რას ამბობენ კვლევები ქალის სხეულის ძალაზე?

ქალის სხეულის სისუსტეზე მითი შედარებით ახალი წარმოქმნილია, ჰყვება სთარე ვართანი თავის წიგნში.

დღემდე გავრცელებული მოსაზრებით, ქალები კაცებზე სუსტები არიან. ივნისის დასაწყისში „ვაშინგტონმა პოსტმა“ გამოაქვეყნა ნაწყვეტი სთარე ვართანის წიგნიდან „ძლიერი სქესი: რას გვეუბნება მეცნიერება ქალის სხეულის ძალაზე“. წიგნში საპირისპიროა დამტკიცებული.

ძალა მხოლოდ კუნთები და სისწრაფე არაა, წერს ვართანი. თუ სხვა კატეგორიებსაც შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ ქალები ხშირად კაცებს სჯობიან. ძალის ტრადიციული გაგება პატრიარქალური კულტურის ზეგავლენით ჩამოყალიბდა. ქალის სხეულის მეცნიერული კვლევების ნაკლებობამ კი ეს შეხედულება მხოლოდ გაამყარა.

გენდერული სხვაობა და კვლევები

1993 წელს ქალებს კლინიკურ კვლევებში თითქმის არ რთავდნენ. ბევრი მეცნიერი დღემდე ერიდება ლაბორატორიულ კვლევებში ძუ ცხოველების, მაგალითად თაგვების, გამოყენებას, რადგან ჰორმონების ცვლილებამ შესაძლოა შედეგი „გააფუჭოს“.

შესაბამისად, ქალის სხეული ნაკლებად არის შესწავლილი, სპორტული სამყარო კი ძირითადად ისევ მამაკაცებზეა ორიენტირებული.

ედიტ კოუენის უნივერსიტეტის პრორექტორის (სპორტის მიმართულებით) პერტე სოფინ ნიმფიუსის თქმით, სპორტის მეცნიერებაში ქალებს ჯერაც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. ვითარება ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ მაინც, 2021 წელს კვლევების მხოლოდ 6 პროცენტი თუ ეძღვნებოდა ქალის სხეულს.

მითი ქალის სისუსტეზე

ქალის სხეულის სისუსტეზე მითი შედარებით ახალი წარმოქმნილია, ჰყვება სთარე ვართანი თავის წიგნში. მას ეთანხმება მეცნიერებათა კანდიდატი მოლეკულური ბიოლოგიის სფეროში ვიქტორია დორინინა. ის ამბობს, რომ ბიოლოგიაც კი, რომელიც ობიექტური მეცნიერებაა, ბევრ შემთხვევაში იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან შეხედავ საკითხს.

„თუ ხედვა „კაცურია“, ყველაზე ძლიერები კაცები არიან. ისინი უფრო მძიმე ტვირთს წევენ. უფრო სწრაფად დარბიან. მიიჩნევა, რომ ქალებს ეს არ შეუძლიათ და თუ შეუძლიათ, უფრო ცუდად გამოსდით. პრობლემა ისაა, რომ ბიოლოგია დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა და დღემდე უყურებს ქალებს პატრიარქალური თვალსაწიერიდან, რომლის მიხედვითაც მიიჩნევა, რომ თუ ქალი რამე ისეთ აკეთებს, რასაც კაცი, უარესად გამოსდის“.

რეალურად ქალები ისტორიის დიდი მონაკვეთის განმავლობაში კერიის ძლიერი მცველები იყვნენ. ამის შესახებ ლაპარაკია, მაგალითად, ამერიკელი ანთროპოლოგის ნიკოლ ვაგესპაკის კვლევაში. მათ გადაჰქონდათ მძიმე აღჭურვილობა, ნადირობდნენ ორსულობისა და მენსტრუაციის დროსაც კი, მაშინაც, როდესაც ბავშვები ძუძუზე ჰყავდათ.

წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ სანადირო-შემგროვებელი თემების 79 პროცენტში ქალებიც ნადირობდნენ. მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ბოლო 100 წლის მანძილზე 63 თემის ეთნოგრაფიული მონაცემები შეისწავლეს.

„ისტორიულად ქალები შორ გზაზე დადიოდნენ ორსულები, ბავშვებით. ასე გამძლეობა გამოუმუშავდათ. მამაკაცებს კი გამოუმუშავდათ ის, რომ მოკლევადიანი ძალის მოჭარბება ახასიათებთ. მათ შეუძლიათ მოკლე დისტანციაზე ირბინონ და ისრები ისროლონ“, - ამბობს დორონინა.

ვინ გადაწყვიტა, რა არის ძალა?

თანამედროვე სამყაროში „ძალის“ განმსაზღვრელად კუნთები და სისწრაფე იქცა. ამ პარამეტრებით მამაკაცები მართლაც ხშირად უსწრებენ ქალებს. მაგრამ ეს შესაძლო კრიტერიუმების მხოლოდ ნაწილია. ვართანი დარწმუნებულია, რომ თუ ისეთ თვისებებზე გადავიტანთ ყურადღებას, როგორიცაა ამტანობა, დღეგრძელობა და კუნთების რეგენერაციის უნარი, სიტყვა „ძალა“ ქალის სახეს მიიღებს.

საქმე ისაა, რომ ძალის განსაზღვრება იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის არ მონაწილეობდნენ. დორინინა ამბობს, რომ მათ უფრო მომავალ დედებად აღიქვამდნენ, რომელთაც ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა ავნებდათ.

„თანაც სპორტი მომგებიანი და საპატიო საქმიანობაა. ქალები მამაკაცებს უნდა მომსახურებოდნენ, ბავშვები გაეზარდათ. რად უნდოდათ სპორტი“.

როგორც კი ქალებს მარათონებში მონაწილეობისა და სპორტში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცათ, ცხადი გახდა, რომ ისინი არა მხოლოდ დატვირთვას იტანენ, ხანდახან მამაკაცებსაც ჯაბნიან, განსაკუთრებით ექსტრემალურად გრძელ დისტანციებზე.

2024 წელს ბრიტანელმა ჟასმინ პერისმა 60 საათში დაასრულა 160 კილომეტრიანი Barkley-ის მარათონი. ეს სულ 20 კაცმა შეძლო. თან გზადაგზა ისვენებდა, რომ მკერდიდან რძე გამოეწველა.

ამავე წელს ავსტრალიელი მეკლდეური ბარბარა „ბაბსი“ ზანგერლი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც პირველივე ცდაზე, ჩამოვარდნის გარეშე, კლდე ელ-კაპიტანი დაიპყრო და ამას სამ დღეზე ნაკლები მოანდომა.

ამერიკელი ულტრამარათონელი ტარა დაუერი ყველაზე სწრაფი ადამიანი გახდა მათ შორის, რომელსაც აპალაჩის ბილიკი გადაულახავს.

18 წლის ამერიკელი ოდრი ჰიმენესი არიზონის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გოგონა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს შორის პირველი დივიზიონის ორთაბრძოლაში შტატის ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა. ჰიმენესი ბიჭებს ეჯიბრებოდა.

2025 წელს კანადელმა მორბენალმა სტეფანი კეისმა ასკილომეტრიანი ულტრამარათონი მოიგო დიდ ბრიტანეთში - Ultra-Trail Snowdonia. სირბილის დროს სამჯერ გაჩერდა, რომ ბავშვი ძუძუთი გამოეკვება.

მაინც რა არის ქალის სიძლიერის საფუძველი? სთარე ვართანი ოთხ თვისებას გამოყოფს:

  • მეტი ამტანობა ტკივილისადმი,
  • უფრო ძლიერი იმუნიტეტი,
  • კუნთების აღდგენის უკეთესი უნარი,
  • დღეგრძელობა.

ქალები ტკივილს უკეთ იტანენ

2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა: მართალია, ქალები უფრო გრძნობენ ტკივილს, მაგრამ ამტანობის კუთხით სპორტსმენი ქალები კაცებს არ ჩამოუვარდებიან. ამასთან, ქალები ტრავმის დროსაც უფრო ხშირად აგრძელებენ ვარჯიშს.

1981 წლის კვლევა კი ირწმუნება: „ქალ-სპორტსმენებს ტკივილის მიმართ ყველაზე დიდი ტოლერანტობა აქვთ“.

მკვლევარი ვიქტორია დორონინა ამბობს, რომ ბევრი ნაშრომის შედეგად მართლაც მტკიცდება, რომ ქალებს ტკივილი უკეთ გადააქვთ. ამის მიზეზი ევოლუციაშიც იმალება (იგულისხმება მშობიარობა, მენსტრუაციული ტკივილი) და სოციალურ ფაქტორებშიც: ქალები მიეჩვივნენ, რომ მათი ტკივილი არავის ადარდებს.

„ქალებზე ძირითადად ფიქრობენ, რომ ის უბრალოდ ემოციურია. თუ ჩივის, რომ ძალიან სტკივა, ესე იგი ისტერიკაშია. თუ მამაკაცი ამბობს, მტკივაო, მისი უფრო სჯერათ“.

მის სიტყვებს ამყარებს კვლევა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა. ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გვიან დიაგნოსტირებას ეხებოდა. მეცნიერების მონაცემებით, საავადმყოფოში მოსულ ქალებს 10 პროცენტით ნაკლებად შეუფასებენ ხოლმე ტკივილის დონეს. ისინი მოსაცდელში საშუალოდ ნახევარი საათით უფრო მეტხანს იცდიან და უფრო იშვიათად იღებენ გამაყუჩებლებს.

იმუნიტეტი

ძუ ძუძუმწოვრებს, მათ შორის ადამიანსაც, მართლაც უფრო მყარი იმუნიტეტი აქვთ. ეს ესტროგენისა და ორი იქს ქრომოსომის გავლენაა.

2009 წლის სამეცნიერო სტატიაში ევოლუციის შემსწავლელი ბიოლოგი მინესოტის უნივერსიტეტიდან, მარლენ ზუკი წერდა: „უეჭველია, მამაკაცები უფრო ავადმყოფობენ. ცნობილია, რომ მოხუცთა სახლებში უფრო ქვრივი ქალები ცხოვრობენ, ვიდრე ქვრივი მამაკაცები, მაგრამ ეს სხვაობა მხოლოდ მოხუცებს არ ეხებათ“.

დორონინა ამბობს, რომ ორმაგი იქს ქრომოსომა იმუნური სისტემის უფრო სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს.

„როდესაც კაცი გაციებულია და წევს. ის მართლაც ძალიან ცუდადაა, არ იგონებს. მისი იმუნური სისტემა არ არის ისეთი ძლიერი“, - ამბობს ის და დასძენს, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, ქალის ორგანიზმი ევოლუციურად ბავშვის დაბადებასა და გაზრდაზეა „დაპროგრამებული“. ეს კი ავადმყოფობისადმი მდგრადობას მოითხოვს.

თუმცა, ამას თავისი საფასური აქვს: ქალები გაცილებით ხშირად იტანჯებიან ავტოიმუნური დაავადებებით. მაგალითად, 2024 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ ავტოიმუნური დაავადებები საშუალოდ მოსახლეობის 8 პროცენტს ემართება, მაგრამ მათგან 78 პროცენტი ქალია.

გამძლეობა

მწირი გამოკვლევების თანახმად, ქალის სხეული გრძელვადიან დატვირთვას უკეთ უძლებს. ის უფრო ნელა ცვდება და რესურს დიდხანს ინახავს. ეს შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ ქალის სხეული სპორტული ვარჯიშების დროს ცხიმს წვავს და არა ნახშირწყლებს, როგორც ეს კაცის სხეულს ახასიათებს.

ბრიტანული კარდიოლოგიური ფონდის გამოკვლევა, რომელშიც 40 წელს გადაცილებული 300 სპორტსმენი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ რეგულარული ვარჯიშის შედეგად, მამაკაცებში გულ-სისხლძარღვთა სისტემა უფრო ადრე „ბერდებოდა“. ქალებში კი პირიქით, ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობდა იმას, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ბიოლოგიური ასაკის შესაბამისი დარჩენილიყო.

შესაძლო მიზეზებიდან ერთ-ერთი კუნთების აგებულებაა. ქალების კუნთები უფრო ნელა იკუმშება და უკეთ აღდგება. ძუ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მათი კუნთები ესტროგენის ხარჯზე ორჯერ უფრო ჩქარა რეგენერირდება, ვიდრე ხვადების.

თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს ადამიანებზე პირდაპირ ვერ გადავიტანთ. ვიქტორია დორონინა მიიჩნევს, რომ ამ განსხვავებას ბიოლოგიური საფუძველი აქვს.

„ეს ისევ იმას უკავშირდება, რომ ქალებს უფრო აქტიური იმუნური სისტემა აქვთ. ქალებთან რეგენერაცია უფრო სწრაფია. ეს ორსულობისთვის და შობისთვის მზაობას უკავშირდება. ამიტომ, მაშინაც კი, როცა ერთნაირად არიან დაშავებულები, ქალები კაცებზე მალე გამოჯანმრთელდებიან ხოლმე. ამასთან მამაკაცები ხშირად ინტენსიურ ვარჯიშს ირჩევენ, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს“.

დღეგრძელობა

ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ. ეს ძუძუმწოვრების უმეტესობაშიც ასეა. მიზეზები იძებნება როგორც ქცევაში, ასევე ბიოლოგიაში. მამაკაცები უფრო ხშირად სწევენ რისკს და საკუთარ ჯანმრთელობას ნაკლებად უფრთხილდებიან. თან მამაკაცების დიდ ნაწილს ბევრი მავნე ჩვევა ახასიათებს. ქალის ორგანიზმი კი ავადმყოფობებსა და ტრავმებს უკეთ უმკლავდება.

გამონაკლისი ამ შემთხვევაში ნაკლებად განვითარებული ქვეყნებია, სადაც დედების სიკვდილიანობის მაღალი დონე ფიქსირდება. არც სამედიცინო მომსახურებაა ხელმისაწვდომი.

მამაკაცებისთვის უნიკალური იგრეკ ქრომოსომა პერიოდულად დეგრადაციისკენ არის მიდრეკილი, რამაც შესაძლოა სხვადასხვა დარღვევები გამოიწვიოს. მაგალითად, კაცებში გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკია.

მიუხედავად ამ გამოკვლევებისა, ვიქტორია დორონინა მიიჩნევს, რომ ქალის სხეულზე მაინც ცოტა რამ ვიცით.

„დარწმუნებული ვარ: მონაცემების კუთხით კიდევ უამრავი პრობლემაა. ამიტომაც გამოიწვია ამ წიგნმა სენსაცია. ვიღაცამ გაბედა და თქვა, რომ ქალი შესაძლოა კაცზე რამით უკეთესი იყოს“. - ამბობს ის, - „მაგრამ ვეჭვობ, მონაცემები მაინც ძალიან მწირია. ვერ იტყვი, რომ ახლა თანასწორობას მივაღწიეთ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი თუ იქნება“.