2025 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, ოფიციალურად გასულიყო რუსეთი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციიდან. გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, საუბარია როგორც თავად კონვენციის, ასევე მისი იმ ოქმების დენონსაციის შესახებ, რომლებსაც რუსეთმა 1996 წელს მოაწერა ხელი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2023 წლიდან რუსეთს არ ჰყავს წარმომადგენელი წამების ამკრძალავ ევროპულ კომიტეტში (CPT), რომელიც, თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ნაწილია. ბარათის მიხედვით, რუსეთი ფაქტობრივად მოკვეთილია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მუშაობიდან, რადგან რუსეთის წარმომადგენლის მანდატის ვადის გასვლის შემდეგ (2023 წ. დეკემბერი), ევროპის საბჭომ დაბლოკა ახალი წარმომადგენლის არჩევის პროცედურა.
თუმცა, როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია (BBC) წერს, რუსეთის ხელისუფლებას ეს გარემოება გაახსენდა მხოლოდ კომიტეტის იმ საჯარო განცხადების შემდეგ (2024 წ. ნოემბერი), რომლის მიხედვითაც, რუსეთმა უარი თქვა კომიტეტთან თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაკავების ნებისმიერი ადგილის შეუფერხებელი მონახულება. საუბარია არა მხოლოდ ციხეებზე, არამედ არასრულწლოვანთა დაწესებულებებზე, პოლიციის განყოფილებებზე, არალეგალი იმიგრანტების მოთავსების ცენტრებზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებზე, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლებზე. წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის მანდატი ასევე ვრცელდება ტყვეების დაკავების ადგილებზე, თუ მათ „ნამდვილად და რეგულარულად“ არ სტუმრობს/ამოწმებს საერთაშორისო წითელი ჯვარი.
სახელმწიფო ვალდებულია, კომიტეტის წარმომადგენლებს ამ დაწესებულებებში შესვლისა და და იქ მყოფ პირებთან საუბრის შესაძლებლობა მისცეს. ვიზიტების შეჯამების შემდეგ, კომიტეტი სახელმწიფოს აწვდის მიღებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს.
თუ სახელმწიფო უარს იტყვის თანამშრომლობაზე ან რეკომენდაციების გათვალისწინებით ვითარების გამოსწორებაზე, კომიტეტი ამის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებს. რუსეთში ასეთი ვიზიტები 2022 წლამდე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე კეთდებოდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის მთავრობის თანამშრომლობას კომიტეტთან დიდი ხანია, ფორმალური ხასიათი აქვს, რაზეც მეტყველებს კიდეც კომიტეტის მიერ შედგენილი ანგარიშები და გაკეთებული განცხადებები. კომიტეტმა ასეთი განცხადება ოთხჯერ გამოაქვეყნა. ყველა მათგანი ეხებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში დაკავებულთა მოპყრობას, მათ შორის წამებას ჩეჩნეთის ომის დროს.
რუსეთმა წამების ამკრძალავი კონვენციის რატიფიცირება 1996 წელს მოახდინა, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა. რუსეთი ამ ორგანიზაციიდან 2022 წლის მარტში გარიცხეს. მოსკოვმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ევროპის საბჭოს დოკუმენტების - უპირველეს ყოვლისა კი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსაცია. კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, დენონსაცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან „თორმეტი თვის შემდეგ“, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებული იქნება, დაიცვას კონვენცია პუტინის მიერ წარდგენილი კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
რუსეთის მთავრობა ირწმუნება, რომ კონვენციიდან გასვლა „არ გამოიწვევს წამების წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების შემცირებას“, რადგან რუსეთი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე მხარედ რჩება.
რატომ ახლა?
რუსეთის მთავრობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კონვენციის დენონსაციის ინიციატივით 2025 წლის აგვისტოში გამოვიდა. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პირველი განცხადება ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გააკეთა, წამების პრევენციის კომიტეტის საჯარო განცხადების საპასუხოდ.
2024 წლის 18 ნოემბერს კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება რუსეთის მიერ მასთან თანამშრომლობაზე „განგრძობადი უარის“ შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დასაწყისიდან კომიტეტი ცდილობდა რუსეთის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის დამყარებას, რათა განეახლებინა რუსეთის დაკავების (პატიმრობის) ადგილებში ვიზიტები. კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას წერილები გაუგზავნა 19 თებერვალს და 8 მარტს, ანუ ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების (16 თებერვალი) შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე.
თუმცა კომიტეტმა ვერ მიიღო „კონსტრუქციული პასუხები“ ვერც ნავალნის გარდაცვალების და ვერც ციხის ადმინისტრაციის ქმედებების შესახებ, რამაც, როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სერიოზული შეშფოთება გამოიწვია დაკავებულთა წამების შესახებ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, კომიტეტის მეორე მოთხოვნა ეხებოდა ტერორიზმის („კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის) საქმეში ბრალდებულების მდგომარეობას. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრები ქმნიდა კონვენციის პირობების უხეში დარღვევის შთაბეჭდილებას.
2024 წლის 22 მარტს „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა.
24 მარტს სასამართლო დარბაზი მიყვანილი ოთხივე ბრალდებული სასტიკად იყო ნაცემი. ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის მუჰამდსობირ ფაიზოვი, სასამართლო დარბაზში ბორბლებიანი საკაცით შეიყვანეს. დაკავებისას მას თვალი ამოუგდეს ბუდიდან. კიდევ ერთ ბრალდებულს, საიდაკრამ რაჯაბალიზოდას, სავარაუდოდ, ყური ჰქონდა მოჭრილი.
თუმცა პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომიტეტი პოლიტიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კომიტეტი რუსეთის წარმომადგენლობის აღდგენის მოთხოვნების იგნორირებას ახდენდა“.
წამება - როგორც სისტემის ნაწილი
2021 წლის ოქტომბერში მთელი რუსეთი შეძრა სარატოვის ციხის საავადმყოფოში პატიმართა მასშტაბური წამების ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ. პირველად საჯაროდ გახდა ცნობილი ის, რაც მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველებმა და რუსმა პატიმრებმა იცოდნენ. როგორც რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები ამტკიცებენ, მაშინ 400-ზე მეტმა პატიმარმა გაიარა წამება. ამასთან ამ 400-დან 100-ზე მეტმა გამოცადა წამება და ძალადობა გარყვნილი ფორმით, რაც ოპერატიული თანამშრომლების მითითებით, ჩაიწერეს სასჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის ვიდეორეგისტრატორებზე.
სარატოვის ციხის ყოფილმა პატიმარმა ალექსეი მაკაროვმა, რომელიც ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა 2018-დან 2020 წლამდე, ვიდეოკამერის წინ განაცხადა, რომ ორჯერ აწამეს და სასტიკად გააუპატიურეს ამავე საავადმყოფოში:
„სადისტებმა გამაუპატიურეს და მაწამეს ორჯერ - 2020 წლის 18 თებერვალს და 2020 წლის 14 აპრილს. ყველაფერი მოხდა ტუბერკულოზის განყოფილებაში. მანამდე ფული გამომძალეს. დავთანხმდი და გადავეცი 50 ათას რუბლზე (596$) მეტი რაღაც რეკვიზიტების შესაძენად, რომლებზეც მიმითითა განყოფილების უფროსის თანაშემწემ, მაგრამ მათ მაინც გააკეთეს ეს. თან გადაიღეს ვიდეორეგისტრატორზე“.
უფლებადამცველებთან პირველი გასაუბრების შემდეგ, ალექსეი მაკაროვმა საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა განცხადება გამოძალვისა და გაუპატიურების შესახებ, თუმცა ყოფილი პატიმრის ამ საჩივარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. სახელმწიფომ არ მიიღო არანაირი ზომები წამების მსხვერპლის დასაცავად და სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ ჩადენილი გაუპატიურების მთელი სერიის გამოსაძიებლად.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით 2021 წლის ბოლოს რუსეთს ეწვია წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციის დელეგაცია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო მათი ბოლო ჩასვლა რუსეთში, რადგან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა და მის სტრუქტურებთან თანამშრომლობა შეაჩერა.
როგორც BBC-ის რუსული რედაქციის ანალიტიკოსი ოლეგ ბოლდირევი ამბობს, ბოლო წლებში რუსეთის წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციის წევრობა, ისედაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან არ ხდებოდა წამების წინააღმდეგ რეალური ბრძოლა:
„დელეგაციები მოდიოდნენ, ამოწმებდნენ ციხეებს, ადგენდნენ ანგარიშებს და იღებდნენ რეკომენდაციებს, მაგრამ დაკავებულებსა და პატიმრებს კვლავ აწამებდნენ. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის დასრულება ნიშნავს, რომ რუსეთის ციხეები კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდება, მაგრამ რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველთა დევნის გამო, ასეა უკვე ბოლო წლების განმავლობაში.“
მაშინაც კი, როდესაც წამება დოკუმენტურად დასტურდება, სისხლის სამართლის საქმეებში დაფიქსირებულია დამნაშავეთა მონაცემები, სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გრძელდება და ვერ აღწევს ორგანიზატორებამდე. ამის თვალსაჩინო მაგალითია პატიმართა წამების ცნობილი საქმეები ირკუტსკში.
ირკუტსკის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად აწამეს 30 წლის მსჯავრდადებული კეჟიკ ონდარი. წამების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნა ორგანიზაცია Gulagu.net-მა, რომელსაც მსჯავრდადებულის და ცხელ ხაზზე დაუკავშირდა.
ადამიანის უფლებადამცველების თქმით, ქურდობისთვის გასამართლებული ონდარი ანგარსკის N15 სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდა, მაგრამ კოლონიაში დაწყებული არეულობის შემდეგ, გადაიყვანეს ირკუტსკის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ის სასტიკად აწამეს.
„კეჟიკს სასტიკად სცემეს წინასწარი დაკავების I იზოლატორის ე.წ. პრესხატაში. ხელ-ფეხი შეუკრეს, ჩამოკიდეს, წყლით დაასველეს და 220-ვოლტიანი ელექტროდენით აწამეს. აბუჩად იგდებდნენ, დღეების განმავლობაში ჰყავდათ დაბმული, ბასრი საგნით დაუზიანეს პენისი, გააუპატიურეს, ანუსში შეუტენეს სადუღარი (Кипятильник), რომელიც აფეთქდა და სწორი ნაწლავი დააზიანა“, - ციტირებს Gulagu.net პატიმარ კეჟიკ ონდარის დას, აზიანა ონდარს.
წამების რუსული მეთოდები ოკუპირებულ ტერიტორიებზე
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ან ანექსირებულ ტერიტორიებზე უკრაინაში.
რუსეთის არმიამ ქალაქი ხერსონი და ხერსონის ოლქი ომის დასაწყისშივე დაიპყრო, თუმცა 7,5 თვის შემდეგ, 2022 წლის 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე. როგორც გაირკვა, რუსი სამხედროები ხერსონის ოლქის ოკუპაციის დროს მასობრივად აწამებდნენ და ხოცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს. უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ბრალდებით ასობით ადამიანი დააკავეს და თვეების განმავლობაში ამყოფეს პატიმრობის გაუსაძლის პირობებში. ასეთი დაკავებების შემდეგ ათობით ადამიანი გაუჩინარდა: რუსეთი ხშირად არ ამჟღავნებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების, ასევე მათი ადგილსამყოფლისა და ბრალდებების შესახებ.
ელიზავეტა სოკურენკო, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრ ZMINA-ში ომის დანაშაულების დოკუმენტირებით არის დაკავებული, მტკიცებულებებსა და თვითმხილველთა ჩვენებებს აგროვებდა არა მხოლოდ ხერსონში, არამედ ხარკოვის ოლქშიც, სადაც რუსული ოკუპაციის პერიოდში მოწყობილი იყო დაკავების არაერთი უკანონო ადგილი.
„მწამებელი ბევრია, თუმცა წამების მეთოდი ყველას ერთი აქვს, - ამბობს ელიზავეტა სკურენკო, - ჩვენ გვაქვს არაერთი ანალიტიკური ანგარიში, რომლებშიც ზოგადად სისტემატიზებულია ინფორმაცია უკანონო დაკავებებისა და წამების შესახებ. რაც შეეხება წამების ყველაზე გავრცელებულ სახეობას, როგორც დოკუმენტირებული შემთხვევების ანალიზიდან ვხედავთ, ეს არის სასტიკი ცემა და ელექტროშოკერი, დენის გამოყენება. მაგალითად, ხერსონის დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსს, ანდრეი სპივაკს (მეტსახელი „ავი“), ძალიან უყვარდა უბრალოდ ადამიანების ცემა, ელექტროშოკერით საკნებში შესვლა. დაკითხვების დროს ასევე იყენებენ ე.წ. ტაპიკს - საველე ტელეფონს, ТА-57-ს, რომლის კლემებსაც (დამჭერები, საიდანაც ცვლადი დენი გამოდის) ამაგრებენ ადამიანების სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ასეთ დროს წამება, როგორც წესი, სექსუალიზებულია, რადგან დამჭერებს ამაგრებენ სასქესო ორგანოებზე ან დვრილებზე“.
ელიზავეტა სკურენკოს თქმით, ასევე დაფიქსირებულია დახრჩობით წამების შემთხვევა, როდესაც ადამიანს იატაკზე აგდებენ, სახეზე აფარებენ მჭიდროდ ნაქსოვ ნაჭერს და შემდეგ პირში ასხამენ წყალს.
„ასეთი წამება ქალების მიმართაც გამოიყენებოდა, - ამბობს უფლებადამცველი, - ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ცალკეულ დამნაშავეთა ინიციატივებია, რომ ვიღაცამ უბრალოდ გადაწყვიტა ადამიანის წამება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის - უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ. პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს თვითნებურად აკავებენ, აპატიმრებენ და შემდეგ აწამებენ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი წამების შედეგად გარდაიცვალა. უკრაინის პროკურატურამ გამოიძია უკანონო დაკავების მინიმუმ 15 000 შემთხვევა. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციის სისტემატურ, ფართომასშტაბიან პრაქტიკაზე“.
ექსპერტთა თქმით, წამებისა და არაადამიანური (დამამცირებელი) მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის დატოვების შემდეგ, რუსეთში წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ზედამხედველობას ახლა ფორმალურად ახორციელებს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. თუმცა, როგორც იგივე ექსპერტები შენიშნავენ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთიდან გაეროში მოხვედრილი კონკრეტული საქმეების რაოდენობა იმდენად მცირეა (თხუთმეტამდე), რომ მის ეფექტიანობაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ფორუმი