SCO-ს სამიტზე პუტინმა უკრაინის ომში დასავლეთი დაადანაშაულა, სი ძინპინმა კი ჩინეთის დიპლომატიის გავლენა წარმოაჩინა

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ესალმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ფოტოსესიის შემდეგ

მოკლედ

  • ვლადიმირ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე უკრაინის ომის მიზეზად დასავლეთის მხარდაჭერილი გადატრიალება დაასახელა.
  • სი ძინპინმა SCO-ს წევრ ქვეყნებს 2 მილიარდი იუანის გრანტი და 10 მილიარდი იუანის სესხი აღუთქვა, ასევე მოითხოვა განვითარების ბანკის შექმნა.
  • სამიტზე ჩინეთი და რუსეთი დასავლეთის გლობალური წესრიგის ალტერნატივის გაძლიერებას ცდილობდნენ, ხაზგასმით აჩვენეს სი ძინპინისა და პუტინის მჭიდრო ურთიერთობა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მხარდამხარ იდგა, კრემლის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომთან დაკავშირებით დასავლეთს გამოწვევა გაუგზავნა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, 1 სექტემბერს ტიანძინში ორდღიან სამიტზე სხვა ლიდერებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „არა რუსეთის თავდასხმის შედეგად“, არამედ კიევში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების გამო დაიწყო. მან დასძინა, რომ დასავლეთის მცდელობები უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ „პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას“.

ასევე ნახეთ პუტინი ჩინეთში და კიდევ ოთხი საინტერესო რამ, რასაც SCO-ს სამიტზე უნდა მიაქციოთ ყურადღება

პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია - რომლის წევრებიც არიან ბელარუსი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, რუსეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი - შეაქო, როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის კარგი მაგალითი. მისი თქმით, SCO-ს შეუძლია შექმნას „სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებს მოძველებულ ევროცენტრულ და ევროატლანტიკურ მოდელებს“, - ამაში იგულისხმება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ფინანსური და უსაფრთხოების ორგანიზაციები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური ინსტიტუტები წარმართეს.

ეს კომენტარები გაისმა შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ჩინეთის მზარდი დიპლომატიური გავლენის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცევას ისახავს. სამიტზე არაერთი დადგმული სცენა იყო, პეკინსა და მოსკოვს შორის ღრმა ურთიერთობის ხაზგასასმელად, პუტინისა და სი ძინპინს შორის მჭიდრო პირადი ურთიერთობის დემონსტრირებით.

31 აგვისტოს სამიტის მისასალმებელი ბანკეტის კადრებში ჩანს, რომ ორი ლიდერი გვერდიგვერდ მისეირნობს სხვა ლიდერებთან ფოტოს გადაღების შემდეგ. სხვა კადრში განზრახაა ნაჩვენები, როგორ მიემართება სი ძინპინი პუტინთან და სამიტის სხვა მონაწილეებს გვერდს უვლის.

ამ სამიტზე სი ძინპინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ სწორედ ის გახლავთ „გლობალური სამხრეთის“ ლიდერი, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ეკონომიკურ სტაბილურობას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო რეჟიმისა და აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების შემცირებით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეგამასშტაბიანი ბაზრების სიძლიერე და წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთშეთავსება და გავაუმჯობესოთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა“, - განაცხადა სი ძინპინმა ლიდერებს სამიტზე 14-წუთიანი გამოსვლის დროს.

ჩინეთის ლიდერმა SCO-ს წევრ სახელმწიფოებს აღუთქვა, რომ წელს 2 მილიარდ იუანს (280 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს გრანტების სახით, SCO-ს საბანკო კონსორციუმს კი დამატებით 10 მილიარდ იუანს (1,4 მილიარდი აშშ დოლარი) გადასცემს სესხის სახით. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეიქმნას SCO-ს განვითარების ბანკი.


წინგადადგმული ნაბიჯი სი ძინპინისთვის, პუტინისთვის და SCO-სთვის?

SCO 2001 წელს დაარსდა და მას შემდეგ რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული მიღწევები არ ჰქონია. ხშირად ამბობდნენ, ეს მხოლოდ უსაგნო სასაუბრო ადგილია, სადაც ძირითადად ავტოკრატი ლიდერები იკრიბებიან, რათა დასავლეთის მიერ მართული გლობალური წესრიგის წინააღმდეგ გამოვიდნენო.

ახლა პეკინი ცდილობს, რომ ეს შთაბეჭდილება გააქარწყლოს. სი ძინპინის ახალი ინვესტიციების შესახებ განცხადების გარდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ლიუ ბინმა, განაცხადა, რომ სამიტზე ლიდერებისგან მოსალოდნელია 10-წლიანი განვითარების გეგმის მიღება და შესაძლოა სხვა ეკონომიკური და უსაფრთხოების ინიციატივების წარდგენაც.

თუმცა ბლოკი ცდილობს, გაამტკიცოს თავისი სიმბოლური ღირებულებები და გააძლიეროს ალტერნატიული გლობალური წესრიგის კონტურები, სადაც ჩინეთი თანასწორთა შორის პირველი იქნება.

სი ძინპინმა პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს „ჰეგემონიზმს“, „ცივი ომის მენტალიტეტს“ და „ბულინგის პრაქტიკას“ - ამ სიტყვებით ჩინეთის კომუნისტური პარტია აკრიტიკებს ხოლმე ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი პირდაპირ მოხსენიების გარეშე.

ასევე ნახეთ „მფრინავი ბირთვული რეაქტორის“ გამოცდა არქტიკაში და ნიშნები, რომ რუსეთი ახალი იარაღის შექმნას უახლოვდება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის დასწრება სამიტს დიპლომატიურ წონას მატებს.

ეს მოდის პირველი ვიზიტია ჩინეთში შვიდი წლის განმავლობაში. პეკინი და ნიუ-დელი ცდილობენ ურთიერთობების ნორმალიზებას ინდოეთის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სატარიფო ზეწოლის ფონზე.

მოდი და სი ერთმანეთს 31 აგვისტოს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ წასვლას გეგმავენ, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბევრი ძირითადი უთანხმოება ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მოდისთვის ღონისძიების ქორეოგრაფია მისაღები აღმოჩნდა. მან შეაქო სი თავის პირველი სექტემბრის გამოსვლაში და თბილად მიესალმა პუტინს, შემდეგ კი ორივენი ხელჩაკიდებულები მივიდნენ სი ძინპინთან სასაუბროდ.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს 3 სექტემბერს ჩინეთში კიდევ ერთი მაღალი დონის დიპლომატიური ღონისძიება მოჰყვება - მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური სამხედრო აღლუმი.

სავარაუდოდ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებს. სამიტის შემდეგ ბლოკის მრავალი ლიდერი, მათ შორის პუტინი, აღლუმზე დასასწრებად ჩინეთში დარჩება.

ასევე ნახეთ ნახვამდის, ლენინის ქუჩა! ყირგიზეთი აგრძელებს საბჭოთა მემკვიდრეობის ძეგლების დემონტაჟს


ასევე ნახეთ როგორ დეგრადირდა "რუსული სამყაროს" მიერ ოკუპირებული დონბასი