„შერეკილები“(1973, საქართველო, სსრკ. რეჟისორი ელდარ შენგელაია)
ეს ამბავი ელდარ შენგელაიამ 1993 წელს გვიამბო, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, სადაც მაშინ ქართველი რეჟისორის დაბადების 60 წლის იუბილე აღნიშნეს. მინდოდა დამეწერა “ყველასთვის საყვარელი ქართველი რეჟისორის”, როგორც დღეს ამბობენ, ელდარის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ გამახსენდა, რომ შენგელაიას მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ქართულ საზოგადოებაში. “კარგი რეჟისორია, მაგრამ პუტჩისტიაო”, ამბობდა ხალხი, რომელმაც საყვარელ რეჟისორს არ აპატია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიუღებლობა და როგორც ახლა ამბობენ, “ბარიკადების მეორე მხარეს” დგომა.
ამის გაგონებაზე სულ მახსენდება იმავე ფილარმონიის დარბაზში “პერესტროიკის” დასაწყისში გამართული ელდარ შენგელაიას საღამო, რომელიც მე მიმყავდა. მაყურებელთან წერილობითი კონტაქტი თავად ელდარის იდეა იყო - დარბაზიდან შეკითხვებს გვიგზავნიდნენ და მე ვკითხულობდი. “რა აზრის ხართ ზვიად გამსახურდიაზე? მიგაჩნიათ თუ არა რომ დღეს ციხეში არ უნდა იჯდეს?”… “რა თქმა უნდა, თავისუფალი უნდა იყოს, - დაუფიქრებლად უპასუხა ცოტა არ იყოს აღელვებულმა ელდარმა, - ჩვენ არ უნდა გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები”… მის პასუხს ისეთი მქუხარე ოვაციები მოჰყვა, რომ ორგანიზატორები (მათ შორის ცეკას იდეოლოგიის განყოფილების მდივანი ნუგზარ ფოფხაძე) იძულებული გახდნენ, ჩაექროთ შუქი დარბაზში და ელდარის რომელიღაც ფილმის ფრაგმენტი გაეშვათ. მერე იყო 9 აპრილი… რომ არა ელდარი, არ ვიცი, რამდენად სწრაფად შეიტყობდა მსოფლიო ჩვენი ტრაგედიის შესახებ. ამას მოჰყვა “სახალხო ფრონტში” ელდარ შენგელაიას აქტიურობა და მისი დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის რადიკალურ ფრთასთან.
რადიკალიზმის ყოველთვის ეშინოდა. ამ თვალსაზრისით ტიპური “პერესტროიკის ლიბერალი” იყო. ვფიქრობ, სიცოცხლის ბოლომდე.
ეჭვი, ყოყმანი ამ ხალხის ცხოვრების წესია. ასეთი არტისტები ყოველთვის ცდილობენ, საღი აზრი შეინარჩუნონ და რაც მთავარია, აჯობონ სიძულვილს. ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოსდით (აბა, როდიონოვები როგორ არ უნდა გძულდეს), მაგრამ შემოქმედებაში კი, ყოველთვის!
ლევან პაატაშვილი მიყვებოდა, როგორ სთხოვდა ელდარი “ცისფერი მთებისთვის” ისეთი რბილი განათებისთვის მიეღწიათ, რომ პერსონაჟები სრულიად განთავისუფლებულიყვნენ კარიკატურულობისგან. “მისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ იდიოტურ სამყაროს ადამიანურობა არ მოკლებოდა, გვეჩვენებინა, რომ ის, რასაც ვხედავთ, ჩვეულებრივი რედაქციაა და ეს ადამიანებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან - არც კარგები და არც ცუდებიო”…ხომ გახსოვთ გურამ პეტრიაშვილის პერსონაჟი “ცისფერ მთებში”? ვის შეეძლო გროტესკი ბუნებრივი გაეხადა ეკრანზე, თუ არა ელდარ შენგელაიას? თანაც, როგორი სიყვარულით! ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ რამდენიმე წელიწადში გურამ პეტრიაშვილი და ელდარი “ბარიკადების სხვადასხვა მხარეს” აღმოჩნდებოდნენ?
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელოვანის თავისუფლება მისი ინტუიციითაც, ისტორიის წინათგრძნობითაც იზომება. კინოში იდეალური მაგალითები გვაქვს ჟან რენუარის (“დიდი ილუზია”), ჩარლი ჩაპლინის (“დიდი დიქტატორი”), ორსონ უელსის (“მოქალაქე კეინი”) სახით… ამ ოჯახის ქართველი წევრი ელდარ შენგელაიაა, ავტორი ფილმისა “ცისფერი მთები”, რომელიც აბსოლუტური და შესაძლებელია, მთელ კინოს ისტორიაში ერთადერთი მაგალითია საბჭოთა კავშირის დანგრევის წინასწარმეტყველებისა. თუმცა ციხის ჩამოშლის ეს სურათი ელდარის შემოქმედებაში გაცილებით ადრე დაიბადა.
საპყრობილე ელდარ შენგელაიას მთელი შემოქმედების მთავარი სახეა. ხან ადათ-წესების მექანიკურ დაცვაში გამოიხატება (“მიქელა”), ხან შემოქმედებით კონფორმიზმში (“არაჩვეულებრივი გამოფენა”), ხანაც საკუთარი კერის ჩაკეტვის სასოწარკვეთილ სურვილში (“სამანიშვილის დედინაცვალი”). “შერეკილების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ეს არის პირველი საბჭოთა ფილმი, რომელშიც დისიდენტების სახეები შეიქმნა – იმ ადამიანებისა, რომელთაც აპატიმრებენ, საგიჟეთში ამწყვდევენ.
ქრისტეფორემ და ერთაოზმა გაარღვიეს ციხის კარები, უსასრულობაში გავიდნენ და ჩვენც, მაყურებელსაც, გადაგვდეს თავისუფლების მოპოვების სიამოვნება, რომელსაც თავის მხრივ ბევრი ტკივილი, წინააღმდეგობა, დამცირება უძღვის ხოლმე წინ. თავისუფლებისა, რომლის მოპოვებას შრომა, ბრძოლა და ზოგჯერ კომპრომისიც სჭირდება.
ამის ეშინოდა სწორედ ცენზურას, რეზო გაბრიაძის თითქოს მსუბუქ, სასაცილო ზღაპარს მაყურებელში თავისუფლების განცდა არ უნდა გაეღვიძებინა. მას ქრისტეფორე და ერთაოზი უნდა შეეფასებინა მხოლოდ და მხოლოდ, როგორც “შერეკილები”… “საყვარელი, მაგრამ დარტყმული ქართველები”. 70-იანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყნიდან გაქცევამ მასობრივი ხასიათი მიიღო, როცა დაიწყო დისიდენტებზე დევნა, როცა ახალი ძალით ამუშავდა საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრია, ზღაპრის ქვეტექსტი ადვილად გაშიფრეს და ფილმის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს. მერე “მესამე კატეგორიით” შეაფასეს, რაც “შერეკილებს” უკეტავდა გზას დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
“შერეკილებში” უკვე მკაფიოდ გამოიხატა ის, რაც უფრო მსუბუქად იყო მინიშნებული ელდარ შენგელაიას პირველ ფილმებში. ელდარი თითქოს განზრახ ირჩევს ცხოვრებისეულ, ნაცნობ სიტუაციებს, რომლებიც სასაცილოა თავისი დრომოჭმულობის, თავისი გაცვეთილობის გამო. ჩვენ გვეცინება ჩვენივე ცხოვრების სიყალბეზე, შემგუებლობაზე, მოძრაობის და სიახლის შიშზე… გვეცინება სამყაროზე, რომელიც გაქვავებულია და დახავსებული, ამიტომ ყალბია და არაადამიანური. ეს არის სწორედ ჭაობი, საიდანაც გარბიან ერთაოზი და ქრისტეფორე - ზღაპრის გმირები, საოცნებო გმირები, რომლებმაც თავისუფლება შეგვაყვარეს.
არც ელდარი და არც რეზო გაბრიაძე არ მალავდნენ, რომ “შერეკილების” იდეები მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდებოდა. ელდარისთვის, შესაძლებელია, ერთაოზი განსაკუთრებით ახლობელი პერსონაჟი იყო. სულ ბავშვი იყო, როცა მამა, ნიკოლოზ შენგელაია, დაეღუპა. მერე დედა, ნატო ვაჩნაძე… მერე - შვილი. თითოეულმა ამ ტრაგედიამ განსხვავებულად იმოქმედა მის შემოქმედებაზე. ამასთან ერთად ბევრჯერ აწყენინეს, ბევრი რამ დააბრალეს, გააბრაზეს, მაგრამ ვერ გააბოროტეს, შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ფიქრი და ეჭვი მისი იარაღი გახდა ფანატიზმთან, პროვინციალიზმთან (ამას განსაკუთრებით დასცინოდა), პირმოთნეობასთან საბრძოლველად.
მგონია, რომ ელდარს ასეთ ხალხთან ურთიერთობა ხშირად უწევდა, თუმცა გულით სულ სხვაგან იყო - ერთაოზთან და ქრისტეფორესთან. ერთ გადაცემაში თავისი საყვარელი ფილმის, “სასწაული მილანშის” შესახებ ვკითხე (“შერეკილებს” ემჩნევა დე სიკას ფილმის გავლენა). აი, რა მიპასუხა:
“ქრისტეს არასდროს არ ჰქონდა ურთიერთობა მდიდრებთან. ქრისტეს ჰქონდა ურთიერთობა ჩვეულებრივ ადამიანებთან, ღატაკებთან, ავადმყოფებთან, მშრომელებთან… თავისთავად სიმდიდრე ისეთი ცდუნებაა, რომელიც ადამიანს ატარებს არაადამიანური გზით… შენ უნდა იკმარო ის, რაც შენთვის საჭიროა. მაგრამ ასეთი ლოგიკით ჩვენ ვერ ვცხოვრობთ, რადგან სიმდიდრე მეტის მოხვეჭის ვნებას ბადებს”.
აგერ 7 აგვისტოს მდიდარი და ძალიან მდიდარი ადამიანებიც დაემშვიდობნენ. მთავრობა, სამღვდელოება… ეჭვი არ მეპარება, რომ მათაც უყვართ ელდარის ფილმები. მათაც უხარიათ ქრისტეფორეს და ერთაოზის გამარჯვება. ელდარის კინო ყველას ეკუთვნის. მაგრამ “ბიაზი სკდება”, ციხეს ჩამოშლა ემუქრება! დაკრძალვაზე გამოფენილ, გაღიმებული ელდარის სურათს რომ ვხედავ, მის ირონიულ მზერას რომ ვაკვირდები, სულ მგონია, რომ “ისევ იფურთხება” და თანაც მაგრად ეცინება ჩაკეტილ და გაქვავებულ სამყოფელზე, რომელსაც ცხოვრებაში ზოგჯერ შეცდომებით, მაგრამ თავის საუკეთესო ფილმებში ყოველთვის წარმატებით ებრძოდა.
ფორუმი