„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების ადრეულ პროცესში მიიღო ისეთი კანონები, რომლებმაც წინასაარჩევნო კონკურენციაში ოპოზიციის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა - დააკარგვინა დაფინანსება და უფასო სარეკლამო სატელევიზიო სარეკლამო დრო.
„რაიმე საუბარი მომდევნო არჩევნების კონკურენტუნარიანობაზე ან სამართლიანობაზე, სასაცილოა...“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა ბუჩუკურმა, „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა.
„ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ იმის მიუხედავად, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, მათ უფასო სარეკლამო დრო არ ეკუთვნით.
„საარჩევნო კოდექსით“, რომელიც საარჩევნო პროცესების წესებს ადგენს, წერია, რომ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო, რომელმაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახა. ასეთი ექვსი პარტია იყო:
- #4 - კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;
- #5 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
- #9 - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
- #25 - „გახარია საქართველოსთვის“;
- #36 - „გირჩი“ (მიიღო ხმების 2,996%, თუმცა ცესკომ საბოლოო მონაცემებში დაამრგვალა 3%-მდე);
- #41 - „ქართული ოცნება“.
კანონი, რომელმაც ოპოზიციის უფლებები მნიშვნელოვნად გააუარესა, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის პარლამენტის შეკრებიდან რამდენიმე დღეში, 16 დეკემბერს დააინიციირა - მაშინ, როცა ქუჩაში ოპოზიცია და მათი მხარდაჭერები შედეგებს აპროტესტებდნენ. თუკი მანამდე, ოპოზიციის ბოიკოტსა თუ მანდატებზე უარის თქმაზე დაფინანსება და სარეკლამო დროის მიცემა არ იყო დამოკიდებული, ხელისუფლებამ ეს „ხარვეზი“ გამოასწორა:
- პარტია, რომელიც უარს იტყვის მანდატებზე, გაუუქმდება საბიუჯეტო დაფინანსება;
- პარტია ასევე კარგავს დაფინანსებას, თუკი მისი სიით გასული დეპუტატების ნახევარზე მეტი სხდომებს არ ესწრება;
- საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვის შემთხვევაში პარტია კარგავს უფასო სარეკლამო დროსაც.
კანონი ისეა დაწერილი, რომ „გირჩს“, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატი ვერ მიიღო და ბოიკოტს არ აცხადებს, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე დანარჩენ ოთხ პარტიას. „ქართული ოცნების“ კანონმა „გირჩს“ დაუტოვა საბიუჯეტო დაფინანსებაც და უფასო სარეკლამო დროც.
საარჩევნო კოდექსით, კომერციული ტელევიზიები, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვებები აქვთ, ვალდებული არიან არჩევნებამდე 50 დღით ადრე პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყონ უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო - ყოველ სამ საათში 7,5 წუთი ისე, რომ არცერთ პარტიას შეხვდეს 90 წამზე მეტი დრო.
იმ ფონზე, როცა არჩევნებში მონაწილე დიდი ოპოზიციური პარტიებიდან არცერთ არ აქვს უფასო სარეკლამო დრო, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელისუფლებო არხებზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ფასი. ამ მიზეზით ამ ორ სატელევიზიო არხზე ან პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არათუ უფასო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ნახვაც კი შეუძლებელია.
„ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა" კოლოსალურად, შარშანდელთან შედარებით თითქმის 9-ჯერ, გაზარდა პოლიტიკური რეკლამის ფასი… [სწორედ ამიტომ] „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურმა, საარჩევნო კამპანიის რეკლამისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი მიმართა სოციალურ ქსელზე“, - ამბობენ „ლელო - ძლიერ საქართველოში“.
- თუკი საპარლამენტო არჩევნების წინ „იმედზე“ ყველაზე მოთხოვნად დროს 1 წთ რეკლამა 21 560 ლარი ღირდა, წელს ფასი ოთხჯერ გააძვირა და 84 084 ლარი გახადა;
- „რუსთავი 2-ის" შემთხვევაში, შარშან ყველაზე ძვირად ღირებული რეკლამის ფასი 20 400 ლარი იყო, წელს სამჯერ გაზარდა და 66 300 ლარი გახადა.
ხელისუფლების მცდელობით „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „გახარიამ საქართველოსთვის“ ასიათასობით ლარის ღირებულების სარეკლამო დრო დაკარგეს ტელევიზიებში, მათ შორის ყველაზე დიდი წილი პროსახელისუფლებო არხებზე მოდის, რადგან ყველაზე ძვირი რეკლამა სწორედ იქ ღირს.
ტელეკომპანია „იმედში“ ამბობენ, რომ მათ კანონი არ ზღუდავს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფების დადგენის დროს:
„ტელეიმედი, როგორც კერძო ტელეკომპანია, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უფლებამოსილია თავად დაადგინოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის კონკრეტული ტარიფი“.
არხმა უპასუხოდ დატოვა რადიო თავისუფლების შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა სარეკლამო ტარიფების დადგენის დროს სხვა არხებთან შეთანხმებას, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან". ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" დირექტორმა, ბაკურ ბაკურაძემ კი თქვა, რომ დატვირთული განრიგის გამო ვერ შეძლებდა ამ საკითხზე საუბარს.
ერთადერთი არხი, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კლიპი გადის, საზოგადოებრივი მაუწყებელია. კანონი მას უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის უფრო ნაკლები დროს გამოყოფას ავალდებულებს: ყოველ სამ საათში ხუთ წუთს. „TV MR საქართველოს“ მონაცემებით, მაუწყებელზე ათი პარტიის რეკლამა გადის - გამოდის, რომ თითოეულ პარტიას სამ საათში 30 წმ-იანი რეკლამა ეკუთვნის.
ფორუმი