Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რამდენი პარტნიორი გყავდა?" - რატომ ჩუმდებიან სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლები


საილუსტრაციო ფოტო. სექსუალური შევიწროება
საილუსტრაციო ფოტო. სექსუალური შევიწროება

საქართველოში დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკვლევის შედეგები.

კვლევაში კერძო სექტორში მომუშავე 900-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„ყავაზე დაპატიჟება არაფერი სექსუალური შევიწროება არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი უცებ გიწყებს [საუბარს იმაზე], მაგალითად, რა გირჩევნია სექსუალური აქტის დროს ან რამდენი პარტნიორი გყავდა, და მეორე დღეს ან რამდენიმე საათში გწერს, რომ მოდი, შევხვდეთ, უკვე მინიშნებას [ჰგავს], რა უნდა ვიფიქრო, რატომ გინდა ჩემთან შეხვედრა?“ - ჰყვება ქალი, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

გამოკვლევის მონაწილეები თვლიან, რომ საქართველოში, კერძო სექტორში სექსუალური შევიწროება გავრცელებულია, მაღალი რისკის სფეროებად კი რამდენიმეს ასახელებენ:

  • მომსახურების;
  • გართობის;
  • ტურიზმის.

„სერვისში განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები. მაგალითად, ღამის ცვლებში მომუშავე ქალები მაღაზიებში, სადაც მათ არ ჰყავთ გვერდით დამხმარე და რჩებიან ერთი ერთზე შემავიწროებელთან“, - ეუბნება მკვლევრებს სექსუალური შევიწროების საკითხებზე მომუშავე სფეროს ექსპერტი.

ასევე დასახელდა ის ბიზნესიც, რომელშიც უმეტესად კაცები მუშაობენ, მაგალითად, სამშენებლო ან უსაფრთხოების სექტორი.

სექსუალური შევიწროების რა ფორმებს აღწერენ თანამშრომლები?

გამოკვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების ადგილებზე უფრო მეტად გავრცელებულია სექსუალური შევიწროების ვერბალური ფორმები, მაგალითად:

  • მიუღებელი კომპლიმენტები გარეგნობასა და ჩაცმულობაზე;
  • სექსუალური ისტორიების მოყოლა;
  • სამსახურის შემდეგ შეტყობინებები და ზარები პირად ცხოვრებაზე;
  • შეკითხვები პირად ცხოვრებაზე;
  • პირადი სივრცის დარღვევა ფიზიკურად, სხეულზე შეხება;
  • ფიზიკური სიახლოვის შეთავაზება პრივილეგიების სანაცვლოდ.


რესპონდენტები ამბობენ, რომ ძირითადად ქალები და 35 წელზე ნაკლები ასაკის თანამშრომლები ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლები.

როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებულებზე უფრო მეტად ის ქალები ხდებიან მსხვერპლები, რომლებსაც არ ჰყავთ ქმრები ან პარტნიორები, მათ შორის, განქორწინებული, ქვრივი ქალები, მარტოხელა დედები. ასევე - ლგბტქი+ თემის წევრები, სტაჟიორები და დროებით დასაქმებულები.

როგორც სხვა ტიპის სქესობრივი დანაშაულები, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროებაც, ძირითადად შეუმჩნეველი რჩება - სექსუალური შევიწროების მსხვერპლებიდან მხოლოდ ერთმა მესამედმა თქვა, რომ მომხდარს სხვაც შეესწრო.

რესპონდენტთა 22% ამბობს, რომ ისინი სექსუალურად შეავიწროვა უშუალო ხელმძღვანელმა. მათი მხრიდან შევიწროება ქალებში (26%) ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში (12%).

რატომ ჩუმდებიან მსხვერპლები?

თანამშრომლები, რომლებიც სამუშაოზე სექსუალური შევიწროების შემთხვევას შეესწრნენ, ძირითადად თავს იკავებენ, რომ ამის შესახებ, მაგალითად, შეატყობინონ ხელმძღვანელობას ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

შემსწრეთა მხოლოდ 3%-მა შეატყობინა სახელმწიფო ორგანოებს, ხოლო 5%-მა თქვა, რომ არაფერი გაუკეთებია. გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ მსხვერპლს ემოციურად დაეხმარა, გაამხნევა.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი, კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულებს სექსუალური შევიწროების შესახებ ტრენინგებს ხშირად უტარებს, უყვება მათ შევიწროების ფორმებზე, იმაზე, თუ ვის უნდა მიმართონ, თუკი ასეთი პრობლემის წინაშე დადგებიან და როგორ უნდა დაიცვან თავი.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ხშირად ადამიანებს უჭირთ, სექსუალურ შევიწროებას თავისი სახელი დაარქვან.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი. ის კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულებს სექსუალური შევიწროების შესახებ უყვება.
გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი. ის კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულებს სექსუალური შევიწროების შესახებ უყვება.

„პირველ რიგში, ჩუმდებიან, ეშინიათ, რომ თუკი ამის შესახებ სადმე იტყვიან, ხმამაღლა ილაპარაკებენ, შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ, მაგალითად, გაათავისუფლონ სამსახურიდან, დასცინონ... ხშირად, სამწუხაროდ, საკუთარ თავს იდანაშაულებენ, იქნებ ჩემი ბრალი იყო, მე გამოვიწვიე. ეს გავრცელებული მიზეზებია, რის გამოც ეს ადამიანები ჩუმდებიან“.

ამაზე მეტყველებს გამოკითხვის შედეგებიც. რესპონდენტთა 39% ეთანხმება აზრს, რომ არსებობს რისკი, რომ მათ, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებს, „კოლეგები არასათანადოდ დაუწყებენ ყურებას“.

ნაწილს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ნაწილს - საზოგადოების გაკიცხვის, ბევრმაც არ იცის, რა არის შევიწროება და როგორ დაამტკიცოს, რომ მსხვერპლი გახდა.


მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შეტყობინებას და სამართლებრივ რეაგირებას რესპონდენტთა უმრავლესობა მხარს უჭერს, პრაქტიკაში შეტყობინების შემთხვევები იშვიათია. დაზარალებულთა მხოლოდ 9%-მა მიმართა ფორმალურ მექანიზმებს დახმარებისთვის, ხოლო უმრავლესობამ უბრალოდ ილაპარაკა მომხდარზე და ამაზე გაჩერდა.


მკვლევრები ამბობენ, რომ სექსუალური შევიწროების მიმართ საზოგადოების და მათ შორის, კომპანიების ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული პირების დამოკიდებულება არასათანადოა.

აი, რას ამბობს ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელი:

„კომპანიებში დამოკიდებულება შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება მიდრეკილი იყოს იმისკენ, რომ იქნებ ეს ასე არ არის, იქნებ რაღაცა სხვა იგულისხმა. აბა, დაფიქრდი, არ უნდოდა ეს ასე, რა ვიცი, კარგი ბიჭია და შენც კარგი გოგო ხარ“.

სფეროს ექსპერტებიც და სექსუალური შევიწროების გამოცდილების მქონე ქალებიც ამბობენ, რომ სამსახურში უფრო მეტად პრივილეგირებული ან/და ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფები ავიწროებდნენ, თითქოს მათ აქვთ განცდა, რომ სექსუალური შევიწროება მათი უფლებაა და ასეთი ქცევა ნორმაა.

რას ამბობს კანონმდებლობა?

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც განსაზღვრა, როგორ მოხდეს საჯარო სივრცესა და სამუშაოზე სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება ან მასზე რეაგირება.

სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება.

იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ვინმე მიმართავს და სექსუალური შევიწროება დადასტურდება, ომბუდსმენი დამსაქმებლისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

სახალხო დამცველის აპარატს არცთუ იშვიათად უწევს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ მსჯელობა. ერთ-ერთ ასეთ საქმეზე სახალხო დამცველი წერს:

"ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი კაცი კომპანიის კუთვნილი გასაქირავებელი ბინის აბაზანიდან შიშველი, მხოლოდ წელზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა, რამაც მის თანამშრომელ ქალს ღირსების შემლახველი/დამაშინებელი გარემო შეუქმნა და საბოლოოდ იძულებული გახდა, სამუშაო ადგილი დაეტოვებინა".

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ეს შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროება იყო.

კანონის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ითვლება არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალური შევიწროებისათვის დაწესებულია ჯარიმაც - 300-დან 1000 ლარამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG