რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში ჰაუერი აღწერს, თუ როგორ გარდაიქმნა ომი სამ წლინახევრის განმავლობაში - როგორ გადაიქცა ის ტანკებისა და არტილერიის კლასიკური დაპირისპირებიდან მცირე დანაყოფებისა და დრონების ბრძოლის ველად, და როგორ გაქრა ტრადიციული „ფრონტის ხაზი“, რომელიც ახლა რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული ქაოსური საბრძოლო ზონაა.
ჰაუერი ასევე საუბრობს მორალისა და ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტზე, პოკროვსკის ბრძოლის სტრატეგიულ შედეგებზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება რუსეთის შეცვლილმა ტაქტიკამ - ენერგოსისტემის გადამცემ ხაზებზე მიზანმიმართულმა შეტევებმა - მოსალოდნელი ზამთარი 2014 წლის შემდეგ უკრაინისთვის ყველაზე მძიმედ აქციოს.
ომი, რომელიც ადრე მძიმე ტექნიკაზე და რუსული არტილერიის რიცხობრივ უპირატესობაზე იყო დამყარებული, ახლა იქცა კაცისა და დრონის ომად, ეს ორი გახდა ბრძოლის მთავარი ელემენტი...
რადიო თავისუფლება: უკრაინიდან ახლახან დაბრუნდით - როგორი მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე? რა ნახეთ, როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას?
ნილ ჰაუერი: პირველ რიგში, თვალში საცემია ის, თუ რამდენად რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ფრონტის ხაზი იმისგან, რაც ორი წლის წინ იყო. საბრძოლო მოქმედებების ხასიათი სრულიად გარდაიქმნა. მაშინ, ომის პირველ ორ წელიწადში, ეს იყო ტრადიციული ომი, ისეთი ომი, როგორსაც ბოლო შვიდი თუ რვა ათწლეულის განმავლობაში ვიცნობდით: ტანკებით, არტილერიით, ავიაციით, ჯავშანტექნიკით და ასე შემდეგ. ახლა კი ეს ყველაფერი გადაიქცა მცირე დანაყოფების ომად - ჯარისკაცები ხშირად მხოლოდ წყვილებად ან მაქსიმუმ სამკაციან ჯგუფებად მოქმედებენ და ძირითადად მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან. უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია ჯავშანტექნიკის მოყვანა ფრონტის ხაზთან ათ-თხუთმეტ კილომეტრზე უფრო ახლოს - მათ მაშინვე განადგურებენ FPV დრონები (First Person View drones), რომლებიც ყველგან არიან, ფაქტობრივად მთელ ფრონტს აკონტროლებენ. შესაბამისად, ომი, რომელიც ადრე მძიმე ტექნიკაზე და რუსული არტილერიის რიცხობრივ უპირატესობაზე იყო დამყარებული, ახლა იქცა კაცისა და დრონის ომად, ეს ორი გახდა ბრძოლის მთავარი ელემენტი.
ზოგჯერ რუსული დანაკარგები 90–95 პროცენტს აღწევს...
რადიო თავისუფლება: თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში უკრაინელი ოფიცერი ამბობს განსაკუთრებით დასამახსოვრებელ ფრაზას: „აღარაფერი დარჩა, რაც ფრონტის ხაზს ჰგავს.“ შეგვიძლია ეს განვმარტოთ? რა იგულისხმება იმაში, რომ ფრონტის ხაზი გაქრა?
ნილ ჰაუერი: დიახ - როგორც უკვე ვთქვი, დღეს შეუძლებელია ერთ პოზიციაზე სამზე ან ოთხზე მეტი ადამიანი გყავდეს: იმ წამსვე მტრის დრონების სამიზნედ იქცევი და განადგურდები. ამიტომ ფრონტის გასწვრივ უამრავი პატარა, ერთმანეთისგან იზოლირებული ბანაკია გაშლილი, წერტილებად. ამას ემატება რუსეთის ტაქტიკა, რომელიც უმეტესწილად მიზნად აღარ ისახავს ყველა ასეთი უკრაინული პოზიციის განადგურებას - ისინი ცდილობენ, უბრალოდ ნელ-ნელა წაიწიონ წინ. ხშირად უბრალოდ გვერდს უვლიან უკრაინულ ბლოკპოსტებს, მოტოციკლეტზე ამხედრებული მცირე დანაყოფებით ცდილობენ ფრონტის სიღრმეში შეღწევას. ამ დროს, ცხადია, უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან - ზოგჯერ რუსული დანაკარგები 90–95 პროცენტს აღწევს. მაგრამ თუნდაც რამდენიმე რუსი ჯარისკაცი თუ მოახერხებს გადარჩენას და უკრაინულ პოზიციებს „გადაურბენს“, ისინი იქვე ცდილობენ გამაგრებას - დრონებით იღებენ მომარაგებას და ელოდებიან დანარჩენებს, რომ შემდგომი შეტევა განახორციელონ. შედეგად, ვიღებთ ასეთ ქაოსურ სურათს - რუსული ტაქტიკისა და უკრაინული ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო ფრონტის ხაზი გადაიქცა ხუთკილომეტრიან ზოლად, სადაც ზოგ ადგილას რუსები არიან წინ, ზოგან კი უკრაინელები. პოზიციები ერთმანეთში აირია და ფრონტი „ხაზი“ კი არა, უფრო ფრონტის „ზონა“ გახდა.
რადიო თავისუფლება: ანუ უკრაინელი ჯარისკაცი შეიძლება წინა ხაზს იცავდეს, მაგრამ იმავდროულად ზურგს უკან მტერი ჰყავდეს?
ნილ ჰაუერი: დიახ, სწორედ ასეა. ეს ძალიან ხშირად ხდება.
უკრაინაში დეზერტირების ტემპი ძალიან მაღალია და უკვე ორი წელია სულ უარესდება...
რადიო თავისუფლება: როგორი განწყობაა ფრონტზე, განსაკუთრებით მორალის თვალსაზრისით? ხშირად გვესმის, რომ უკრაინელების სიმტკიცე და მებრძოლი სული შეურყეველია - სამ წელიწად-ნახევრის შემდეგაც ისეთივე შეუდრეკელია, როგორც მანამდე? რამდენად ამოწურვადი რესურსია უკრაინელების ეს საარაკოდ ქცეული მხნეობა?
ნილ ჰაუერი: ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ალბათ შეუძლებელია. როცა მებრძოლებს ესაუბრები, პირდაპირ არ გეუბნებიან, რომ დაიღალნენ ან მორალი დაეცა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი, ვისაც მორალის პრობლემები აქვს, ვინც გატყდნენ, ცხადია, უკვე აღარ არიან იქ, რათა ასეთი რამ გითხრან. ისინი დეზერტირობენ, თავიანთ სათქმელს გაქცევით ამბობენ და ეს უკრაინისთვის უზარმაზარი, მზარდი პრობლემაა. მაგალითად, გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში უკრაინაში დაფიქსირდა დეზერტირობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ომის განმავლობაში. ზოგჯერ ჯარისკაცები ტოვებენ დანაყოფებს ან პოზიციას და მერე ბრუნდებიან, ეს გახდა სულის მოთქმის, „გადატვირთვის“ არაოფიციალური გზა, რადგან სხვა „შვებულება“, სხვა ვარიანტი, რომ ოდნავ მაინც შეისვენონ, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ზოგიერთი კი იმიტომ გარბის, რომ საკუთარ ოფიცერს ვერ ენდობა - ფიქრობს, რომ მისი არაკომპეტენტურობა სიცოცხლის ფასად დაუჯდება. შედეგად, უკრაინაში დეზერტირების ტემპი ძალიან მაღალია და უკვე ორი წელია სულ უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯარის რიცხოვნობა მთლიანობაში გაიზარდა, ქვეითი დანაყოფების რაოდენობა რეალურად შემცირდა. ზედაპირულად შეიძლება ჩანდეს, რომ მორალი მყარია, მაგრამ თუ ციფრებს შევხედავთ, ასე მარტივადაც არაა საქმე.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე კრიტიკული ზღვარი ამ მხრივ? და თუ არსებობს, რამდენად ახლოს ვართ ამ ზღვართან?
ნილ ჰაუერი: შესანიშნავი შეკითხვაა, მაგრამ აქაც, ისევე როგორც წინა კითხვაზე, ზუსტი პასუხი არავის აქვს. რასაც ნათლად ვხედავთ, ის არის, რომ უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე დეზერტირების ეს მზარდი ტრენდი დამანგრეველ გავლენას ახდენს - კიევს უბრალოდ აღარ ჰყოფნის ხალხი ფრონტის ყველა მონაკვეთის დასაცავად. ამიტომაც ხდება, რომ რუსები შედარებით მარტივად აღწევენ ურბანულ ზონებში. აი, მაგალითად, პოკროვსკში ბრძოლა სულ რამდენიმე კვირაში მივიდა კრიტიკულ ზღვრამდე, მაშინ როცა ბახმუტისთვის ომი თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა - 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის ზაფხულამდე. მთავარი განსხვავება სწორედ ის არის, რომ უკრაინას აღარ ჰყავს საკმარისი მებრძოლები ფრონტის ყველა მონაკვეთის ჯეროვნად დასაცავად. უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთიც იძულებულია სულ უფრო და უფრო დიდი ფული გადაიხადოს ახალ რეკრუტებში, ასე რომ ეს მათთვისაც დიდი პრობლემაა, არც მათი რესურსია უსასრულო. მათთვისაც რესურსი უსასრულო არ არის. ასე რომ, კითხვაზე, ვინ გატყდება პირველი - ვერავინ გასცემს პასუხს. ეს ომი დღეს ჰგავს შეუჩერებელი ძალის და უძრავი ობიექტის დაპირისპირებას.
[უკრაინის არმიაში] უამრავი არაკომპეტენტური ოფიცერია და მათ არავინ სთხოვს პასუხს ჩადენილ შეცდომებზე...
რადიო თავისუფლება: და აქვს თუ არა კიევს რაიმე სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ ადამიანური რესურსის დეფიციტის პრობლემას გადაჭრის?
ნილ ჰაუერი: ბევრი უკრაინელი სამხედრო, ვისთანაც ვისაუბრე, დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა ახალი რეკრუტების გარეშე, ანუ სამხედრო სავალდებულო ასაკის 25-იდან 18 წლამდე შემცირების გარეშეც შეიძლება მოგვარდეს - უბრალოდ საჭიროა არმიის შიგნით რეფორმა და არაკომპეტენტური ოფიცრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. არაკომპეტენტური მეთაურები უნდა ისჯებოდნენ თავიანთი ფატალური შეცდომებისთვის - იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებმაც ასობით და ათასობით ჯარისკაცი დაღუპა ისეთ სიტუაციებში, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ტოვებენ ჯარისკაცები სამსახურს - იმიტომ, რომ [უკრაინის არმიაში] უამრავი არაკომპეტენტური ოფიცერია და მათ არავინ სთხოვს პასუხს ჩადენილ შეცდომებზე. უკმაყოფილება ახლა უკვე საჯარო გახდა, რადგან ჩუმად საუბარმა შედეგი არ გამოიღო. იმედი აქვთ, რომ არმიის მთავარ შტაბსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე საჯარო ზეწოლა საბოლოოდ რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს.
მხოლოდ იმის იმედიღა უნდა გვქონდეს, რომ უკრაინელებმა დანაყოფების უმეტესობა უკვე გაიყვანეს პოკროვსკიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ისინი ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდებიან...
რადიო თავისუფლება: პოკროვსკი ახსენეთ და ჩაგეძიებით - ორი დღის წინ, კრემლმა პოკროვსკის აღების ვადა, რომელიც თავდაპირველად 15 ნოემბრისთვის იყო დადგენილი, გადაწია - ახლა ახალ თარიღად 15 დეკემბერია მითითებული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პოკროვსკის დაცემა გარდაუვალია?
ნილ ჰაუერი: ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ასეა. რუსები უკვე ქალაქის სამ მეოთხედს აკონტროლებენ, ზოგ ადგილას სრულად დამკვიდრდნენ, სხვაგან კი ჯერ კიდევ გრძელდება შეღწევა. პოკროვსკისა და მირნოგრადის გარშემო არსებული უკრაინული ჯიბეები პრაქტიკულად უკვე მოწყვეტილია დანარჩენი ფრონტისგან. ახლა ყველაფერი იმ ეტაპზეა, რომ მხოლოდ იმის იმედიღა უნდა გვქონდეს, რომ უკრაინელებმა დანაყოფების უმეტესობა უკვე გაიყვანეს იქიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ისინი ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდებიან. თუ გამოსვლის პროცესი წლის ბოლომდე არ დასრულდება, და 31 დეკემბრამდე პოკროვსკში ისევ იქნებიან უკრაინელი მებრძოლები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოკროვსკი წინააღმდეგობას აგრძელებს - ეს იმის ნიშანი იქნება, რომ უკრაინელები გაიჭედნენ და ალყიდან ვეღარ გამოდიან.
რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის შესაძლო გავლენაზეც ვისაუბროთ - სტრატეგიულად ან ტაქტიკურად რას შეცვლის პოკროვსკის დაცემა?
ნილ ჰაუერი: ძირითადად ეს ნიშნავს, რომ პოკროვსკის დაკარგვის შემდეგ დონბასში უკრაინას მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ქალაქი შერჩება. ფაქტობრივად, ოთხი ძირითადი წერტილი რჩება: კონსტანტინოვკა - რომელიც თავადაც სამ მეოთხედით გარშემორტყმულია და რუსები იქ უკვე ფეხს იკიდებენ; ლიმანი - რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თითქმის მოწყვეტილია მომარაგებისგან, მხოლოდ მდინარის გასწვრივ არსებობს მცირე დერეფანი; და თვითონ ლიმანი პრაქტიკულად ყოველდღიურად იბომბება. გარდა ამისა, დარჩენილია სლავიანსკი და კრამატორსკი - ქალაქები, რომლებიც აქამდე უკრაინის უკანასკნელ უსაფრთხო ბასტიონებად ითვლებოდა დონბასში, მაგრამ ბოლო ერთი-ორი თვის განმავლობაში რუსული FPV დრონები უკვე იქაც აქტიურად მოქმედებენ - ნადირობენ როგორც სამხედროებზე, ისე სამოქალაქოებზე. ასე რომ, მხოლოდ ეს ოთხი ქალაქია დარჩენილი, და მათგან ორში მდგომარეობა უკვე კრიტიკულად მძიმეა, რაც უკრაინისთვის და მთლიანად დონბასისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
თუნდაც ხვალ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა სრულად შეწყვიტონ მხარდაჭერა, უკრაინა ასეთ პირობებშიც, მაინც გააგრძელებს ბრძოლას...
რადიო თავისუფლება: მოიაზრება, რომ ამ ყველაფერს ალბათ გავლენა ექნება მოლაპარაკებებზეც, მაგალითად, მათ, ვინც უკრაინის იძულებით დანებებას ემხრობა, შეეძლებათ ხელი გაიშვირონ პოკროვსკისკენ და თქვან, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთი მაინც გატეხს უკრაინის წინააღმდეგობას, ამიტომ იქნებ სჯობს, თვითონვე დათმოს დონბასი, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის იმედად. დანაკარგებიც ნაკლები ექნება...
ნილ ჰაუერი: ის ხალხი, ვინც მაგას იტყვის, სამ წელიწად-ნახევარია ერთი და იმავეს გაიძახის - ყველა ქალაქის დათმობისას, ყველა ეტაპზე. მაგრამ რეალობა ასეთია: მოლაპარაკება აბსოლუტურად უშედეგო ჩანს, რადგან რუსეთის პირობები არ შეცვლილა – ისინი ისევ იმას ითხოვენ, რასაც ომის პირველივე დღეს ითხოვდნენ: სრული კაპიტულაცია. ეს უკრაინელებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირად არ ჯდება რეალობაში. თუნდაც ხვალ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა სრულად შეწყვიტონ მხარდაჭერა, უკრაინა ასეთ პირობებშიც, მაინც გააგრძელებს ბრძოლას. ბევრად უფრო რთულ პირობებში, ბევრად უფრო მძიმე დანაკარგებით – მაგრამ მაინც იბრძოლებს. ასე რომ, მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა დღეს ისეთივე შორია, როგორც ადრე - ერთი მილიმეტრითაც კი არ მივახლოებივართ მშვიდობას.
რადიო თავისუფლება: ვითარება თითქოს ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებაშიც მძიმდება.შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოკროვსკის შემდეგ ეს ორი მიმართულება იქნება რუსეთის შემდეგი სამიზნე?
ნილ ჰაუერი: ჯერ დონბასი. დონბასი კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სამიზნედ. ხარკოვის რეგიონში სიტუაცია არც თუ სახარბიელოა - ქალაქი ფაქტობრივად მუდმივ საფრთხეშია და რეგიონი უაღრესად არასტაბილურ ფრონტად იქცა. მაგრამ უკრაინელებისთვის იქ ჯერ კრიტიკული ფაზა არ დამდგარა. რაც შეეხება ზაპოროჟიეს მიმართულებას, იქაც რუსებმა თითქოს წინ წაიწიეს, მაგრამ რამდენად შორს წავლენ, ამას დრო გვიჩვენებს.
ეს შეიძლება უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ზამთარი აღმოჩნდეს...
რადიო თავისუფლება: შევაჯამოთ - რა რესურსებითა და მორალური მდგომარეობით ხვდება უკრაინა ზამთარს? რა მოლოდინები უნდა გვქონდეს?
ნილ ჰაუერი: ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლება უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ზამთარი აღმოჩნდეს. აქამდე 2022–2023 წლების ზამთარი ითვლებოდა ყველაზე რთულად - მაგრამ შემდეგ წლებში უკრაინამ ბევრი რამ ისწავლა და გააუმჯობესა და მომდევნო ორ ზამთარი უფრო მარტივად გადაიტანა. ახლა კი, როცა რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და ენერგოსისტემის გადამცემი ხაზების დაბომბვა დაიწყო - მხოლოდ სადგურების კი არა, არამედ მთელი ქსელის - უკვე კიევის ცენტრშიც კი ხშირია გათიშვები. ამიტომაც, უმეტესობა ელოდება, რომ ეს იქნება ალბათ ყველაზე მძიმე ზამთარი უკრაინისთვის 2014 წლის შემდეგ. ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული პერიოდი.