Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 აგვისტოს მზია ამაღლობელი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს


მზია ამაღლობელი საპატიმროშია, უკვე თითქმის 7 თვეა. მან 38 დღე იშიმშილა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.
მზია ამაღლობელი საპატიმროშია, უკვე თითქმის 7 თვეა. მან 38 დღე იშიმშილა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ბოლო სასამართლო სხდომა 4 აგვისტოს გაიმართება, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. შესაძლებელია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი 4 აგვისტოსვე გამოაცხადოს.

სხდომა 13:00 საათზე დაინიშნა.

1 აგვისტოს, სასამართლო სხომაზე, დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე გამოდიოდა. ადვოკატ მაია მწარიაშვილს თითქმის 90-გვერდიანი სიტყვა ჰქონდა მომზადებული. სხდომა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს სისტემა ჩაგრავს და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი მიმდინარეობს; ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, მძიმე ბრალდებებით - მედიამენეჯერს წინასწარვე გამოუტანა განაჩენი.

ადვოკატის გამოსვლის შემდეგ, თავად მზია ამაღლობელმა მოითხოვა, რომ თავისი დასკვნითი სიტყვა გადადებულიყო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სხდომის დარბაზიდან იტყობინებოდა, რომ ამაღლობელი, სხვა სხდომების მსგავსაც, საბრალდებო სკამზე არც 1 აგვისტოს დამჯდარა და ფეხზე მდგომი უსმენდა ადვოკატს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, პოლიციელის ალიყურისთვის, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) აქვს წაყენებული, რაც სულ მცირე 4-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი კი 7 წელია.

მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულს, გაზვიადებულსა და გამოგონილს უწოდებენ იურისტები, უფლებადამცველები, საერთაშორისო პარტნიორები და ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციები.

მზია ამაღლობელის პატიმრობა ბევრისთვის კიდევ უფრო დიდ უსამართლობის განცდას იწვევს იმის გათვალისწინებითაც, რომ, ათეულობით დემონსტრანტისა თუ ჟურნალისტის სასტიკი ცემის გამო, დღემდე არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. როგორც თავად დაკავებულები ჰყვებიან, ადამიანებს გამეტებით ურტყამდნენ როგორც აქციებზე, ქუჩაში, ასევე დაკავების შემდეგაც - ავტომანქანებში.

21 ივლისს, სასამართლოს სხდომაზე, როდესაც ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით გამოდიოდა, პროკურორმა თქვა, რომ შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმებაც.

„სურვილის შემთხვევაში ეს საკითხი [საპროცესო შეთანხმება] განვიხილოთ აქტიურად… შემდეგ პროცესამდე თუ იქნება მომართვა, ამ საკითხს უმოკლეს ვადაში განვიხილავთ“, - განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

შემდეგი სხდომა 1 აგვისტოს გაიმართა - მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება არ მოუთხოვია.

„მზია ამაღლობელს არ სჭირდება სამართლებრივი შეღავათები. მზიამ ამაზე ისაუბრა. ის ითხოვს სამართლიანობას და სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა რადიო თავისუფლებას, 21 ივლისს. მწარიაშვილის შეფასებით, პროკურატურის მიერ “საპროცესო” შეთავაზებული იყო მანიპულირებისთვის, რაც “ჩვეულებრივი ძალადობის იარაღია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG