ქალზე ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლო ძირითადად 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს და შემდეგ მოძალადეები მსხვერპლებს გაჩუმებას აიძულებენ.

რეალური ხდება ახალი და უფრო მძიმე დანაშაულის საფრთხეც.

2021 წლის შემოდგომაზე, წინასასამართლო სხდომაზე თელავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 50 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.

2024 წლის შემოდგომაზე, ბათუმში ცეკვის პედაგოგმა 12 წლის მოზარდზე, ერთი გაკვეთილის მსვლელობისას, რამდენჯერმე იძალადა და გამეტებით სცემა, სხვა ბავშვების თანდასწრებით. ეს სცენები სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა.

“ბათუმელების” თანახმად, მერაბ დოლიძისთვის, წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდებიათ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ არ გამოიყენა წინასწარი პატიმრობა, მათ შორის - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების შემთხვევაშიც:

  • 2023 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს, მოსამართლემ ლია ლაბაძემ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 30 წლის კაცს
  • პოლიციელზე თავდასხმა ედებოდათ ბრალად ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ორ მონაწილეს. ერთ-ერთი მათგანი, ვიდეომტკიცებულების მიხედვით, პოლიციელს თავში გაშლილ ხელს ურტყამდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ ჯერ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შემდეგ, 3 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.


განსხვავებული მიდგომა გამოვლინდა ოპოზიციის ლიდერებთან დაკავშირებითაც.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე - 2024 წლის 6 დეკემბერს მოთხოვნილი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ 16 დეკემბერს თავად შეცვალა.

პროკურატურის თავდაპირველი პოზიციით, იკვეთებოდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, ხოლო ათი დღის შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ „მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეების ინტენსივობა შემცირდა“.

16 დეკემბერს, მოსამართლე ლევან გელოვანმა ელისაშვილს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი თავიდანვე აცხადებდა, რომ პატიმრობა სრულიად უსაფუძვლო იყო.

ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევზე “პოლიტიკური მოტივით” თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე არმისვლის გამო დაკავებულია 8 ოპოზიციონერი - სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით.

საქმეების არსებით განხილვამდე, მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

  • მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ გირაო გადაიხადეს.
  • გირაოს გადახდაზე უარი თქვეს ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა და გივი თარგამაძემ.


საბოლოოდ ყველანი მაინც საპატიმროში აღმოჩნდნენ.

მათი განაჩენი უფლებადამცველებისთვის “პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას” იმის გამოც ტოვებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ითვალისწინებს ჯარიმასაც, ეს კი სასამართლოს არცერთი პოლიტიკოსის დასჯის სახედ არ აურჩევია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG