Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოდურია „ანტიამერიკა“. იქ ახლა მოსწონთ ყველაფერი, რაც ჩინურია


ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საპატიო ყარაული ესალმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც ჩინეთში ტიანძინში ჩავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საპატიო ყარაული ესალმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც ჩინეთში ტიანძინში ჩავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩინეთი ოფიციალურად გახდა კრემლის საუკეთესო მეგობარი. ამ დროს, ზოგიერთი რუსი მოხელე, განსაკუთრებით სადაზვერვო უწყებებში, კვლავ ეჭვის თვალით აკვირდებიან პეკინის ნამდვილ ზრახვებს მოსკოვის მიმართ. თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ რიგითი რუსი მოქალაქეების უმრავლესობა ჩინეთს და ყველაფერს, რაც ჩინურია, გულწრფელი სიმპათიით და ინტერესით უყურებს - არ მოელის ისეთ “ხრიკებს”, როგორსაც „მტრული და უსულო დასავლეთისაგან".

რუსეთის ხელისუფლება ლაპარაკობს „ოქროს ხანაზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობებში, რომელიც, ფაქტობრივად, კრემლის მხარესაა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ოფიციალური ჩინური პროპაგანდა ასევე ყოველმხრივ უჭერს მხარს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის იდეას.

სექტემბერში მონღოლეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პეკინის ინიციატივით ორგანიზებულ ბოლო პირისპირ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სურს მოსკოვთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივად „გარე დაბრკოლებების აღმოფხვრა.“ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს ახლა „ბევრი საერთო აქვთ“ და მათ ხალხებს „მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდი ხნის ტრადიციები აერთიანებთ“.


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და მისი მეუღლე, პენ ლიუანი, ესალმებიან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე ტიანძინში, ჩინეთი, 2025 წლის 31 აგვისტო
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და მისი მეუღლე, პენ ლიუანი, ესალმებიან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე ტიანძინში, ჩინეთი, 2025 წლის 31 აგვისტო

რუსეთის ეკონომიკა, რომელიც სტაგნაციას განიცდის და რომელზეც უკვე მძიმე გავლენა იქონია თითქმის ოთხწლიანი ომმა, ახლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთზე.

სი ძინპინმა პუტინს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სანქციების პირობებში - არა მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაში, არამედ მაღაზიების თაროებზე არსებული ყველა სახის დასავლური სამომხმარებლო საქონლის - რომელთა შეძენაც რუსებს სანქციების გამო ახლა ა(ღა)რ შეუძლიათ - ჩინური პროდუქციით ჩანაცვლებით. გარდა ამისა, ჩინეთი კვლავ არის რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელი.

პეკინსა და მოსკოვს შორის დამყარებული ოფიციალური ატმოსფერო, რომელიც დაუსრულებელ ორმხრივ ღიმილში, ქებასა და მნიშვნელოვანი დაპირებებში ჩანს, აისახა რუსეთის რიგითი მოქალაქის განწყობაზეც.

დღეს რუსულ საზოგადოებაში მოდურია ყველაფერი ჩინური: ჩინური ენის შესწავლა, ჩინური კინო, ხელოვნება და პოპ-კულტურა, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტურისტულ მოგზაურობა და დასვენება. ჩინური ავტომანქანები რუსეთის ქალაქების ქუჩებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რუსული ელიტურ ოჯახებს შვილებისთვის ჩინელი ძიძები აჰყავთ, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები კი აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას ჩინური ხელოვნების გამოფენებსა და სანახაობებს.

რუსული ტრადიციული „მატრიოშკების“ ნაკრები სი ძინპინის, ვლადიმირ პუტინის, იოსებ სტალინისა და სხვა პერსონაჟების გამოსახულებით ტურისტულ მაღაზიაში, მოსკოვში, სტარი არბატის ქუჩაზე მოსკოვი, 2025 წლის ზაფხული
რუსული ტრადიციული „მატრიოშკების“ ნაკრები სი ძინპინის, ვლადიმირ პუტინის, იოსებ სტალინისა და სხვა პერსონაჟების გამოსახულებით ტურისტულ მაღაზიაში, მოსკოვში, სტარი არბატის ქუჩაზე მოსკოვი, 2025 წლის ზაფხული

ეს ჩანს სოციოლოგიური გამოკითხვებიდანაც. რუსეთის სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი (ВЦИОМ), რომელიც მჭიდროდაა კრემლთან დაკავშირებული, ჯერ კიდევ წლინახევრის წინ იტყობინებოდა, რომ ათიდან შვიდი რუსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მეგობრულს და კეთილმეზობლურს (72 პროცენტი) უწოდებს. ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შეძლო მთლიანად (18 პროცენტი) ან გარკვეულწილად (58 პროცენტი) დასავლეთის, როგორც რუსეთის ეკონომიკური პარტნიორის, ჩანაცვლება და დასავლეთის სანქციების კომპენსირება.

„ლევადას ცენტრი“, რომელიც უფრო დამოუკიდებლად არის მიჩნეული, მსგავს მონაცემებს მოიყვანს საკუთარი კვლევის, „ჩინეთის იმიჯი რუსეთის საზოგადოებრივ აზრში“, საფუძველზე, რომელიც 2024 წლის ბოლოს ჩატარდა. მისი ავტორების თქმით, რუსებში ჩინეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს, ხოლო დასავლეთის ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება ისტორიულ მინიმუმზეა. თუ ოცი წლის წინ რუსების მხოლოდ მეხუთედი თვლიდა, რომ ჩინეთი შეიძლება დიდ ძალად ჩაითვალოს, დღეს „ლევადას ცენტრის“ მიერ გამოკითხულთა ორი მესამედია ამ აზრზე.


რუსეთში გამოკითხულებს შორის ასოციაციების მეოთხედი ჩინურ პროდუქტს უკავშირდებოდა - ტელეფონებს, მანქანებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს და ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Xiaomi, Huawei და Haval-ი, ასევე ონლაინმაღაზია AliExpress-ს. „ლევადას ცენტრის“ მიერ გამოკითხულების პასუხების კიდევ ერთი მეოთხედის ჩინეთთან ასოციაციები უკავშირდება ჩინური კულტურის სხვადასხვა ასპექტს: ჩინურ სამზარეულოს და მედიცინას, ისტორიას, ჩაის დაყენების ცერემონიებს, სატელევიზიო სერიალებს და ჩინურ ენას.

ავტომობილების ჩინური ბრენდის, Changan-ის მაღაზია, რომელიც ეკუთვნის ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია „ავტორუსს“. პოდოლსკი, მოსკოვის ოლქი, 2025 წლის 20 ოქტომბერი
ავტომობილების ჩინური ბრენდის, Changan-ის მაღაზია, რომელიც ეკუთვნის ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია „ავტორუსს“. პოდოლსკი, მოსკოვის ოლქი, 2025 წლის 20 ოქტომბერი

ასაკოვანი გამოკითხულები თბილად საუბრობდნენ ჩინელებზე, როგორც „ტრადიციული ღირებულებების“ მატარებლებზე - „უსულო დასავლეთისგან“ განსხვავებით. ბევრს აინტერესებს ჩინეთში დასვენება და საყიდლები - 2024 წლის ბოლოსთვის გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების 6 პროცენტზე მეტმა (და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მაცხოვრებლების თითქმის ნახევარმა) უკვე მოინახულა იქაურობა.

სოციოლოგების საერთო დასკვნა ასეთია: რუსეთის საზოგადოებრივი აზრი ჩინეთს ამჟამად დიდწილად აღიქვამს, როგორც დასავლეთის საპირწონეს, „ანტიამერიკას“. „ჩინეთისკენ მიბრუნება, რომელსაც მოსკოვი ოფიციალურად უწევს პროპაგანდას, პუტინის პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება - და შესაბამისად, ასახავს თავად პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებასაც. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-ის მიმართაც, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი რუსები შეუდარებლად უკეთ უყურებენ, ვიდრე მთავრობის მომხრეები.

შეკითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ჩინეთი საფრთხეს რუსეთისთვის, „ლევადას ცენტრის“ ხუთი რესპონდენტიდან მხოლოდ ერთმა უპასუხა "კი"; უმრავლესობამ (72 პროცენტმა) კი - "არა".

თუმცა ბევრმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ვერ შეძლებს საკუთარი წარმოებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას, ქვეყანას ემუქრება საფრთხე, „პეკინის ვასალი გახდეს“, რის შემდეგაც პეკინს შეუძლია „ნებისმიერ დროს გვიკარნახოს თავისი პირობები და დახუროს საწარმო, ისევე როგორც ეს ამერიკამ და ევროპამ გააკეთეს“.

Reuters-ის რეპორტაჟი მოსკოვის ოსტანკინოს რაიონში, მდინარე იაუზას ნაპირზე, საგამოფენო ცენტრთან ახლოს მდებარე ჩინური ჰუამინის პარკიდან:

Репортаж Reuters из китайского парка Хуамин в Останкинском районе Москвы
please wait

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00

რუსული მაღალანაზღაურებადი სამუშაოს ძიების სამსახურის, SuperJob-ის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინურმა ენამ მეოთხე ადგილი დაიკავა ყველაზე პოპულარული უცხო ენების - რომელთა შესწავლაც სურთ რუსეთის მაცხოვრებლებს - პირველ ხუთეულში.

ის სწრაფად ანაცვლებს ინგლისურს, ესპანურს და გერმანულს, რომლებიც ამჟამად პირველ სამ ადგილს იკავებენ. სულ უფრო მეტი რუსი თვლის, რომ ჩინურად მოლაპარაკე ადამიანებს გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვთ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ჩინური ენის მცოდნე სპეციალისტებზე მოთხოვნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2,1-ჯერ, და უფრო მეტად, გაიზარდა. SuperJob-ის მონაცემებით, ჩინური ენის თავისუფლად ცოდნა სპეციალისტის საშუალო ხელფასს 18-20 პროცენტით ზრდის.

დღესდღეობით, მოსკოვის იმ რამდენიმე საჯარო საშუალო სკოლაში, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, ჩინური ენის შესწავლის მსურველი გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა წარმოუდგენლად მაღალია, ხოლო ჩინური ენის მანდარინის დიალექტი უკვე ძირითადი საგანი გახდა არა მხოლოდ ლინგვისტურ უნივერსიტეტებში, არამედ ზოგიერთ ტექნიკურ სასწავლებელშიც კი.

მოსკოვში აღნიშნავენ მთვარის კალენდრის მიხედვით „ჩინურ ახალ წელს,“ 2024 წლის 11 თებერვალი
მოსკოვში აღნიშნავენ მთვარის კალენდრის მიხედვით „ჩინურ ახალ წელს,“ 2024 წლის 11 თებერვალი

ჩინური მანქანები, რომლებმაც პირდაპირი გაგებით გადაავსეს რუსეთის ქალაქები, ასევე სულ უფრო თვალსაჩინო ნიშანია იმისა, რომ ჩინეთმა ღრმად შეაღწია რუსეთში და იმისაც, თუ როგორ იპყრობს ის უკრაინაში ომის დაწყების შედეგად დაცარიელებულ ნიშებს რუსეთის ბაზარზე. საკონსულტაციო კომპანია „ავტოსტატის“ მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს 900 000-ზე მეტი ჩინური მანქანა გაიყიდა - მაშინ, როცა ომამდელ 2021 წელს რუსეთში მყიდველებმა მხოლოდ 115 000 ჩინური მანქანა შეიძინეს.

გასული წლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა 2024 და 2025 წლები „რუსეთ-ჩინეთის კულტურის წლებად“ გამოაცხადა. როგორც „მედუზა“ წერდა, უკვე 2024 წელს რუსეთში ჩინური კულტურა უჩვეულოდ ჩანდა ყველგან: მუზეუმებში გამოფენილი იყო ჩინური ხელოვნების ნიმუშები, თეატრალურ ფესტივალებზე აჩვენებდნენ ჩინურ სპექტაკლებს, ვრცელდებოდა ჩინური სერიალები, ხოლო ფენტეზის ჟანრის ჩინური რომანები და მოთხრობები წიგნის მაღაზიებში ყველაზე მაღალი ტირაჟით იყიდებოდა.

სტატიის ავტორები წერენ, რომ ეს ყველაფერი უდავოდ რუსების გულწრფელი ინტერესით იყო განპირობებული. თუმცა ეს ინტერესი დიდწილად კრემლის ოფიციალური პოლიტიკური დღის წესრიგის პირდაპირი შედეგია და რუსეთის უახლესი სახელმწიფო იდეოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება.

2024 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვის მერიამ პირველად მორთო ქალაქის ცენტრი ტრადიციული ჩინური სტილით, მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღსანიშნავად, როცა ფეხით მოსიარულეთა ქუჩები წითელი ფარნებით მორთო და წითელ მოედანთან ახლოს დადგა პანდის დიდი ფიგურა, რომელიც ახალი წლის ნაძვის ხეს იხუტებდა. მოსკოვის მეტროში გაჩნდა ჩინური სტილით გაფორმებული მატარებლები და მეტროს ხაზებისა და გადაჯდომის სქემები ჩინურ ენაზე.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუყაოს ფიგურები მოსკოვში, არბატის ქუჩაზე. 2023 წლის 15 ნოემბერი
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუყაოს ფიგურები მოსკოვში, არბატის ქუჩაზე. 2023 წლის 15 ნოემბერი

ქალაქის ბილბორდებზე და რუსულ სატელევიზიო არხებზე ახლა ხშირად ჩნდება სი ძინპინის სხვადასხვა გამონათქვამი, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ეხება „რუსეთთან მეგობრობას“ და „მრავალპოლარული სამყაროს“ მშენებლობას (მაგალითად, „გემრიელი წვნიანი მაშინ გამოდის, როდესაც სხვადასხვა ინგრედიენტს ურევთ“). ჩინური რესტორნები გაჩნდა რუსეთის უკლებლივ ყველა ქალაქში, თუმცა სულ რაღაც 10-15 წლის წინ ისინი თითზე ჩამოსათვლელი იყო.

2025 წლის დასაწყისში რუსეთის ეკრანებზე გამოვიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბლოკბასტერი „წითელი აბრეშუმი“. ეს არის რუსულ-ჩინური ერთობლივი ფილმი ჩინელ კომუნისტებსა და საბჭოთა უშიშროების ოფიცრებზე, რომლებიც ერთიანდებიან იაპონელ დივერსანტებთან, ჩინელ ნაციონალისტებთან და ჰონღუზის ბანდიტებთან, მათ „ანგლოსაქს მფარველებთან“ საბრძოლველად ტრანსციმბირის რკინიგზაზე 1927 წელს.

ფილმი გადაღებულია რუსეთის სახელმწიფო კინოფონდისა და რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი გაგრძელება, „შავი აბრეშუმი“, უკვე გამოცხადებულია, თუმცა მრავალი წამყვანი რუსი მსახიობის მონაწილეობისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, „წითელი აბრეშუმი“ ფინანსური თვალსაზრისით ჩავარდნა იყო.

ფილმ „წითელი აბრეშუმის“ ტრეილერი:

როგორც ახლახან კიდევ ერთხელ გაირკვა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის საქმიანობას ახორციელებს და არა მხოლოდ მეგობრულ, არამედ, მათ შორის, რა თქმა უნდა, სადაზვერვო საქმიანობასაც. მაგალითად, 9 ივნისს ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა (NYT) გამოაქვეყნა საკუთარი ვრცელი გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ მეგობრობისა და პოლიტიკური და იდეოლოგიური სიახლოვის ოფიციალური გარანტიების მიუხედავად, რუსეთის ეფესბეს (ФСБ) შიდა დოკუმენტები ჩინეთს აშკარად „საშიშ მტრად“ მოიხსენიებს.

NYT-ი საიდუმლო რუსულ მემორანდუმზე დაყრდნობით, რომელიც მას ჰაკერულმა ჯგუფმა, Ares Leaks-მა გადასცა, იტყობინება, რომ ეფესბეს საიდუმლო ქვედანაყოფმა, რომელიც მანამდე არ უხსენებიათ, არაერთხელ გააფრთხილა კრემლი პეკინიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეების შესახებ. ლუბიანკადან გაჟონილი რვაგვერდიანი დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთი რუსეთთან მიმართებაში ღიად დამპყრობლურ სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებს.

ამ ზაფხულს, The New York Times-მა მოიპოვა ეფესბეს კიდევ ერთი შიდა დოკუმენტი, რომელიც ავლენს, რომ რუსეთის კონტრდაზვერვა აკვირდება და აანალიზებს ათასობით შეტყობინებას ჩინურ აპლიკაცია WeChat-ზე, რათა გამოავლინოს ასობით ჩინელი ჯაშუში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი, და მათთან კონტაქტში მყოფი ნებისმიერი პირი.

XS
SM
MD
LG