სანაკოევი ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანისა და კომისიის წევრების შეკითხვებს. კითხვები კი, ძირითადად, ეხებოდა სანაკოევის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, იმ დროის განწყობებს ოსურ საზოგადოებაში და ასევე, ომის დღეებში, სანაკოევის ურთიერთობებსა და შეხვედრებს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.
დიმიტრი სანაკოევი 2006 წლიდან - 2022 წლამდე იყო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მანამდე, სხვადასხვა დროს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ეკავა საგანგებო სიტუაციათა მინისტრის და სხვა თანამდებობები.
ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ინიციატივა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა და აცხადებდა, რომ „ეს დროებითი ადმინისტრაციული ერთეული არის გარდამავალი ფორმის ადმინისტრაციული ერთეული, რომლის საბოლოო მიზანი - თუ ყველაფერი სწორად წავა - სრულფასოვანი ავტონომიის ჩამოყალიბება და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაო“.
2007 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო დადგენილება, რომელიც ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დიმიტრი სანაკოევს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა.
კომისიის სხდომაზე მისულმა დიმიტრი სანაკოევმა გაიხსენა, რომ ის ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2006 წლის ოქტომბერში გადმოვიდა, ხოლო 2007 წლის მაისში, დროებითი ადმინისტრაციის მეთაურად დაინიშნა. ადმინისტრაციის ცენტრი იყო სოფელი ქურთა.
თეა წულუკიანმა დიმიტრი სანაკოევს ჰკითხა, რა იყო ამ ადმინისტრაციის მთავარი მიზანი: „საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, ქურთაში ბაზირება, როგორც რაღაც ტიპის დროებითი სტრუქტურის და შემდეგ ცხინვალზე შეტევა თუ რა?“
რაზეც დიმიტრი სანაკოევმა უპასუხა, რომ მან არ იცის, რა იყო საქართველოს მაშინდელი მთავრობის „მთავარი მიზანი“, თუმცა განაცხადა, რომ თავად მას სურდა „იმ მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება, რაც არსებობდა 2003 წლამდე“.
„მე ხომ 2001 წლამდე სამხრეთ ოსეთის მთავრობაშიც ვმუშაობდი და ვიცოდი, როგორ ვითარდებოდა ეს მშვიდობიანი პოლიტიკა, ერგნეთის ბაზრის მაგალითი რომ მოვიყვანოთ თუნდაც... კოკოითის დროს ოპოზიციაში ვიყავი და მაშინაც ვამბობდით, ომი არ გვინდა, ეს გზა ომისკენ მიდის-მეთქი“.
- კოკოითი (ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2001 წლის 18 დეკემბრიდან 2011 წლის 10 დეკემბრამდე. რ.თ) რას გეუბნებოდათ ამაზე?
- სხვანაირი გზა არ არსებობსო. ომის შემთხვევაში რუსები გვაღიარებენო.
თეა წულუკიანის კითხვაზე, რამდენად ხშირად ხვდებოდა დიმიტრი სანაკოევი მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, სანაკოევმა უპასუხა, რომ სააკაშვილს ის სულ 5-6-ჯერ შეხვდა - როგორც საქართველოში (ქურთაში, თბილისში - სახელმწიფო კანცელარიაში), ისე, უცხოეთში, ვიზიტების დროს (ამერიკაში, ხორვატიაში, ბელგიაში - ბრიუსელში).
”ჩვენი ღრმა რწმენით, კონფლიქტის მოგვარების გასაღები სწორედ ევროპაშია” - ეს სიტყვები, 2007 წლის ივნისში, ბრიუსელში, ოსურ ენაზე წარმოთქვა დროებითი ადმინისტრაციის მაშინდელმა მეთაურმა დიმიტრი სანაკოევმა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-9 სხდომაზე.
- თქვენ საქმიანობაში კურირებას ვინ გიწევდათ? ეკითხება სანაკოევს თეა წულუკიანი.
- შსს. შსს-ს მოადგილე ამირან მესხელი.
კომისია დაინტერესდა, თუ გაიხსენებდა დიმიტრი სანაკოევი რაიმე მომენტს 2008 წლამდე, როცა „დაეჭვდა სამშვიდობო განწყობების პერსპექტიულობაში“, რაზეც მან უპასუხა, რომ „სულ ეჭვობდა, რომ ეს პროცესი ცუდი მიმართულებით არ წასულიყო, რადგან „ვითარება ძალიან დაძაბული იყო“.
„მე თავიდანვე ვუთხარი მთავრობას, სანამ რუსეთთან არ დაალაგებთ სიტუაციას, არაფერი გამოვა-მეთქი“.
- დაძაბულობას ვინ იწვევდა? - ჰკითხა წულუკიანმა სანაკოევს.
- იქეთა მხარე, მაგრამ აქაც არ იყო მარტივი.
- ანუ იქედან მოდის აგრესია და აქედან არის საკადრისი პასუხი, ამას გულისხმობთ?
- ასე არ იყო? ასე იყო.
- და თქვენ ხართ შუაში. არც ერთ მხარეს ეთანხმებით და არც მეორეს? ეუბნებოდით ვინმეს რამეს ამაზე?
- ამირან მესხელს ვეუბნებოდი, თქვენ მაინც ნუ გაისვრით საპასუხოდ ერთი დღე ან კამერები დავაყენოთ, რომ ვაჩვენოთ, გაჩერებულები რომ ვართ-მეთქი.
კითხვაზე, ზუსტად როდის იცოდა, რომ აგვისტოში ომი დაიწყებოდა, დიმიტრი სანაკოევს მკაფიო პასუხი არ გაუცია, მან თქვა, რომ დაძაბულობა ისეთ ხილული იყო, რომ ვითარების გაუარესებას ყველა ელოდა, თუმცა ივლისში „ეს უკვე ნათელი გახდა“.
- იმ პერიოდში თუ გქონდათ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა?
- კი მქონდა. 7 აგვისტოს დილის ხუთ საათზე დამიბარეს სააკაშვილთან. მან მითხრა, მე განცხადების გაკეთებას ვაპირებ სიტუაცია რომ დავამშვიდოთ და თქვენც უნდა გააკეთოთ მიმართვა ოსეთის მიმართ, რომ დღეს თუ კიდევ რამე დარღვევა მოხდება, უნდა შევიდეთ მაშინო (ცხინვალში).
- თქვენ რა უპასუხეთ?
- რუსები ზუსტად ამას ელოდებიან-მეთქი.
- რა გიპასუხათ?
- ყველაფერი შეთანხმებულია უკვე, ნუ გეშინია, ნუ ნერვიულობო.
- ვისთანო?
- არ ვიცი, ვერ ვიკითხე ეგ. ალბათ, მთავრობაში. მერე მე წავედი სახლში და 12 საათი იყო უკვე, როცა ომი დაიწყო. დილის ექვსზე უკვე გორში ვიყავი.
შემდეგ დიმიტრი სანაკოევმა გაიხსენა გორში შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან, რომელსაც დროებით ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა, რომ ხალხი გამოსულიყო ცხინვალიდან, რაზეც მიიღო თანხმობა და პასუხი, „იქნებ ხალხი, ერგნეთის გავლით აქეთ გადმოვიდესო“.
„ 3-დან 6 საათამდე სროლა მართლაც გაჩერდა. მაშინ არც დენი იყო, არც წყალი, ხალხი „პადვლებში“ იყო დამალული და არ ვიცი ყველამ გაიგო თუ არა ეს ჩემი განცხადება. მაგრამ მათი ნაწილი რუსეთისკენ წავიდა. ნაწილი აქეთ გადმოვიდა“.
- სად ნახეთ ვანო მერაბიშვილი? - დაინტერესდა თეა წულუკიანი.
- სადღაც სამხედრო ნაწილის შტაბი იყო და იქ. მის გარდა იყო თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და გენერლები და სხვები.
დავით კეზერაშვილზე საუბრისას დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ „მისი შთაბეჭდილებით, გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, ნერვიულობდნენ“.
კითხვაზე, იცნობდა თუ არა დიმიტრი სანაკოევი ირაკლი ოქრუაშვილს, მან უპასუხა, რომ „მხოლოდ ტელევიზორიდან“ და რომ მას არასოდეს შეხვედრია პირისპირ.
- როცა მან ერთხელ თქვა, 2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო, ცხინვალში ეს როგორ აღიქვეს?
- ძალიან ცუდად. მაგის გამო და მანამდეც იქ ოქრუაშვილს პატივს არ სცემდნენ.
- მე წარმომედგინა, რომ თქვენი ადმინისტრაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მაინც ხვდებოდით სააკაშვილს. თქვენ კი ამბობთ სულ ხუთი-ექვსჯერ თუ შევხვდიო. ეს საკმარია, რომ ოსებთან ნდობა დაგემყარებინათ და მშვიდობა გეშენებინათ?
- არ ვიცი... ყოველდღე შეხვედრის მიზეზიც რა უნდა ყოფილიყო? მაგრამ ალბათ, საკმარისი მაინც არ იყო. თუმცა, ჩვენც ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით იმ სიტუაციას, რაც იქ ხდებოდა.
- კამპანია „კოკოითი ფანდარასტზე “რას ფიქრობდა ოსური საზოგადოება?
- ცხინვალში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგაზე მე სააკაშვილთან არ მისაუბრია, მაგრამ როცა ეს კამპანია დაიწყო, ვთქვი, რა საჭიროა-მეთქი, ამას იქ ვერავინ გაიგებს-მეთქი.
- რას ნიშნავს ეგ სიტყვა, „ფანდარასტ“?
- „კეთილი მგზავრობა“
- მაგრამ რეალურად, ეგ სიტყვა მაგ მნიშვნელობით არ იყო გამოყენებული. შეურაცხმყოფელი იყო.
- აზრი არ ჰქონდა. ვიმღერეთ და რა?
"კოკოითი ფანდარასტ" - საზოგადოებრივი მოძრაობა 2007-2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდან ითარგმნება როგორც „მშვიდობით“, „გზა დამილოცია“, „წადი მშვიდობით“).
კომისია ასევე დაინტერესდა, იცოდა თუ არა ქართული დიმიტრი სანაკოევმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლამდე - მან უპასუხა, რომ მხოლოდ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა იცოდა და რომ წერა-კითხვის სწავლა აქ დაიწყო.
გამოკითხვის ბოლოს დიმიტრი სანაკოევს შესთავაზეს ოსურ ენაზე მიემართა ოსებისათვის.
მანამდე მან ქართულადაც მიმართა ოსებს და თქვა, რომ „მათ უნდა გაიგონ, რომ მათი სამშობლო საქართველოა“ და ცხოვრების ის ფორმა, რაც აირჩიეს, რუსეთზე დამოკიდებულება, უტოპიაა“.
- შეიძლება თქვან, რომ მოღალატე ვარ, მაგრამ ესაა სიმართლე.
2022 წლის ოქტომბერში დიმიტრი სანაკოევმა თანამდებობას დატოვა და თქვა, რომ „ბიზნესში სურდა კარიერის გაგრძელება“.
სანაკოევი ამ თანამდებობაზე თამაზ ბესტაევმა შეცვალა,რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წელს ხელმძღვანელობდა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას (და რომელიც, ახლა მოქმედი საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზეც იყო დაბარებული) ვკითხეთ, რას მოელის ამ კომისიის მუშაობისგან. რა კითხვებზე უპასუხებს ის, რაზეც აქამდე პასუხები არ არსებობდა.
პაატა დავითაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ 2008 წელს შექმნილი კომისია არ ყოფილა საგამოძიებო, მისი ფორმატი იყო შეზღუდული და ევალებოდა მხოლოდ დაედგინა როგორ, რა ძალის გამოყენებით განხორციელდა რუსეთის მხრიდან აგრესია, რაც გააკეთა კიდეც და რასაც მოჰყვა ჰააგის პროკურატურის მიერ სანქციების გაცემა ოსურ მხარეზე.
„მაშინ მათ ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჩაუდენიათ დანაშაული. ამით ეს თემა დაიხურა. სხვათა შორის, ეს თეა წულუკიანის კითხვებიც პასუხადაც ვთქვი. ასე რომ, საქართველოს დადანაშაულება ამაში არის შეუძლებელი. რაც შეეხება ამ კომისიას, ის მთელ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მოღვაწეობაზე მუშაობს და მე არ ვიცი, კონკრეტულად რას ეძებენ ისინი. აგვისტოს ომთან დაკავშირებით, შესაძლოა დააყენონ საკითხი ასე - მაშინდელი მთავრობის მოქმედება იყო თუ არა ადეკვატური, მაგრამ გამოძიება საით წავა, ეგ დასკვნაში გამოჩნდება“.
2008 წელს შექმნილი კომისიის სრული სახელწოდება იყო ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია”, რომელმაც სამთვიანი მუშაობის მანძილზე 22 თანამდებობის პირს მოუსმინა და დასკვნაც სწორედ მათი ნაამბობის მიხედვით დაწერა. მაშინ კომისიამ მუშაობა დაუწუნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას.
- „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა.
- კომისია იკვლევს საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს; ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს; კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას; 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“. კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს.
- მასში რვა წევრია:„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია; ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლები.
- 27 მარტს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფართოვდებოდა კომისიის მანდატი და აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით.
"ქართული ოცნების" ლიდერები და თავად ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური ველიდან უპირებდნენ გაქრობას "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას", რომელშიც ისინი ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას გულისხმობენ.
კომისიის შექმნის შემდეგ, გამოკითხვაზე დაბარებული პოლიტიკოსების ნაწილი კომისიის სხდომაზე არ მისულა. გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, პატიმრობა შეეფარდა.
ამავე მიზეზით დააპატიმრეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას(50 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს(20 000 ლარი),ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს(50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ეწურება, ნიკა გვარამიას - 7 ივნისს. გირაოს თანხა გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, გივი თარგამაძემ და გიორგი ვაშაძემ.
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას" უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელებს.დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურებოდა.
ხოლო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, კომისიის საქმიანობაზე, მიმდინარე კვირაში სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.
ფორუმი