რისმაგ გორდეზიანი 1940 წლის 9 ივნისს დაიბადა, მხატვრისა და ფუტურისტის, ბენიამინ გორდეზიანის ოჯახში. უცნაური სახელი მამამ შეურჩია, ასე ერქვა აბაზგთა მეფეს - რესმაგასი (რისმაგი).
„ივანე ჯავახიშვილმა უთხრა, ეს კარგი სახელია და არ უნდა დაიკარგოსო. მამაჩემმაც ექსპერიმენტი ჩაატარა ჩემზე. რამდენადაც ჩემი სახელი უნიკალურია, კაცმა რომ „რისმაგ“ დაიძახოს, ეჭვი არ მეპარება, რომ მე მეძახის. ყველა ამას მეკითხებოდა, გარდა საზღვარგარეთისა. საზღვარგარეთ ძველი ქართული სახელი ეგონათ“, - გაიხსენა ერთ-ერთ გადაცემაში.
რისმაგ გორდეზიანი ძალიან ბევრ სფეროს იკვლევდა: ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ბერძნული ცივილიზაცია, მითოლოგია, ჰომეროლოგია, ენათმეცნიერება... იცოდა ძველი ბერძნული, იტალიური, ლათინური, რუსული, გერმანული. 90-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი. დირექტორიც თავადვე იყო.
განსაკუთრებით უყვარდა ჰომეროსი, მისი მიგნებები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამაც აღიარა.
„ამბობდა, ჰომეროსის მერე სხვა ლიტერატურა შეიძლებოდა არც დაწერილიყოო. ყველაზე მეტად აფასებდა ტრადიციისა და ნოვატორობის სინთეზს. ამბობდა, რომ გენიალურობა ამ ორი რამის სინთეზია. თავადაც ამას ცდილობდა“, - ჰყვება ირინა დარჩია, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
ფურნიე-გორდეზაინის თეორიის მიხედვით, ბერძნული კულტურის ფორმირებამდე ანუ ძვ.წ.აღ-ის მე-17 საუკუნემდე, არსებობდა წინაბერძნული ცივილიზაცია, რომელიც წინაბერძნულმა ტომებმა შექმნეს. მათი ეთნიკური წარმომავლობა, ენა, დამწერლობა ცნობილი არ არის, მაგრამ ბერძნულ ენაზე დაკვირვებით (იმ გავლენებისა, რომლებიც ენაში შემორჩა) გორდეზიანი ასკვნიდა, რომ წინაბერძნულ ტომებსა და ქართველურ ტომებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
„სხვათა შორის, ერთმა ძალიან ცნობილმა მეცნიერმა, ბეეკესმა, ახლახან ივარაუდა, რომ ფურნიე-გორდეზიანის ეს თეორია საკმარისად არ არის დაფასებული, - ამბობს ირინე დარჩია, – ეს მედიტერანულ-ქართველური ურთიერთობების თემა ბოლომდე იყო მისაყვანი. ასევე ბატონ რისმაგს ძალიან უნდოდა დაეწერა იმპერიების ისტორია. კიდევ ანტიკური კავკასიის ისტორიის ციფრული ვერსიის გაკეთება სურდა. ეს არის უნიკალური ენციკლოპედია, კავკასიასთან დაკავშირებული ცნებების, ტერმინების, ისტორიული თუ მითოლოგიური ფიგურების შესახებ. აქ შევა ანტიკური კავკასიის შესახებ უახლესი კვლევებიც, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“, ეს ევროპელობა სწორედ იმ ისტორიულ კავშირებში მდგომარეობს, რაც ჩვენს წინაპრებს ანტიკურ კულტურასთან ჰქონდათ“.
რისმაგ გორდეზიანს ძალიან კარგად გამოსდიოდა კავშირების აწყობა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში დიდი ფუფუნება გახლდათ. კლასიკური ფილოლოგიის სტუდენეტები მაშინაც კი ახერხებდნენ სტაჟირების გერმანიაში გავლას, როდესაც არც „ერასმუსი“ იყო და არც სხვა გაცვლითი პროგრამები.
„90-იან წლებში, როდესაც არც გაზი იყო, არც წყალი, რისმაგ გორდეზიანმა საბერძნეთის საელჩოსა და სხვა ფონდებთან თანამშრომლობით ელინისტიკისთვის ოაზისი შექმნა. შუქიც ენთო, ახალ წიგნებსაც ვყიდულობდით, ინტერნეტიც კი გვქონდა“, - იხსენებს ირინა დარჩია.
1997 წელს, როდესაც უნივერსიტეტის პრორექტორი იყო, სწავლების ორსაფეხურიანი სისტემა შემოიტანა, ბაკალავრიატი და შემდეგ - მაგისტრატურა.
„უაღრესად ემპათიური იყო, მზრუნველი. რომ ჩაივლიდა, სტუდენტებს გვკითხავდა, რა ხდება, რატომ დგახართ, ჩემგან რამე ხომ არ გჭირდებათო. ძალიან ცოტა მეცნიერია, რომელმაც ამდენი მოწაფე დატოვა. ყოველთვის გვერდით ედგა ახალგაზრდებს. 24 საათის განმავლოაბში ნებისმიერ დროს შეგეძლო შეგეწუხებინა. იდეალური ხელმძღვანელი იყო, მითითებებსაც გაძლევდა და იმის საშუალებასაც, რომ შენი ხედვა გამოგევლინა. სრულიად უნიკალური ბიბლიოთეკა ჰქონდა.
70-იანი წლებიდან მოყოლებული მის სახლში ვისხედით და მის წიგნებს ვკითხულობდით. იქ ვწერდით საკონფერენციო გამოსვლებს, სტატიებს. 90-იან წლებში კაბინეტში მწვანე ნავთქურა დაგვიდგა, აბა, თქვენ იცით, არ შეგცივდეთ, არ დაიწვათ და იმუშავეთო“, - იხსენებს ირინა დარჩია.
რისმაგ გორდეზიანის ხელმძღვანელობით 40-მდე ადამიანმა დაიცვა დისერტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა არასდროს არსად უმუშავია. შრომის წიგნაკში მხოლოდ თსუ ეწერა.
თავისი ცხოვრების მანძილზე მეცნიერმა ორჯერ გადაიტანა ინფარქტი, ოპერაცია, ინსულტი, მაგრამ ავადმყოფობას არ იმჩნევდა. ისევ წერდა წიგნებს, ისევ მუშაობდა. დიდად არც პოლიტიკურ სიტუაციას უყურებდა, სჯეროდა, რომ ადამიანმა მუშაობა და განვითარება ყველა შემთხვევაში უნდა განაგრძოს.
რისმაგ გორდეზაინი 85 წლისა გარდაიცვალა. ის 16 აგვისტოს დაკრძალეს საბურთალოს პანთეონში.
ფორუმი