ფოტოზე, თითოეული მძევლის ქვეშ იკითხება მინაწერი - „რონ არად 2“, „რონ არად 3“ და ასე შემდეგ. რონ არადი ისრაელელი პილოტია, რომელიც 1988 წელს ლიბანში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
განცხადებაში „ჰამასი“ მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უარის გამო, რომელიც მოლაპარაკებებს არ დათანხმდა, აქვეყნებს „გამოსამშვიდობებელ ფოტოს“.
ორგანიზაციის თქმით, მძევლები გადანაწილებულნი არიან მთელ ღაზის სექტორში და ჰამასი „არ თვლის თავს ვალდებულებად, იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე იმაზე მეტად, ვიდრე ამას აკეთებს ისრაელი“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ისინი შეიძლება ნებისმიერ ადგილას აღმოჩნდნენ, რომელსაც თქვენ ბომბავთ“.
ისრაელის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ტერორისტების ხელში 48 მძევალია. მათ შორის, 47 - 2023 წლის 7 ოქტომბერს აყვანილები და ერთი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც 2014 წელს დაიღუპა. მძევალთა ნახევარი, სავარაუდოდ, დაღუპულია.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
2025 წლის აგვისტოში ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ღაზის დაპყრობას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუ ღაზას ჰამასის ბოლო საყრდენს უწოდებს.