რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაცია 10 000 ბავშვსა და მოზარდზე ატარებს “ნეიროამოცნობის” -„ნეიროპროფილირების“ - ტესტებს, რათა გამოავლინოს ლიდერები და „ანტილიდერები“, რათა გაიზარდოს პატრიოტიზმის დონე და ახალგაზრდებს შეხვდეთ როლები, რომლებიც, შედეგების თანახმად, მათ მოერგებათ.
არც 1984 წელია და არც ანტიუტოპიურ მომავალზეა ლაპარაკი, ეს ხდება 2025 წლის რუსეთში, ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს პატრიოტიზმის წახალისებას და სხვაგვარად მოაზროვნეების ჩახშობას უკრაინასთან ომის და დასავლეთთან მკვეთრი დაპირისპირების პირობებში.
ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული - რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ნაწილის - „როსპატრიოტცენტრის“ (რუსეთის პატრიოტული ცენტრი) მიერ დაწყებული ამ “ამოცნობის პროექტის” მიზანია „ჰარმონიულად განვითარებული პირების აღზრდა“, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე განთავსებული იმ დოკუმენტების სიაში, რომლებიც შეისწავლა რადიო თავისუფლების რუსულმა საგამოძიებო ჯგუფმა „სისტემამ“.
დამოუკიდებელი პედაგოგები კრიტიკას გამოთქვამენ პროექტის მიმართ. ერთ-ერთმა მათგანმა „სისტემას“ განუცხადა, რომ ის „ფსევდომეცნიერებას“ „მანიპულირების“ მიზნით იყენებს და რომ კომუნიზმისა და ფაშიზმის პერიოდის მეთოდებს ახსენებს.
„ეს ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობაა, აკონტროლოს ადამიანები და გავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებებზე“, - თქვა პედაგოგმა დიმა ზიცერმა.
12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები, რომლებსაც ტესტს უტარებენ, რუსეთის რამდენიმე რეგიონიდან არიან. პროგრამა აგვისტომდე გაგრძელდება და Systema-ს მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, მისი „გამოხატული დადებითი მახასიათებლების“ მქონე 50 მონაწილე შეირჩევა სექტემბერში ხუთდღიან სემინარში მონაწილეობის მისაღებად. ის ჩატარდება სევასტოპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე.
თუმცა ეს მახასიათებლები შესაძლოა პატრიოტიზმში ან ლოიალობაში არ გადაიზარდოს, ნათქვამია სემინარის აღწერაში უწყების შესყიდვების ვებსაიტზე. ორგანიზატორები შეეცდებიან გამოავლინონ „ლიდერები და/ან ანტილიდერები (მონაწილეები, რომლებსაც დესტრუქციული ქცევისკენ აქვთ მიდრეკილება)“, - წერენ პროექტის ავტორები. ხოლო მონაწილეებს, რომლებიც „პატრიოტიზმის იდეებს სახელს შეუბღალავენ“, დაუყოვნებლივ დაატოვებინებენ შეკრებას.
პროგრამის მიზანია „განათლების, კარიერული წარმართვის და ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისადმი მიდგომების ტრანსფორმაცია“, - წერს „როსპატრიოტცენტრი“ თავის Telegram-არხზე.
არ არის გარკვეული, რას უპირებენ მონაწილეებს პროექტის განხორციელების შემდეგ.
თუმცა ციმბირის რეგიონის ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში გამოამზეურეს 65 მილიონი დოლარის ღირებულების ახალგაზრდული ცენტრის - „ახალგაზრდობის სასახლის“ - გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ბავშვებსა და მოზარდებში პატრიოტული განათლებისა და სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ღირებულებების პოპულარიზაციას.
“ნეიროამოცნობის” ტესტების გამსაღებელი რუსული კომპანიის, „პერსონის“ ხელმძღვანელმა ვლადიმირ კოზლოვმა არ ისურვა Systema-ს მიერ Telegram-ის საშუალებით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემა.
„როსპატრიოტცენტრმა“ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა ასევე მცირე დეტალები მოგვაწოდეს კვლევაში გამოყენებულ ტესტირების მეთოდებზე.
დასკვნები პატრიოტიზმის შესახებ
მონაწილეების შესახებ დასკვნები გამოტანილია „ვიზუალური სიმბოლოების ქვეცნობიერი კოგნიტიური აღქმის“ საფუძველზე, წერს Persona პრეზენტაციაში.
„დარწმუნებული ვართ, რომ პატრიოტიზმი იწყება ქვეყნის მომავალში საკუთარი როლის გააზრებით“, - აცხადებს კოზლოვი „როსპატრიოტცენტრის“ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ კომენტარში. „ჩვენი კომპანიის ნეიროპროფილირების ტექნოლოგიები მოზარდებს ეხმარება ამ როლის პოვნაში - ზუსტად, შეგნებულად და მოტივაციით“.
ბავშვთა მოსკოველმა ფსიქოლოგმა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით Systema-სთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ არსებობს "ნეიროპროფილირების ასობით მეთოდი, რომლებიც დადასტურებულად სანდოა“, მათ შორისა კითხვარები და „რორშახის მელნის ლაქების ტესტი“.
„ამ ტესტებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე: აქვს თუ არა მას ლიდერის თვისებები, რამდენად მორჩილია, გულწრფელია ან იმეორებს იმას, რისი მოსმენაც სხვებს სურთ მისგან“, - თქვა ბავშვთა ფსიქოლოგმა. „საკითხავი ისაა, თუ როგორ გამოიყენებენ ამას და რა მიზნით“.
ზიცერი არ ეთანხმება მას და ამბობს, რომ „ნეიროპროფილირება” ფსევდომეცნიერებაა“ და პოტენციური ლიდერების იდენტიფიცირების ან მოზარდების კონკრეტულ პროფესიაში ან ცხოვრებისეულ გზაზე მიმართვის მცდელობები „მანიპულაციაა”.
„სახელმწიფოსთვის ძალიან მოსახერხებელია 14 წლის ასაკში ადამიანს ბიძგი მისცეს, რომ მიცემული ტრაექტორიით საფლავამდე “იფრინოს“, - თქვა მან. ზიცერი თვლის, რომ სახელმწიფო საპირისპიროს უნდა აკეთებდეს - რაც შეიძლება ფართოდ ხსნიდეს განვითარების გზებს.
„საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციაა, უზრუნველყოს, რომ განსხვავებული ნიჭის ადამიანები გამოვლინდნენ. მაგრამ არჩევანი [რომელ ტრაექტორიას გაჰყვება] ინდივიდმა უნდა აირჩიოს. და ეს არის კრიტიკული აზროვნების საფუძველი”, - ამბობს დიმა ზიცერი.
პუტინის მმართველობის, პრეზიდენტობის თუ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 1999 წლიდან, კრემლმა მკაფიოდ გამოაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული კრიტიკული აზროვნებისთვის ხელის შეწყობით. პუტინმა გააძლიერა განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა 2012 წელს, როდესაც პრეზიდენტად დაბრუნდა, ხოლო ისედაც მკაცრი ზომები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
ბავშვებისთვის პატრიოტიზმის ჩანერგვას რუსეთის მთავრობა ცდილობს პუტინის პირველი ვადის შემდეგ.
მისი ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობა იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, ისტორიის სახელმძღვანელოებიდან დაწყებული მილიტარისტული გაკვეთილებით დამთავრებული, რათა ზეწოლა მოახდინოს ახალგაზრდებზე, რომ მათ კრემლის გეოპოლიტიკური რიტორიკა მიიღონ და უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარი დაუჭირონ.